საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 104-კოლ 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნათელა ჩერქეზიას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: კ. ა-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “თ” ქვეპუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 5 სექტემბრიდან.
ამავე სასამართლოს განჩინებით სსკ-ის 109-ე მუხლის “ა” და “თ” პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში საქმე დაუბრუნდა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
წარმოდგენილია და განიხილება ასევე ტყიბულის საქალაქო პროკურორის თანაშემწე ზ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 ივლისის განჩინებაზე. კერძო საკასაციო საჩივარში დასმულია საკითხი სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ა-ძე 1992 წელს გასამართლებული იყო თერჯოლის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1961წ. რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით, ვადაზე ადრე, რა დროსაც 1995 წელს კვლავ იქნა გასამართლებული თერჯოლის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი და 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1961წ. რედაქცია), სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2003წ. 27 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან პირობით, ვადამდე, 2 წლით, 8 თვით და 8 დღით ადრე.
წინასწარი გამოძიების მიერ კ. ა-ეს ბრალი ედება შემდეგი ქმედებებისათვის:
2003წ. 4 სექტემბერს, დაახლოებით 17-დან 21 საათამდე, იგი ქეიფობდა თერჯოლის რაონის სოფ. ---ის სასადილო “კოდალაში”, სადაც დათვრა, რის შემდეგაც მეზობელმა მ. ფ-ემ თავისი ავტომანქანით მიიყვანა სახლში. ამ დროს კ. ა-ეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სიმამრი _ გ. ბ-ძე, რომელმაც შეატყობინა, რომ ფერმაში მიაყენეს შეურაცხყოფა და სთხოვა, ჩასულიყო ქ. ტყიბულში, რათა დახმარებოდა განაწყენებულ პირებზე შურისძიებაში. კ. ა-ემ ქ. ტყიბულში წაიყვანა მ. ფ-ძე მისივე ავტომანქანით და მივიდა გ. ბ-ძესთან სახლში, სადაც მას შეუთანხმდა, რომ შეურაცხყოფის გამო შური ეძიათ ქ. ტყიბულის წყალსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მყოფ პირებზე და ამ მოტივით მოეკლათ ისინი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ბ-ის სახლიდან გამოიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები _ ავტომატი და თოფი _ “ვინჩესტერი” საბრძოლო ვაზნებით, ჩააწყვეს მ. ფ-ის ავტომანქანის საბარგულში და დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე მივიდნენ ფერმასთან.
ფერმასთან მძღოლი დატოვეს ავტომანქანაში, საბარგულიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, კ. ა-ემ დაიკავა ავტომატური იარაღი, გ. ბ-ემ კი _ “ვინჩესტერი” და მიადგნენ ფერმის ეზოში მდებარე ერთსართულიან, ორი ოთახისაგან შემდგარ საცხოვრებელ შენობას, სადაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, შესძახეს _ “გარეთ გამოდით, დაგაწყობთ ყველასო”, შევიდნენ იმ ოთახში, რომელშიც იმყოფებოდნენ მამა-შვილი _ ვ. და რ. გ-ები, ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერ გაისროლეს მათი მიმართულებით, რის შედეგადაც, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული დაზიანებების გამო, რ. გ-ძე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ვ. გ-ძე იმავე ღამეს გარდაიცვალა ტყიბულის საავადმყოფოში.
კ. ა-ემ გასროლების ხმაზე ოთახიდან გამოსულ გ. გ-ეს მიადო ავტომატური იარაღი, აიძულა, გაჰყოლოდა და ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. იგი წაიყვანეს სოფ. ---ის მიმართულებით, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ვინაიდან გზაში მსვლელობის დროს ამ უკანასკნელმა დაარწმუნა, რომ ფერმაში მყოფ პირებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა, იგი გზაზე ჩამოსვეს და გაუშვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩერქეზია ითხოვს კ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ კ. ა-ემ უკანონოდ გადაზიდა ცეცხლსასროლი იარაღი ან გ. გ-ეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ადვოკატი მიუთითებს, რომ განაჩენი დამყარებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე, რის გამოც არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
ტყიბულის საქალაქო პროკურორის თანაშემწე ზ. ბ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში შეეძლო დაედგინა განაჩენი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ჩ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა ნ. ჩ-ამ კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ეპიზოდში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა თ. ძ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებული გ. ბ-ძე დაპატიმრებულია ქ. მოსკოვში და მზადდება მისი საქართველოში ექსტრადიცია. მანვე მიუთითა, რომ ეს გარემოება არ შეიძლება კ. ა-ის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი გახდეს. პროკურორმა ასევე იშუამდგომლა სხვა ნაწილში კ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. გ-ძემ აღნიშნა, რომ მკვლელობის ეპიზოდში ერთობლიობაში უნდა მოხდეს გამოძიების ჩატარება. მან იშუამდგომლა სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (განაჩენი, განჩინება) არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ კ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულ გ. გ-ის ჩვენებებით, რომელმაც დეტალურად მიუთითა მის მიმართ უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და კ. ა-ის მიერ უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვის ფაქტზე. ამის შესახებ სათანადო მსჯელობა არის განაჩენში. მსჯავრდებულ კ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია ასევე მოწმე მ. ფ-ის მიერ მიცემული ჩვენებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულ კ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.
პალატა ასევე კანონიერად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ა” და “თ” პუნქტებით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, რადგან საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ დანაშაულის თანამონაწილედ მიჩნეული გ. ბ-ძე დაპატიმრებულია ქ. მოსკოვში და მომზადებულია მასალები მისი ექსტრადიციისათვის.
პალატა თვლის, რომ ორივე პირის მიმართ საქმეები უნდა გაერთიანდეს და გამოძიებაც ერთობლივად უნდა წარიმართოს, უნდა გამოიკვეთოს თითოეული პირის ბრალეულობის საკითხი და ამის შემდეგ გადაწყდეს მათ მიმართ საქმის ერთობლივად სასამართლოში წარმართვის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივართა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 ივლისის განაჩენი და განჩინება კ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.