განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 253-აპ 18 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ტ-ლი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2003წ. 10 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის (1998წ. 28 ნოემბრის რედაქცია) საფუძველზე. ა. ტ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მოგების (შემოსავლის) და გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვა, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
შპს “---”-მ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი იყო ა. ტ-ლი, 1999წ. 16 თებერვალს 19.12.98წ., -- კონტრაქტის საფუძველზე აზერბაიჯანიდან ფირმა “---”-საგან მიიღო 60315 კგ, ე.ი. 66950 ლიტრი, 26369 ლარის საბაჟო ღირებულების ერთი ცისტერნა ინდუსტრიული ზეთი, რაც არ განუბაჟებია და არ გადაუხდია 27125,11 ლარის ოდენობის საბაჟო გადასახადი. ზემოთ აღნიშნული ინდუსტრიული ზეთი ბუღალტრულად არ აღრიცხა შპს “---”ის შემოსავალში და 1999წ. 18 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში მოახდინა მისი სრული რეალიზაცია, კერძოდ: 23450 ლიტრი მიაწოდა სააქციო საზოგადოება “---ს”, 8040 ლიტრი _ გორის რაიონის ინდმეწარმეს _ “---ს” და 200 ლიტრი _ ქ. რუსთავის შპს “---ს”. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გახარჯა შპს “---”-ის ბუღალტერიაში გაუტარებლად. დარჩენილი 19500 ლიტრი ზეთი მან მიაწოდა სოფ. ---ში მცხოვრებ თ. ქ-ეს, ისე, რომ საერთოდ არ გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო მიღებული თანხა გახარჯა ბუღალტერიაში აღურიცხავად.
მანვე დარჩენილი 15760 ლიტრი ზეთის რეალიზაცია მოახდინა შპს “---”-ის ტერიტორიაზე მდებარე ზეთის საცალო სარეალიზაციო სადგურიდან და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ასევე გახარჯა შპს “---”-ის ბუღალტერიაში აღურიცხავად.
აღნიშნული ოპერაციით მან მიიღო შემოსავალი, რომელიც არ აჩვენა შპს “---”-ის მიერ ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ დამატებითი ღირებულების გადასახადის გაანგარიშების დეკლარაციაში, რითაც დამალა 29369 ლარის ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ობიექტი, აგრეთვე მისი გადასახადები, კერძოდ: 11113,7 ლარის დამატებითი ღირებულების გადასახადი და 5142,09 ლარის მოგების გადასახდი, სულ 16255,79 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ა. ტ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საჩივრით იგი ითხოვდა ამ განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა რა იგი, 2004წ. 21 ივნისის განაჩენით უცვლელად დატოვა მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ტ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმავე საფუძველზე, რაზეც ის სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. ტ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. დ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს მოთხოვნაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა, ისევე როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ა. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არ დაიცვეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში:
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას აშკარად გამოიკვეთა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებდნენ იმ ვერსიას, რომ ა. ტ-მა ჩაიდინა მოგებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დამალვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ე.ი. განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998წ. 28 ნოემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა, ამ გარემოებებს არ მიეცა ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოებები:
ა. ტ-ის მიერ აზერბაიჯანიდან რეალიზაციისათვის შემოტანილი ინდუსტრიული ზეთი დაფიქსირებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი წესის შესაბამისად. თვით საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გადასახდელების შესატანად ა. ტ-ლს ზეთის შემოტანისას მიეცა ერთი თვის ვადა. გარდა ამისა, 1999წ. 19 თებერვალს თბილისის რეგიონული საბაჟოს რუსთავის გაფორმების ჯგუფის წამყვანმა ინსპექტორმა და ფირმა “---”-ის თანამშრომელმა შეადგინეს ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანიდან ფირმა “---”-მ შემოიტანა ერთი ცისტერნა ინდუსტრიული ზეთი, აღნიშნული ტვირთი, ფირმის ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, აყვანილ იქნა საბაჟო კონტროლზე. ოქმს ფირმა “---”-ის სახელით ხელს აწერს არა მისი ხელმძღვანელი ა. ტ-ლი, არამედ ვინმე შ. ტ-ლი, რომლის ფირმაში მუშაობას საერთოდ უარყოფს ა. ტ-ლი. მიუხედავად ამ მომენტისა, ორივე გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ შემოტანილი საქონელი რეგისტრირებულია შესაბამისი საბაჟო ორგანოების მიერ, რაც ცნობილია თვით ა. ტ-სათვისაც, რომელსაც მიცემული აქვს ვადა საბაჟო გადასახდელების დასაფარავად. ასეთ პირობებში შეუძლებელია მას ჰქონოდა რაიმე ილუზია განზრახვისათვის _ დაემალა ის საბაჟო გადასახდელები, რომლებიც მას უნდა გადაეხადა შემოტანილ ტვირთთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ინდუსტრიული ზეთის რეალიზაციით მიღებული მოგების დამალვის საკითხს, უნდა აღინიშნოს შემდეგი: ა. ტ-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ინდუსტრიული ზეთის რეალიზაციიდან მიღებულ თანხებს მთლიანად გადასცემდა ფირმა “---ს” დირექტორ თ. პ-ეს მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და, აქედან გამომდინარე, მოგებისა თუ სხვა სახის გადასახადების, მათ შორის _ საბაჟო გადასახდელის დადგენილ ვადებში გადახდასაც ფირმა “---ს” და მისი დირექტორის _ თ. პ-ის მოვალეობად განიხილავდა, სინამდვილეს შეესაბამება. 1999წ. 3 მარტს ქ. რუსთავში შედგენილ იქნა აქტი, რომელსაც ხელს აწერენ: ერთი მხრივ, ფირმა “---”-ის დირექტორი ა. ტ-ლი, ხოლო, მეორე მხრივ, ფირმა “---ს” დირექტორი თ. პ-ძე, რომლის მიხედვით, ფირმა “---”-ის სახელზე აზერბაიჯანიდან შემოსულ ზეთს განბაჟებით და მომწოდებელთან პასუხისმგებლობით (იგულისხმება ზეთის ღირებულების ანაზღაურება) თავის თავზე იღებს თ. პ-ძე, ხოლო ფირმა “---”-მ მხოლოდ საქონლის შენახვა იკისრა 200 ლარის საფასურად.
ცხადია, თ. პ-ძე თავის თავზე არავითარ პასუხისმგებლობას არ აიღებდა არც მომწოდებლისა და არც საბიუჯეტო ორგანოების მიმართ, თუკი ზეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მოგების ჩათვლით, ფირმა “---”-ს უნდა დარჩენოდა. ორ ფირმას შორის შეთანხმების შესახებ ორივე მხარემ საქმის კურსში ჩააყენეს მომწოდებელიც, რომლის ხელმძღვანელიც თანახმა იყო ახალ პირობებზე, კერძოდ, იმაზე, რომ მის მიერ მიწოდებული ზეთის ღირებულებას მას აუნაზღაურებდა თ. პ-ძე, რაც შესრულდა კიდეც. ამას ადასტურებს მომწოდებელი ფირმის _ რუსული კომპანია “---”-ის აზერბაიჯანში სრულუფლებიანი წარმომადგენლის უ. მ-ის განცხადება, რომლის მიხედვით, მას ზეთის ღირებულება, მისივე თანხმობით, გადაუხადა თ. პ-ემ. ცხადია, თ. პ-ძე მომწოდებელს ვერაფერს გადაუხდიდა და არც გადაუხდიდა ზეთის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ფირმა “---ს” რომ დარჩენოდა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე თ. პ-ის ჩვენებას, რომლის მიხედვით, მართალია, მასა და “---”-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ იგი არ ამოქმედებულა, ვინაიდან შეიტყო, რომ მომწოდებლის თანხმობის გარეშე ა. ტ-ლს ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდა. მისი ასეთი განცხადება აშკარად ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც სასამართლომ არასათანადო შეფასება მისცა, მიიღო რა იგი უტყუარ მტკიცებულებად.
მართალია, დირექტორების მიერ ორი ფირმის სახელით შედგენილი აქტი მათი შეთანხმების თაობაზე შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ პირობებს, მაგრამ იგი ა. ტ-ლს გარკვეულ საფუძველს აძლევდა ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული აქტი, ადეკვატურად გამოხატავდა რა მხარეთა ნებას, საკმარისი და კანონიერი საფუძველი იყო ურთიერთობის განხორციელებისათვის მისგან გამომდინარე ყველა შედეგის ანუ იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც მომწოდებელთან, ისე საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან ანგარიშსწორებას მოახდენდა ფირმა “---ს” დირექტორი თ. პ-ძე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება მხარეებმა მოახდინეს იურისტის მონაწილეობის გარეშე, რომლისგანაც მათ შეეძლებოდათ მიეღოთ კვალიფიციური კონსულტაცია ხელშეკრულების სამართლებრივ მხარეზე, რადგან მათ საკმარისად მიიჩნიეს წერილობითი სახით თავიანთი ნების გამოხატვა. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც _ საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თვით თ. პ-ეც კი გარკვეული დროის განმავლობაში, კერძოდ, ვიდრე ა. ტ-ის მიმართ ბრალდება იქნებოდა წარდგენილი გამოძიების მიერ, თვლიდა, რომ საბიუჯეტო ორგანოებთან ანგარიშსწორება რეალიზებული ზეთის ღირებულებისა და მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შესაბამისად, მის ვალდებულებას წარმოადგენდა, მისი ვარაუდით, დაახლოებით 17 ათასი ლარის მოცულობით.
ასეთ ვითარებაში სრულიად შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ა. ტ-ლს განზრახული ჰქონდა, დაემალა მოგება და სხვა საგადასახადო ობიექტი, რის გარეშეც არ არსებობს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (1998წ. 28 ნოემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ იმის ვარაუდი, რომ ა. ტ-ლი, თავისი მცდარი წარმოდგენის გამო, არაჯეროვან სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებდა თავის ურთიერთობას ფირმა “---სთან”, საბაჟო და საგადასახადო ორგანოებთან, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუკი დასჯადია ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, როცა პირის ქმედება მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს შესაბამისი შედეგის მისაღწევად, რაც მსჯავრდებულ ა. ტ-ის ქმედებაში არ არსებობს. ამას უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზი და შეფასება მოქმედ კანონმდებლობასთან შეჯერებით, რომლებიც ა. ტ-ის ბრალდების საქმეში ფიგურირებენ.
ამრიგად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ა. ტ-ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას დაუშვეს საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, გამოიყენეს კანონი (სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1998წ. 28 ნოემბრის რედაქცია), რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, რასაც შედეგად მოჰყვა მისი მსჯავრდება დაუსაბუთებლად და არასწორ სამართლებრივ საფუძველზე.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის უნდა დაეკისროს გადასახდელად აზერბაიჯანიდან 66950 ლიტრი ზეთის შემოტანასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით შესაბამისი საბაჟო გადასახდელები, მოგების გადასახადი თუ სხვა საბიუჯეტო გადასახადები _ ფირმა “---”-ის დირექტორს _ ა. ტ-სა თუ ფირმა “---ს” დირექტორს _ თ. პ-ეს, უნდა გაირკვეს შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნულ სფეროში 1999 წელსა და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელთა გადაწყვეტილების თაობაზე ხსენებულ სუბიექტებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ა. ტ-ლს ბრალი მიუძღვის აგრეთვე შპს “---”-ის მიერ 1998-1999 წლებსა და 2001 წელს განხორციელებული სამეურნეო საქმიანობის დროს სახელმწიფო გადასახადების შემცირებაში, სულ 23228 ლარის ოდენობით, რაც დგინდება საგადასახადო დოკუმენტური რევიზიის აქტით.
აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად ხსენებულ განაჩენში საპროცესო კანონით დაშვებულ არც ერთ მტკიცებულებაზე არ არის მითითებული, ხოლო რევიზიის აქტი ასეთ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რის გამოც ეს ბრალდება ა. ტ-ლს უნდა მოეხსნას, როგორც უსაფუძვლო და სრულიად დაუსაბუთებელი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ა. ტ-ის მიმართ შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენი ა. ტ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, როგორც უკანონო, ხოლო მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ა. ტ-ლს განემარტოს, რომ უფლება აქვს, რეაბილიტაციის, აგრეთვე, უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და მსჯავრდების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმართოს შესაბამის სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.