განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 52-აპ 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის განაჩენი რ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის განაჩენით რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 7 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენი რ. გ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი და 184-ე მუხლის მე-3 ნაწილი გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებზე და 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ,” ,,გ” ქვეპუნქტებზე. რემი გამხუაშვილს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით შეეფარდა 4 წლით და 6 თვით, ხოლო 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით რ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივნისის განაჩენით რ. გ-ს ქურდობისა და ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ გატაცებისათვის სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან იგი გათავისუფლდა 2000 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით.
2001 წლის 31 მარტს, ღამით, მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული და თიანეთის გზატკეცილზე ვ. ბ-ს ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის გასტაცა 5 ლარი და ავტომანქანა. გატაცებული ავტომანქანით იგი ჩავიდა სოფელ ნორიოში, სადაც გორაზე შეჯახებისას დააზიანა იგი და დაზარალებულს სულ მიაყენა 150 ლარის ზიანი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ი. ც. ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სსკ-ის 178-ე და 184-ე მუხლების მე-2 ნაწილებზე და მას განუსაზღვრა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ი. ჩახუნაშვილმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განაჩენი რ. გ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას ხელახალი განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ ისე შეცვალა რ. გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაცია, რომ სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია წინასწარი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ დაუკითხავს დაზარალებული ვ. ბ., რომელიც არაერთხელ მიცემულ ჩვენებებში ამხელდა მსჯავრდებულს დანის გამოყენებით მისთვის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფულის და ავტომანქანის გატაცებაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი და ობიექტური შეფასება.
თუ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლო კვლავ დადასტურებულად მიიჩნევს რ. გ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, სასჯელი უნდა განუსაზღვროს იმ ზომით, რაც არ იქნება მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წასრული საქმიანობა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განაჩენი რ. გ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.