საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 197-აპ 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენით ნ. ნაღებაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით 5 წლით გამოსაცდელი ვადით. ნ.ნ-ლს აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა 2 წლის ვადით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენი ნ. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ნ. ნ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 აპრილის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ნ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 3 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ნ.ნაღებაშვილს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ნასვამი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას _ ავტომობილს, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ე.ი. შეგნებულად მიტოვება დახმარების აღმოუჩენლად პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად და მიმტოვებელს ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა და შესაძლებლობა ჰქონდა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1998 წლის 10 ოქტომბერს ნ. ნ-ლი ნასვამი მართავდა მის კუთვნილ ავტომობილ “ვაზ-24-ს” და 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა თბილისში, ---ს ქუჩაზე, გაგარინის მოედნის მხრიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. ¹30 საცხოვრებელ სახლთან მისი სამოძრაო გზის გადმოკვეთა სირბილით, მარჯვნიდან მარცხნივ, დაიწყო ქვეითად მოსიარულე ნ. ხ-მა, რომელმაც მისი მხედველობის არეში გაირბინა 6-7 მეტრი. ამ დროს მძღოლმა დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც: “მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსურობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით, სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად, მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე”. უგულებელყო რა აღნიშნული კანონის მოთხოვნები, საფრთხის წარმოქმნისას არ შეამცირა ავტომობილის საჩქარე მისი სრული გაჩერების მიზნით, არ მიიღო საჭირო ზომები შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ავტომობილი წინა მარცხენა ნაწილით დაეჯახა ნ. ხ-ლს. ნაცვლად იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინა დაშავებულისათვის, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიატოვა იგი განსაცდელში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მით უმეტეს, რომ მას ევალებოდა და შესაძლებლობა ჰქონდა დაზარალებულისათვის აღმოეჩინა დახმარება. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ხ-ლი გარდაიცვალა.
მსჯავრდებული ნ.ნ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდებას იმ მოტივებით, რომ შემთხვევის დღიდან გასულია 5 წელი და 6 თვე; ინანიებს და განიცდის მომხდარს; შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა _ მეუღლე არ ჰყავს და არის ერთადერთი სტუდენტი ვაჟის მარჩენალი; არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, დაავადებული აქვს გული და აწუხებს ჰიპერტონია; არის 65 წლის; მასზე დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.კ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ც.კ-ია არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ნ.ნ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ ნ.ნ-მა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ე.ი. შეგნებულად მიტოვება დახმარების აღმოუჩენლად პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად და მიმტოვებელს ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა და შესაძლებლობა ჰქონდა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ნ.ნ-ლს დაზარალებული არ მიუტოვებია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.ნ-ლი ავტომანქანის წინა, მარცხენა ნაწილით დაეჯახა რა ქვეითად მოსიარულე ნ. ხ-ლს, ნაცვლად იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინა დაშავებულისათვის, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიატოვა იგი განსაცდელში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2004 წლის 19 თებერვლის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ნ. ნ-ის მიმართ გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული პირობითი სასჯელი საკმარისი არ იყო მისი გამოსწორებისა და იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც, როგორც წესი, სასჯელის ზომად ინიშნება თავისუფლების აღკვეთა, და სასამართლოს ნ.ნ-ის მიმართ უნდა დაენიშნა რეალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ნ.ნ-სთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ნასამართლევი არ არის; ხასიათდება დადებითად; არის II ჯგუფის ინვალიდი, 65 წლის ასაკოვანი მამაკაცი; დანაშაულის ჩადენიდან გასულია 5 წელზე მეტი; მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
პალატას მიაჩნია, რომ ნ.ნ-სთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა არ არის აშკარად მკაცრი ან აშკარად ლმობიერი და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 აპრილის განაჩენი ნ.ნაღებაშვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 აპრილის განაჩენი ნ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.