შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-146დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 146-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ხ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 17 ივნისის განაჩენით ხ. დ-ვს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 661-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 79-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 11 წლით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 8 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1994წ. 10 მაისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 1 აპრილის დადგენილებით არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ხ. დ-ის განცხადება მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ ხ. დ-ვი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 3 წელზე მეტი.

კერძო საკასაციო საჩივრით ხ. დ-ვი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმი არ დაურღვევია. დუდაევი ამ გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მა მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ხ. დ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება. ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ პალატამ სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის განხილვამდე, სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ხ. დ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. იგი თვლის, რომ 1960წ. სსკ-ის 661-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულს მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის სანქცია შემსუბუქებულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე. ადვოკატს მიაჩნია, რომ, განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის გამო, მსჯავრდებულს სასჯელი უმცირდება 2 წლით და მას მოსახდელად რჩება 1 წელზე ნაკლები.

პროკურორმა ო. რ-ამ ადვოკატის მოთხოვნას განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ მხარი დაუჭირა. მან ხ. დ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება ამ ეტაპზე მიიჩნია მიზანშეუწონლად იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში კი მითითებულია, რომ თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე იხდის მას, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996წ. 17 ივნისის განაჩენით ხ. დ-ვს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 661-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მისი შესაბამისი, 410-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელი შემსუბუქებულია და იგი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე. პალატა თვლის, რომ, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით შემსუბუქებულია სასჯელი იმ დანაშაულისათვის, რისთვისაც მსჯავრდებულია ხ. დ-ვი, განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის გამო, მას სსკ-ის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1960წ. სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ხ. დ-ვი სასჯელს იხდის 1994წ. 10 მაისიდან. მას სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოხდილი აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს ახასიათებს დადებითად; აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში იგი რეჟიმის დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა და არ დასჯილა. განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის გამო, ხ. დ-ვს ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 10 თვეზე ნაკლები. პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და თვლის, რომ ხ. დ-ვი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე უნდა გათავისუფლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 72-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 აპრილის დადგენილება გაუქმდეს.

ხ. დ-ვი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.