განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 121A 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულის ადვოკატის _ გ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 17 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც მ. უ-ს შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება მკაცრი მეთვალყურეობის ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით.
საჩივარი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის არსებითად განხილვის მიზნით.
აღწერილობითი ნაწილი:
საქმის მასალების მიხედვით არასრულწლოვანი მ. უ. (დაბადებული ... წელს) 1999 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, გარდაბნის რაიონის სოფ. კოჯორში შემთხვევით შეხვდა მისთვის უცნობ პირებს _ გ. ბ-ს, რ. ე-ს, მ. მ-ს და დ. ჟ-ს. მათთან მიახლოებისთანავე მან დაუძახა დ. ჟ-ს და ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ, თანქონებული დანის რამდენჯერმე დარტყმით განზრახ მოკლა ეს უკანასკნელი. მანვე იმავე დანით განზრახ მოკვლის მიზნით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დ. ჟ-ს გვერდით მყოფ მ. მ-ს, მაგრამ მისი მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან მ-ძე გაექცა და თავი დააღწია მის ძალადობას. აღნიშნულ ქმედებათა ჩადენის შემდეგ მ. უ- მიიმალა. ჯერ იმალებოდა რუსეთში, ხოლო შემდეგ მოგონილი სახელითა და გვარით _ გერმანიაში. 2001 წლის ივნისში მ. უ-მ მის მიერ ჩადენილი ქმედების თაობაზე განაცხადა გერმანიაში. იმავე წლის 8 აგვისტოს ის გადმოგზავნილ იქნა საქართველოში და მეორე დღეს დააკავა გარდაბნის რაიონის პროკურატურამ.
პროკურატურამ მ. უ-ს დანაშაული დააკვალიფიცირა საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით და 17,104-ე მუხლის მეორე პუნქტით.
კომისიური სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2001 წლის 8 ნოემბრის დასკვნის მიხედვით დანაშაულის ჩადენის დროს მ. უ. იყო შერაცხადი, მაგრამ შემოწმების დროისათვის მას აღენიშნებოდა დროებითი ფსიქიკური აშლილობა რეაქტიულ-ისტერიული მუტიზმის სახით, რის გამოც ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2001 წლის 29 დეკემბერს მ. უ. მოთავსებულ იქნა ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ როგორც ამავე საავადმყოფოში 2002 წლის 17 მარტს და 10 ივნისს ჩატარებული კომისიური შემოწმებებით დადგინდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საჭიროებს იძულებით მკურნალობას. ასეთი დასკვნების მიღების შემდეგ 2002 წლის 2 სექტემბერს გარდაბნის რაიონის პროკურორმა მ. უ-ს მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმე გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ მ. უ-მ დანაშაული ჩაიდინა შერაცხად მდგომარეობაში, მაგრამ შემდეგ, განაჩენის დადგენამდე, იგი დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
კერძო საკასაციო საჩივარი ეჭვქვეშ აყენებს როგორც სტაციონარული ექსპერტიზის, ასევე _ ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნების ობიექტურობას, რის გამოც ითხოვს სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ჩ-მ და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. ჟ-მ ითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ: “ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით _ დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად”.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების აღძვრას საფუძვლად უნდა დაედოს ექსპერტიზის დასკვნა და არა _ სამედიცინო გამოკვლევის აქტი, როგორც მოცემულ შემთხვევაში მოხდა.
საქართველოს სსსკ-ის 665-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწყების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად გაგზავნამდე გამომძიებელი ვალდებულია, გააცნოს იგი დამცველს და უზრუნველყოს ის უფლებით, აცილება მისცეს დანიშნულ ექსპერტს, მოითხოვოს ექსპერტად გარკვეული პირის დანიშვნა, დასვას ექსპერტის წინაშე საკითხები, დაესწროს ექსპერტიზას. კანონის ეს მოთხოვნა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული არ ყოფილა. უფრო მეტიც: დამცველისათვის ცნობილი გახდა რა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მან გამომძიებელს წარუდგინა გერმანიიდან მიღებული მასალები 29 ფურცელზე და ითხოვა ამ მასალების ექსპერტისათვის გადაცემა. საქმის მასალებიდან არ ჩანს ექსპერტები გაეცნენ თუ არა აღნიშნულ მასალებს. საექსპერტო დაწესებულებიდან პროკურატურას დაუბრუნდა საქმის ერთი ტომი და დასკვნა 3 ფურცელზე. ზემოაღნიშნული მასალები კი მოთავსებულია საქმის მეორე ტომში.
საქართველოს სსსკ-ის 660-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გამოძიების დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. კანონის ეს მოთხოვნა გამომძიებელს არ შეუსრულებია.
კანონის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ისეთი სახის ფსიქიკური დაავადება, რომელიც განკურნებას ემორჩილება, არის გამოძიების შეჩერების და არა _ დამთავრების საფუძველი. მ. უ-ს ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ დარღვეულ იქნა კანონის ეს მოთხოვნაც. გამომძიებელმა როგორც დაზარალებულებს, ასევე ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს გამოუცხადა გამოძიების დამთავრების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გამოძიებას არ გაურკვევია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნასა და ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა მიზეზი. ამ წინააღმდეგობათა აღმოფხვრის მიზნით გამომძიებელს უნდა დაენიშნა განმეორებითი კომისიური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 13 იანვრის განჩინება მ. უ-ს მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეფარდების შესახებ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს გარდაბნის რაიონის პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.