განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 303-აპ 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ადვოკატ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განაჩენზე, რომლითაც დ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, დ. ფ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან პირადი მოხმარების მიზნით, შეიძინა 0,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”, რომელიც შეინახა თავისი ავტომანქანის სალონში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას აღმოაჩნდა 2003წ. 23 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფ. ---ში მისი ავტომანქანის ჩხრეკის დროს. გარდა ამისა, 2002წ. ნოემბრის შუა რიცხვებში გორის რაიონის სოფ. ---ში გამოძიებით დაუდგენელი მამაკაცისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”, რაც გადაიტანა ქ. წყალტუბოში და შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში. მანვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის სახლში ინახავდა “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტს. 2003წ. 23 იანვარს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს დ. ფ-ის ბინიდან ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და 15,6 გრამი “---”. იმავე დღეს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების დროს მას მიღებული აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. 2003წ. თებერვალში დ. ფ-ემ, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან პირადი მოხმარების მიზნით, კვლავ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება “---”, რომლისგანაც ლიმონის მჟავას, დიმედროლის აბების, ეთილის სპირტის, აცეტონისა და სოდის დამატებით დაამზადა ნარკოტიკული საშუალება _ პასტისებური ოპიუმი, რომლის ნაწილი მოიხმარა პირადად, ხოლო დანარჩენისაგან, რომელიც მისგან ამოღებულ იქნა 2003წ. 26 ივლისს, მიიღებოდა სუფთა “---” 7,12 გრამის ოდენობით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში დ. ფ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებიდან 0,08 გრ. “---ის” უკანონოდ შეძენის ამორიცხვას და ბრალდების სხვა ეპიზოდებში სასჯელის ისეთი ღონისძიების განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან არ იქნება დაკავშირებული.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ნ-ემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ი. კ-მა და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 273-ე მუხლით დ. ფ-ის მსჯავრდება.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება დასჯადია ასეთივე ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. დ. ფ-ეს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მიღება დაუდგინდა 2003წ. 23 იანვარს, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული არ ყოფილა. ამდენად, 2003წ. 26 ივლისს მის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით მოხმარება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას არ წარმოადგენს.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დ. ფ-ის ბრალდებიდან 0,08 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება “---ის” უკანონოდ შეძენის ამორიცხვის თაობაზე. საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების ეს ეპიზოდი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს.
პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივარს სასჯელის შემსუბუქების ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ფ-ძე დაავადებულია ქრონიკული ჰეპატიტით და საჭიროებს ინფექციონისტის მეთვალყურეობას, ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების გამო საჭიროებს სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას, ამასთან, დაავადებულია გულის იშემიით, არის 48 წელს მიღწეული პირი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ხასიათდება დადებითად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, 2003წ. 23 იანვარს ზესტაფონის რაიონში ავტომანქანაში ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით განუცხადა, რომ სახლში, რომელიც წყალტუბოს რაიონში მდებარეობს, ინახავდა “---ს” და ცეცხლსასროლ იარაღს, ყველა შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა პირადი მოხმარების მიზნით და არა _ გასასაღებლად. ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში შესაძლებელია დ. ფხაკაძის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, 564-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 565-ე, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ადვოკატ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განაჩენში დ. ფ-ის მიმართ მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
განაჩენი გაუქმდეს დ. ფ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დ. ფ-ეს გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.