შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 263-აპ 7 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მარტის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მარტის განაჩენით ნ. ყ-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 5 წლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით _ 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
პროკურორის საჩივრის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 17 მარტს რაიონული სასამართლოს განაჩენი ნ. ყ-ის მიმართ შეცვალა იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 260-ე და 264-ე მუხლების მე-2 ნაწილების “დ” ქვეპუნქტებით მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ნ. ყ-ლს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის მისაკუთრებისა და მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, რაც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
ნ. ყ-ლი წყალტუბოს შს სამმართველოში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებათა კაბინეტიდან 2003წ. 20 თებერვლიდან კვირაში ორჯერ იღებდა ავადმყოფ ნ. შ-ისათვის საექიმო კომისიის მიერ დანიშნულ ტკივილგამაყუჩებელ ნარკოტიკულ საშუალება “---ის” 30 მლ. გრამიან აბებს, რომელსაც გადასცემდა ნ. შ-ეს. 2003წ. 31 მარტიდან, იმავე კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. შვ-ეს დანიშნულება შეეცვალა “---ის” 1 %-იანი ამპულებით. დანიშნულების შეცვლის შესახებ ნ. ყ-მა არ გაუმხილა ავადმყოფ ნ. შ-ეს და მის სახელზე მიღებულ “---დს” არაერთგზის, დღეში 3 ამპულის ოდენობით ითვისებდა, რასაც უკანოოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, სულ ნ. ყ-მა მიისაკუთრა 86 ამპულა ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდაც აფთიაქებში იძენდა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას _ ანალგინს, ბარალგინს და აძლევდა ნ. შ-ეს.
საკასაციო საჩივრით ნ. ყ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ნ. შ-სათვის გამოყოფილი ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკების შემცველი წამალი არ მიუთვისებია და მთლიანად მოახმარა მას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ღ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნ. ყ-ი არის ქვრივი, კმაყოფაზე ჰყავს 12 წლის შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალი ის არის და პატიმრობაში აყვანის შემთხვევაში ბავშვი დარჩება მზრუნველობის გარეშე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. კ-მა საკასაციო საჩივარს და ადვოკატის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ნ. ყ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და ნ. ყ-ის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ამასთან პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ყ-ის მართლსაწინაამდეგო ქმედებებს სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, რის გამოც განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციისა და, სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ნ. შ-ის, მოწმე მ. კ-ის ჩვენებებით, ნივთმტკიცებით უდავოდაა დადასტურებული მსჯავრდებულ ნ. ყ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების სისტემატურად მისაკუთრებისა და მართლსაწინაამდეგოდ შენახვის ფაქტი. განაჩენის მტკიცება, რომ ნ. ყ-მა დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, რაც გახდა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე და 264-ე მუხლების მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების საფუძველი, არასწორია. პალატას მიაჩნია, რომ, მიუხედავად ქმედებათა სიმრავლისა, რაც გამოიხატა ნ. ყ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა დროს მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ შენახვაში. ნ. ყ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული არ შეიძლება შეფასდეს როგორც არაერთგზის ჩადენილად. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი აქვს განგრძობადი დანაშაულის ჩადენას, რამდენადაც იგი მოქმედებდა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით _ მიესაკუთრებინა ნარკოტიკული საშუალება და მართლსაწინააღმდეგოდ შეენახა იგი, რაც მან, ფაქტობრივად, განახორციელა კიდევაც. პალატა თვლის, რომ ნ. ყ-ის ქმედება, რომელიც განაჩენით დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 260-ე და 264-ე მუხლების მე-2 ნაწილების “დ” ქვეპუნქტებით უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლების პირველ ნაწილებზე და შესაბამისად, ნ. ყ-ის სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 264-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ნ. ყ-ლს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, რომ ნ. ყ-ლი ქვრივია, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, დადებით დახასიათებას, შესაძლებლად თავლის მას სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე. სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: ნ. ყ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 260-ე და 264-ე მუხლების მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლების პირველ ნაწილებზე. სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნ. ყ-ის სასჯელის ზომად განესაზღვროს 2, ხოლო 264-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით ნ. ყ-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით _ 5 წლით გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულ ნ. ყ-ზე ზედამხედველობა განახორციელოს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ნ. ყ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობა _ გაუქმდეს.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.