საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.02.2003
საქმის ნომერი
2კ-19აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 19-აპ 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს განაჩენით გ. დ-ს, ნასამართლევს. ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 1983წ. 20 ივლისის განაჩენით 1960წ. სსკ-ს 228-ე მუხლის მე-2 და 17-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მისჯილი ჰქონდა 3 წლით, ხოლო გლდანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 ივლისის განაჩენით 1960წ. სსკ-ს 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით, 206-ე მუხლით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1999წ. 1 ოქტომბერს იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყალების წესით, საქართველოს სსკ-ს 19-137-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განაჩენით, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს განაჩენი გ. დ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მას სსკ-ის 19-ე, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2000წ. 18 ოქტომბრიდან.

განაჩენით გ. დ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან 2000წ. 18 ოქტომბერს, დაახლოებით 01 საათზე თბილისის ზღვის მიდამოებში “ლგე”-ს საუნასთან ახლოს ფიზიკური ძალადობით შეეცადა მ. ი-ს გაუპატიურებას, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, იმის გამო, რომ დაზარალებულმა გაუწია აქტიური წინააღმდეგობა და შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც მსჯავრდებული ადგილზე დააკავეს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გ. დ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას, საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უკანონოდ არის მსჯავრდებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ქ-მა მსჯავრდებულ გ. დ-სთან შეთანხმებით შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. ადვოკატმა მოითხოვა გ. დ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქება ფაქტიურად მოხდილ ვადამდე და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი არის ავად, კმაყოფაზე ჰყავს ცოლშვილი, დაპატიმრებადე მუშაობდა ქორეოგრაფად, სამსახური ახასიათებს დადებითად, იგი ინანიებს ჩადენილს.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. დ-მ მოინანია ჩანადენი, ითხოვა პატიება, დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებისა და პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა მსჯავრდებულ გ. დ-ს და მისი ადვოკატის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. განაჩენი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის განცხადებები სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ასევე პროკურორის პოზიცია. თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განაჩენი გ. დ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ მ. ი-ს, მოწმეების: რ. მ-ს, გ. მ-ს, ზ. ა-ს, ტ. ტ-ს, კ. კ-ს ჩვენებებით და სასამართლო სამედიცინო შემოწმების აქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით, გ. დ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას გ. დ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქების და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მსჯავრდებულის წარსული, მისი ოჯახური მდგომარეობა, სამსახურიდან წარმოდგენილი დადებითი დახასიათება, სასჯელი შეუფარდა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განაჩენი გ. დ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განაჩენი გ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.