საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.09.2004
საქმის ნომერი
2კ-89კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 89-კოლ 16 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ის ადვოკატ დ. ხ-სა და მსჯავრდებულ შ. გ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 19 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ზ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

შ. გ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

იმავე განაჩენით პირობითი სასჯელით მსჯავრდებულია რ. მ-ვი, რომელიც განაჩენს არ ასაჩივრებს.

ზ. ც-სა და შ. გ-ას მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში:

სააქციო საზოგადოებებს _ “---ს" და “---ს" საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კაზინოებთან _ “აჭარა", “ფლამინგო", “არაგვი", “ვიქტორია", “ევროპა" _ ასევე სხვა სამეურნეო სუბიექტებთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულებები “მასტერკარდის" საკრედიტო ბარათებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც, საბარათო გარიგებები (ტრანზაქციები) ხორციელდებოდა აღნიშნულ ობიექტებში დამონტაჟებული “პოსტტერმინალების" (ელექტრონული მოწყობილობის) მეშვეობით, ხოლო იურიდიულ პირებს შესაბამის თანხებს უნაზღაურებდნენ სს “---" და სს “---" “მასტერკარდის" ეგიდით გადმორიცხული სახსრების მეშვეობით.

2002წ. შემოდგომაზე, დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში, ზ. ც-ემ და სხვა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განიზრახეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაეხსნათ საბარათო ანგარიშები, მიეღოთ “---ის" სისტემის საკრედიტო ბარათები, არამართლზომიერად შეეღწიათ კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციაში, უკანონოდ მოეპოვებინათ და გამოეყენებინათ საბანკო საიდუმლოების შემცველი ცნობები და კომპიუტერული მანიპულირების ე.წ. ჰაკერული ოპერაციების განხორციელების გზით მოეხდინათ საკრედიტო ბარათებზე უცხოეთის საბანკო ანგარიშებიდან თანხების დაკრედიტება და მითვისება, ასევე _ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება და მათი არასაბანკო ობიექტებში გამოყენებით ამ ბარათების კანონიერ მფლობელთა კუთვნილი თანხების მითვისება.

დანაშაულებრივი განზრახვის აღსასრულებლად ზ. ც-ემ ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, 2002წ. 7 ნოემბრის ¹-- ხელშეკრულების საფუძველზე, სს “---ში" მიიღო “მასტერკარდის" სისტემის ¹-- საკრედიტო ბარათი. იმავე დღეს ზ. ც-ემ სს “---ში" მიიღო “მასტერკარდის" სისტემის ორი საკრედიტო ბარათი ¹-- და ¹--, ხოლო დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა შ. გ-ამ სხვა პირის სახელზე დამზადებული ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით 2002წ. 9 დეკემბერს იმავე დაწესებულებაში მიიღო “მასტერკარდის" სისტემის საკრედიტო ბარათები შემდეგი ნომრებით: ¹-- და ¹--.

პარალელურად, ზ. ც-ემ და სხვა პირებმა გადაწყვიტეს შეეძინათ კომპიუტერული ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა ინტერნეტში მუშაობა, კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციაში არამართლზომიერი შეღწევა, საბანკო საიდუმლოების შემცველი ცნობების შეგროვება-გამოყენება და ე.წ. ჰაკერული ოპერაციების განხორციელება. ამ მიზნით, ზ. ც-ის მეგობრის _ ო. ა-ის მეშვეობით გაიცნეს გაზეთ “---ში" დამკაბადონებლად მომუშავე მოქალაქე ა. ძ-რი, რომელიც კარგად ერკვეოდა კომპიუტერულ ტექნიკაში და ხელეწიფებოდა კომპიუტერული ქსელის მოწყობა, დამონტაჟება და ექსპლუატაცია.

ზ. ც-სა და სხვა პირების თხოვნითა და მათივე ფულით ა. ძ-მა 2002წ. 6 ნოემბერს შპს “---ში" და შპს “---ში" შეიძინა ორი ერთეული კომპიუტერი სრული კომპლექტით, რაშიც გადაიხადა, შესაბამისად, 844,78 და 2350 ლარი. მითითებული მოწყობილობა დამონტაჟდა ქ. თბილისში, --- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა მოქალაქე პ. ე-ეს და რომელშიც ქირავნობის უფლებით ცხოვრობდა სხვა პირი. ამ სახის მომსახურების სანაცვლოდ ა. ძ-რს შეჰპირდნენ 100 აშშ დოლარს.

ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ ა. ძ-რს შესთავაზეს, რომ იგი დახმარებოდა ინტერნეტის მეშვეობით უცხოეთის საბანკო დაწესებულებებიდან თანხების საქართველოში დაკრედიტებაში და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაში, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, ზ. ც-ემ და სხვა პირებმა დაუდგენელი პირების ხელშეწყობით მოახერხეს კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციაში შეღწევა და ქსელში ასახული უცხოეთის რიგი დაწესებულების საბანკო საიდუმლოებების შემცველი მონაცემების მოპოვება, რის შემდეგაც ამ ინფორმაციის გამოყენებით, არაერთგზის, 2002წ. 25 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში, სს “---ში" ზ. ც-ის კუთვნილი მასტერკადრის სისტემის საკრედიტო ბარათზე ¹-- ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ობიექტიდან ინტერნეტის მეშვეობით დააკრედიტეს (არასაბანკო ჩამორიცხვებით) 98.728.40 აშშ დოლარი. მითითებული თანხიდან 2000 აშშ დოლარი ზ. ც-ემ 2002წ. 26 ნოემბერს (ჩამორიცხვიდან მეორე დღესვე) გაიტანა სს “---ის" ორ ბანკომატში. დანარჩენი თანხის განაღდება ზ. ც-ემ და სხვა პირებმა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს, ვინაიდან სს “---ის" ადმინისტრაციამ უარი განუცხადა თანხების განაღდებაზე და დაუბლოკა საკრედიტო ბარათი იმ მოტივით, რომ კრედიტების ოპერაციები ნაწარმოები იყო ყალბი ტრანზაქციების შედეგად.

იმის გამო, რომ საბანკო დაწესებულებებიდან ვერ ხერხდებოდა ყალბი ტრანზაქციების შედეგად საბანკო საკრედიტო ბარათებზე დაკრედიტებული თანხების განაღდება, ზ. ც-ემ და ჯგუფის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ დანაშაულებრივი მოქმედების ფორმა და დაემზადებინათ “მასტერკარდის" სისტემის ყალბი საკრედიტო ბარათები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებდნენ ისეთ არასაბანკო დაწესებულებაში, როგორიცაა სამორინე, სუპერმარკეტი და სხვა სავაჭრო ობიექტები.

დანაშაულებრივი განზრახვის აღსასრულებლად ჯგუფის სხვა წევრმა არალეგალურად შეიძინა და საქართველოში შემოიტანა სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო “მასტერკარდის" სისტემის საკრედიტო ბარათების მაგნიტური ველის ჩანაწერის შეცვლა-გაყალბება.

ზ. ც-ე და ჯგუფის სხვა წევრები, დამონტაჟებული კომპიუტერული ტექნიკისა და საკრედიტო ბარათების დამამზადებელი მოწყობილობების მეშვეობით, სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს, მათ შორის _ კომპიუტერულ ქსელში უკანონოდ შეღწევის გზით აგროვებდნენ საბანკო საიდუმლოებების შემცველ ინფორმაციებს და მათი გამოყენებით მაგნიტური ველის ჩანაწერს უცვლიდნენ ზ. ც-ისა და შ. გ-ას სახელზე სს “---იდან" და სს “---იდან" გაცემულ საკრედიტო ბარათებს _ მაგნიტურ ველზე შეჰყავდათ უხოეთის იმ მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების ნომრები, რომლებზეც შესაბამის საბანკო დაწესებულებებში ირიცხებოდა გარკვეული ოდენობის თანხა, გაყალბებულ საკრედიტო ბარათებს კი ზ. ც-ძე, შ. გ-უა და სხვა პირები, როგორც ჯგუფურად, ისე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იყენებდნენ სხვადასხვა ობიექტებში, რის შედეგადაც ეუფლებოდნენ და ინაწილებდნენ ამ ბარათების კანონიერ მფლობელთა კუთვნილ დიდი ოდენობის სახსრებს; ამასთან, შ. გ-ა, მისი ვინაობის დამალვისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ზემოხსენებულ დაწესებულებებში სისტემატურად იყენებდა მის მიერვე დამზადებულ ყალბ პირადობის მოწმობას, რომელიც შევსებული იყო მოქალაქე მ. ს-ის სახელზე და რომელშიც ჩაკრული იყო მისი ფოტოსურათი, კერძოდ:

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ ხელში არსებული საკრედიტო ბარათების მაგნიტური ველის გაყალბების გზით, დაამზადეს მოქალაქე ალის-ლი ეფლების კუთვნილი “მასტერკარდის" ¹-- საკრედიტო ბარათი, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების ბანკ “---"-ში ირიცხებოდა გარკვეული ოდენობის თანხა. ზემოთ ხსენებულმა პირებმა შ. გ-ასთან ერთად აღნიშნული ყალბი საკრედიტო ბარათით 2002წ. 11 დეკემბერს სამორინე “ფლამინგოში" 5.01.41 და 8.12.50 საათებში, თითქოს წარმოადგენდნენ ამ ბარათის კანონიერ მფლობელს, განახორციელეს ორი ტრანზაქცია (საბარათო გარიგება) 203.89 და 202.95 აშშ დოლარზე, რის შედეგადაც ამავე ობიექტის სალაროში მიიღეს და მიითვისეს შესაბამისი თანხის _ 406.84 აშშ დოლარის ჩიპი, რითაც ამ ბარათის კანონიერ მფლობელს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ, შ. გ-ამ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ზემოხსენებული ყალბი საკრედიტო ბარათით სამორინე “ევროპაში" 2002წ. 13 დეკემბერს, 00.18.06 საათზე, განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 200 აშშ დოლარზე, თუმცა ბარათზე თანხის უკმარისობის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-სთან ერთად, 2002წ. 15 დეკემბერს სამორინე “ფლამინგოში" 01.23.58 საათზე განახორციელეს ორი ტრანზაქციის მცდელობა 203.89 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა მაგნიტური ველის გაყალბების გზით დაამზადეს მოქალაქე ჯოან ლ. ლოკოფის კუთვნილი “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათი, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების “---"-ში ირიცხებოდა გარკვეული ოდენობის თანხა. ზ. ც-ემ, შ. გ-ამ და სხვა პირებმა აღნიშნული ყალბი საკრედიტო ბარათით 2002წ. 22 დეკემბერს სამორინე “ფლამინგოში" ჯგუფურად განახორციელეს ოთხი ტრანზაქცია _ თითოეული 204.37 აშშ დოლარზე, რის შემდეგაც ამავე ობიექტის სალაროში მიიღეს და მიითვისეს 817.48 აშშ დოლარის ჩიპი. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი შ. გ-ამ მოაწერა.

ზ. ც-ემ, შ. გ-ამ და სხვა პირებმა ზემოხსენებული ყალბი საკრედიტო ბარათით 2002წ. 23 დეკემბერს სს "სუპერინვესტ 2-ში" განახორციელეს ტრანზაქცია 501.4 აშშ დოლარზე და შეიძინეს შესაბამისი ღირებულების საქონელი. საქონლის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი შ. გ-ამ მოაწერა.

შ. გ-ამ, ზ. ც-სა და სხვა პირებთან ერთად, “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით 2002წ. 28 დეკემბერს სამორინე “ევროპაში" ჯგუფურად განახორციელა ტრანზაქცია, რომლის შედეგად მიიღო 300 აშშ დოლარის ჩიპი. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი შ. გ-ამ მოაწერა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-სთან ერთად, 2002წ. 29 დეკემბერს სამორინე “ევროპაში" 01.12.40 და 03.50.53 საათებში ჯგუფურად განახორციელა ორი ტრანზაქცია _ თითოეული 300 აშშ დოლარზე, რის შედეგადაც ამავე ობიექტის სალაროდან მიიღო და მიითვისა 600 აშშ დოლარის ჩიპი. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი შ. გ-ამ მოაწერა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებულიY¹--ყალბი საკრედიტო ბარათით სამორინე “ფლამინგოში", შ. გ-სთან ერთად, 2003წ. 2 იანვარს 11.42.54 საათზე განახორციელა ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 306.55 დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალის პასუხის _ “ჩამოართვით ბარათი, ბარათი დაკარგულია"-ს გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მაგნიტური ველის გაყალბების გზით დაამზადა მოქალაქეების _ პატრიკ დრონენის, მაიკლ ჯ. და ქეროლ ა. გამროტების კუთვნილი მასტერკარდის ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათები, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების “---" ბანკში ირიცხებოდა გარკვეული ოდენობის თანხა. ამ ყალბი საკრედიტო ბარათებით სამორინე “ევროპაში" განახორციელეს ტრანზაქცია, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის სალაროებში შეიძინეს და მიითვისეს 1400 ამერიკული დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ და შ. გ-ამ მოაწერეს.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, დაამზადა “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათი, რომლის საშუალებითაც, 2003წ. 8 იანვარს, შ. გ-სთან ერთად სამორინე “ფლამინგოში" განახორციელეს სამი ტრანზაქცია 408,74 აშშ დოლარზე, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტების სალაროებში მიიღეს და მიითვისეს ზემოხსენებული თანხის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹--ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 8 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 306.55 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-სთან ერთად, მაღაზია “პ" და “ნ"-ში (სონი) 2003წ. 8 იანვარს, 17.32.25 და 17.34.40 საათებში, განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის ორი მცდელობა _ თითოეული 190.18 აშშ დოლარზე, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ზ. ც-სა და შ. გ-ას დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მათ ობიექტის სალაროდან გადაეცათ 190.18 აშშ დოლარი და ამავე ღირებულების “სონის" სისტემის მაგნიტოფონი. ამასთან, შ. გ-ამ, ვინაობის დამალვისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის ადმინიტრაციას წარუდგინა მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის მოწმობა, რომელიც შევსებული იყო მ. ს-ის სახელზე და მასში ჩაკრული იყო მისი ფოტოსურათი.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 9 იანვარს განახორციელეს ოთხი ტრანზაქცია საერთო თანხით _ 1124.02 აშშ დოლარზე, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის სალაროში მიიღეს და მიითვისეს ხსენებული თანხის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-მ მოაწერა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹--, ¹--, ¹--ყალბი საკრედიტო ბარათებით და მოქალაქე ს. გოდეს გაყალბებული საკრედიტო ბარათით, შ. გ-სთან ერთად, 2003წ. 10 იანვარს სამორინეებში “ევროპა" და “ფლამინგო" განახორციელეს რვა ტრანზაქცია, რის შემდეგაც სამორინე “ევროპას" სალაროში მიიღეს და მიითვისეს 500 აშშ დოლარის, ხოლო სამორინე “ფლამინგოს" სალაროში _ 1825.94 აშშ დოლარის ჩიპი. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-მ მოაწერა.

ზ. ც-მ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათებით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ევროპაში" 2003წ. 10 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის სამი მცდელობა საერთო თანხით _ 800 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება ვერ შედგა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 10 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 306.55 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 10 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 502.28 აშშ დოლარზე. ბარათის თანხის უკმარისობის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ევროპაში" 2003წ. 11 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 300 აშშ დოლარზე, თუმცა თანხის უკმარისობის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათებით, შ. გ-ასთან ერთად, 2003წ. 11 იანვარს სამორინე “ევროპაში" განახორციელა სამი ტრანზაქცია, რის შემდეგაც ხსენებული ობიექტების სალაროებში შეიძინა და მიითვისა 600 აშშ დოლარის ჩიპი და 73.97 აშშ დოლარის პროდუქტები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ და შ. გ-ამ მოაწერეს.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-სთან ერთად, 2003წ. 14 იანვარს სამორინე “ევროპაში" განახორციელა ცამეტი ტრანზაქცია, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის სალაროში მიიღო და მიითვისა 4800 აშშ დოლარის ჩიპი. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათებით, შ. გ-სთან ერთად, 2003წ. 18 იანვარს სამორინე “ფლამინგოში" განახორციელა ოთხი ტრანზაქცია 1009.17 აშშ დოლარზე, რის შემდეგაც შეიძინა ხსენებული ღირებულების ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი შ. გ-მ და ზ. ც-ემ მოაწერეს.

ზ. ც-ემ, შ. გ-სა და სხვა პირებთან ერთად, ამავე ყალბი საკრედიტო ბარათებით 2003წ. 20 იანვარს ზემოთ მითითებულ დაწესებულებაში განახორციელა სამი ტრანზაქცია, რის შემდეგაც შეიძინა 807.34 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი შ. გ-ამ და ზ. ც-ემ მოაწერეს.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მაგნიტური ველის გაყალბების გზით, დაამზადა რა ლეიშა ჰარდის კუთვნილი “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათი და მათ მიერვე ადრე დამზადებული ყალბი ¹-- და ¹-- საკრედიტო ბარათებით, შ. გ-სთან ერთად, 2003წ. 24 იანვარს სამორინე “ფლამინგოში" განახორციელა ტრანზაქცია, რის შემდეგაც შეიძინა 908.26 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ და შ. გ-ამ მოაწერეს.

ზ. ც-მ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული ყალბი საკრედიტო ბარათებით, შ. გ-ასთან ერთად, 2003წ. 24 იანვარს სამორინეში “თბილისი, ტურიზმი, გართობა" განახორციელა 4 ტრანზაქცია, რის შემდეგაც შეიძინა 1500 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით და ჯონ ჰუსინკერის კუთვნილი ¹-- გაყალბებული საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, 2003წ. 25 იანვარს სამორინე “ფლამინგოში" განახორციელა ცამეტი ტრანზაქცია, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის სალაროში მიიღო და მიითვისა 9770.63 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათებით შ. გ-ასთან ერთად სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 25 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის ორი მცდელობა, თითოეული 1009,17 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხისა და თანხის უკმარისობის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული ¹-- და ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათებით შ. გ-ასთან ერთად, 2003წ. 26 იანვარს სამორინე “ფლამინგოში" განახორციელა სამი ტრანზაქცია, რის შემდეგაც მიიღო 1009,17 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ, სხვა პირებთან ერთად, მათ მიერვე დამზადებული “მასტერკარდის" ¹-- ყალბი ბარათებით და მოქალაქე რიჩარდო ლ. სანოსის კუთვნილი ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, 2003წ. 27 იანვარს შპს სამორინე “---ში" განახორციელა ოთხი ტრანზაქცია, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის სალაროში მიიღო და მიითვისა 2018,35 აშშ დოლარის ჩიპები. თანხის მიღების დამადასტურებელ სავაჭრო ქვითრებს ხელი ზ. ც-ემ მოაწერა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 27 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის ორი მცდელობა _ თითოეული 504,59 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, სამორინე “ფლამინგოში" 2003წ. 27 იანვარს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის ორი მცდელობა, შესაბამისად, 1009.17 და 504.59 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

ზ. ც-ემ და სხვა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერვე დამზადებული ¹-- ყალბი საკრედიტო ბარათით, შ. გ-ასთან ერთად, მაღაზია “ისი პარში" 2003წ. 29 მარტს განახორციელეს ყალბი ტრანზაქციის მცდელობა 38,53 აშშ დოლარზე, თუმცა პოსტტერმინალიდან უარყოფითი პასუხის გამო გარიგება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა.

სულ ზ. ც-ემ და სხვა პირებმა ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენებითა და კომპიუტერული მაქინაციების გზით მიითვისეს 131.609.45 აშშ დოლარი და 8898,5 ლარი, ასევე შეეცადნენ მიეთვისებინათ 8697.42 აშშ დოლარი. მათ შორის შ. გ-ასთან ერთად მიითვისეს 32881 აშშ დოლარი და 8895,5 ლარი. შეეცადნენ მიეთვისებინათ 8697,42 დოლარი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიიჩნევენ, რომ საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი არ არის ზ. ც-სა და შ. გ-ას მიერ იმ დანაშაულთა ჩადენა, რაც მათ გასაჩივრებული განაჩენით შეერაცხათ. ამასთან, რიგი მტკიცებულებანი, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, გამოძიებამ მოიპოვა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რის გამოც ისინი საქმის განმხილველ სასამართლო კოლეგიას დაუშვებლად უნდა ეცნო. გარდა ამისა, ზოგიერთი მტკიცებულება განაჩენში არასწორად არის შეფასებული, ხოლო რიგი მტკიცებულებანი სრულყოფილად არ გამოკვლეულა. ყოველივე აღნიშნულის გამო საჩივრები მიიჩნევენ, რომ ზ. ც-ისა და შ. გ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მათY მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ დ. ხ-ემ და ბ. ქ-ემ დააყენეს ალტერნატიული მოთხოვნა _ საქმის შეწყვეტა ან მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულებმა _ ზ. ც-ემ და შ. გ-ამ ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, რის შემდეგაც ადვოკატებმა დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს მსჯავრდებულთა მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორმა კ. ცაცუამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო მოთხოვნებს, განაჩენი მიიჩნია კანონიერად, სამართლიანად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მხარეთა შუამდგომლობების კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კანონიერად დაუდო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ზ. ც-სა და შ. გ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელები შეესაბამება მათი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და სრულიადაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსამართლოდ. მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის და ამის გამო პალატა ვერ მსჯელობს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის თაობაზე.

პალატა არ იზიარებს ადვოკატ დ. ხ-სა და მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად კანონის დარღვევით მოპოვებული ზოგიერთი მტკიცებულება გამოიყენა. ადვოკატთა შუამდგომლობით მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების თაობაზე რამდენჯერმე იმსჯელა სასამართლო კოლეგიამ და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილებები. საკასაციო საჩივრების მიერ სადავოდ გახდილი არც ერთი მტკიცებულება გამოძიების პროცესში მოპოვებული არ არის კანონით განსაზღვრული წესის რაიმე ისეთი დარღვევით, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ობიექტურ გამოკვლევასა და ბრალდებულთა კანონიერი უფლებების არსებით დარღვევაზე. ზემოაღნიშნულზე ნათლად მიუთითებს ის გარემოება, რომ საქმის საკასაციო განხილვის დროს პალატის სხდომაზე ზ. ც-ემ და შ. გ-ამ შერაცხულ ბრალდებებში ძირითადად თავი დამნაშავედ ცნეს და მათი პიროვნული მონაცემების (წარსული ყოფაქცევა, განათლების დონე, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა) გათვალისწინებით, ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ მაქსიმალურად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და როგორც ზ. ც-ეს, ასევე შ. გ-ას კანონის სანქციის ფარგლებში დაუნიშნა სასჯელის ზომა, რომლის შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ დ. ხ-ის, მსჯავრდებულების _ ზ. ც-სა და შ. გ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 19 მაისის განაჩენი ზ. ც-ს, შ. გ-ასა და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.