განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.11.2004
საქმის ნომერი
2კ-246აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 246-აპ 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ფინანსთა სამინისტროს და ბ. რ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 13 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ბ. რ-ის მიმართ. ბ. რ-ლს ბრალად ედებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლოატაციის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა დაზარალებულის სიკვდილი.

2002წ. 10 მაისს ბ. რ-მა და თ. რ-მა რეაბილიტაციის შესახებ განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. განცხადებით ისინი ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე რეაბილიტაციას და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. განმცხადებლის მითითებით, პატიმრობაში ყოფნის დროს ქ. თბილისის ¹5 საპყრობილეში მის მიმართ ახორციელებდნენ ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას, რის შედეგადაც შეერყა ჯანმრთელობა, განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, რის გამოც იგი ითხოვდა მატერიალური და მორალური ზიანის _ 36000 აშშ დოლარისა და 424991 ლარის ანაზღაურებას.

ამავე განცხადებით თ. რ-მა მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 600 აშშ დოლარის ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა “ვოლგა” იდგა შს სამინისტროს საჯარიმო სადგომზე, რის შედეგადაც იგი გაფუჭდა. ასევე მოითხოვა 7300 ლარის ანაზღაურება იმის გამო, რომ მითითებულ ავტომანქანას იგი იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ: გადაჰქონდა ფქვილი და სხვა საქონელი, ხოლო საჯარიმო სადგომზე გაჩერების შემდეგ იგი იძულებული გახდა, 1998წ. 25 აპრილიდან დაექირავებინა სხვა მანქანა და დღეში გადაეხადა 5 ლარი. ასევე მოითხოვა შვილის _ ბ. რ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურება 12300 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 1 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს ბ. რ-ის სასარგებლოდ დააკისრა 7810 ლარის გადახდა, კერძოდ, 5000 ლარი _ მორალური ზიანისათვის, 1860 ლარი _ ადვოკატის მომსახურების ჰონორარის ხარჯებისათვის და მიუღებელი ხელფასი _ 950 ლარი.

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სამინისტოსათვის დაკისრებული საკომპენსაციო თანხის შემცირებას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ისე დააკისრა ფინანსთა სამინისტროს ბ. რ-ის დაცვისათვის განხორციელებული ხარჯების გადახდა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე ქვითარი იმის თაობაზე, რომ ბ. რ-მა ეს თანხები გადაიხადა. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ასევე შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ საქმეში რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ბ. რ-ლი წლების განმავლობაში რეალურად იღებდა ხელფასს და რეალურად მუშაობდა, არ არსებობს. პალატა დაკმაყოფილდა მხოლოდ ბ. რ-ის მამის მიერ წარმოდგენილი ხელნაწერი ცნობით, რომ მისი შვილი მასთან ნამდვილად მუშაოდა და ხელფასი ჰქონდა 50 ლარი.

კასატორები _ ბ. და შ. რ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ადვოკატთა კორპორაციის პრეზიდენტის ბატონ ქ. ღ-სათვის ჰონორარის სახით გადახდილი 26000 დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე ადვოკატ ლ. მ-ისათვის გადახდილი 4000 აშშ დოლარის ანაზღაურებას. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებობს ქ. ღ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება აღნიშნული თანხის გადახდა. რაც შეეხება ადვოკატ დ. ი-ისათვის გადაცემულ თანხას, ამის დამადასტურებელი ცნობაც არსებობს საქმეში. კასატორის განმარტებით, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი 7300 ლარის გადახდაზე. ეს თანხა მან გადაუხადა მოქალაქე ზ. შ-ეს, რომლისგანაც იქირავა ავტომანქანა, თავისი მანქანის სანაცვლოდ, რომელიც ამ დროს შსს საჯარიმო მოედანზე იდგა. ამის თაობაზე ზ. შ-ის ახსნა-განმარტება საქმეზეა დართული.რაც შეეხება ადვოკატ ლ. მ-სათვის გადახდილ თანხას, ამის დადასტურება შეეძლოთ მოწმეებს, რომლებიც სასამართლომ არ დაკითხა. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი საჯარიმო მოედანზე ავტომანქანის დიდი ხნით დგომის გამო მისი დაზიანებით გამოწვეული კომპენსაციის გადახდის ნაწილში, სასამართლომ არ დაკითხა მათ მიერ დასახელებული მოწმეები. ასევე უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი პატიმრის ბადრაგირებისა და ამანათებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილშიც. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მათი მოთხოვნა კი მხოლოდ მინიმალური თანხით დაკმაყოფილდა.

სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ, მხარი არ დაუჭირა კასატორების _ ბ. და შ. რ-ების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა მ. ჯ-ემ მხარი დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელის საკასაციო საჩივარს და მხარი არ დაუჭირა კასატორებს _ ბ. და შ. რ-ების მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს ლ. გ-ეს, პროკურორ მ. ჯ-ეს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კასატორ ბ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ბ. რ-ლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დააკავა 1998წ. 10 სექტემბერს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი). იგი დაკავების დღიდან 2000წ. 27 მარტამდე, ანუ ერთი წლის, ექვსი თვისა და 17 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ რეაბილიტირებულ პირთათვის განკუთვნილი თანხისა და საშუალო თვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, ბ. რ-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის განსაზღვრა გონივრული თანხა 5000 ლარის ოდენობით.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ადვოკატთა კორპორაციის ცნობას, რომელსაც კორპორაციის პრეზიდენტი ქ. ღ-ლი აწერს ხელს და რომლის თანახმადაც, ბ. რ-ის საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება კორპორაციის ადვოკატებისათვის წარმოადგენს 26000 დოლარის ეკვივალენტ ლარს, ასევე ბ. რ-ის მოთხოვნას ადვოკატებისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის 4000 ლარის გადახდის თაობაზე და საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ანაზღაურდება ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს არც მხარეთა შორის სათანადოდ გაფორმებული შეთანხმება და არც ამ შეთანხმების საფუძველზე დასახელებული თანხის გადახდის ქვითრები.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა ბ. რ-ის მამის, თ. რ-ის მოთხოვნას საჯარიმო მოედანზე ავტომანქანის უკანონოდ გაჩერებით მიყენებული ქონებრივი ზიანის _ 7300 ლარისა და შვილის _ ბ. რ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში პატიმრის ბადრაგირებისა და ე.წ. ,,---ის"'გაწეული ხარჯების _ 12300 ლარის ანაზღაურების შესახებ და სწორი განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სუბიექტს წარმოადგენენ უკანონოდ და დაუსაბუთებლად მსჯავრდებული ან ბრალდებული. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ აქედან გამომდინარე, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გამართლებული ბ. რ-ის მამა _ თ. რ-ლი სსსკ-ის 219-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი არ არის და მისი სარჩელი ვერ იქნებოდა განხილული სსსკ-ის 28-ე თავის დადგენილი წესით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტირებულს უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი. პალატა თვლის, რომ, ვინაიდან საქმეში არსებობს მხოლოდ ბ. რ-ის მამის _ თ. რ-ის ხელნაწერი ცნობა იმის თაობაზე, რომ ბ. რ-ლი 1998წ. სექტემბრამდე მუშაობდა მასთან პურის საცხობში დირექტორის მოადგილედ და მის ხელფასს შეადგენდა 50 ლარი, სხვა რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ის რეალურად მუშაოდა და იღებდა ხელფასს (ხელფასის უწყისი ან სხვა რაიმე დოკუმენტი) საქმეში არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ. რ-ისათვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ფინანსთა სამინისტროს ბ. რ-ის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს 950 ლარის გადახდა.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა შეიცვალოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განჩინება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად ბ. რ-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 7810 ლარის ოდენობით, იმ მიმართებით, რომ ფინანსათა სამინისტროსათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების თანხა 7810 ლარის ოდენობა შემცირდეს 950 ლარით და საბოლოოდ ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს 6860 ლარის გადახდა ბ. რ-ის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 227-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის განჩინება ბ. რა-ის რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ფინანსათა სამინისტროსათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების თანხა _ 7810 ლარი შემცირდეს 950 ლარით და საბოლოოდ ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს 6860 ლარის გადახდა ბ. რ-ს სასარგებლოდ.

განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.