საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.03.2003
საქმის ნომერი
2კ-55აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 55-აპ 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველ ადვოკატ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვალელად იქნა დატოვებული დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის განაჩენი ვ. ბ-ს მიმართ.

განაჩენით ვ. ბ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს მოქმედი სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითა და 129-ე მუხლით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) ერთობლივად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 403 ლარისა და 5 თეთრის, ი. ს-ს სასარგებლოდ 2431 ლარის, ხოლო ხ. ს-ს მიმართ 3015 ლარის გადახდა.

სასჯელის მოხდა ვ. ბ-ს დაეწყო 2000 წლის 1 მაისიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2000 წლის 30 აპრილს დაახლოებით 20.30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფ. ვაქირში დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 27-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები. აღნშინული გამოიხატა მასში, რომ ავტომანქანას მართავდა ტექნიკურად გაუმართავს, იყო მთვრალი, ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება, გადავიდა თავისი სავალი გზიდან მარცხენა მხარეს და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა ნ. ს., ხოლო ი. ს. გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში სადაც იმავე წლის 2 მაისს გარდაიცვალა, ი. კ-მა და გ. კ-მა მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ვ. ბ-მა შეგნებულად მიიტოვა დახმარების აღმოუჩენლად “უაზის” ავტომანქანაში მყოფი მგზავრები, რომლებიც იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ბ. ითხოვს სასამართლოთა მიერ მიღებულ განაჩენის აგუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ვ. ბ. იმყოფება უკანონო პატიმრობაში, მას მოძრაობის წესების მოთხოვნები არ დაურღვევია, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არის ურთიერთსაწინააღდმეგო, ხოლო ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

წარმოდგენილია დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების ი., ხ. და მ. ს-ს შესაგებელი, რომლითაც ისინი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა რომ ვ. ბ.ი არის უკანონო პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული. მანვე აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია მოძრაობის წესების მოთხოვნები, განაჩენი დამყარებულია საეჭვო მტკიცებულებებზე, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო, ამიტომ ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. ადვოკატმა თ. ბ-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულების უფლებამონაცვლეთა ინეტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ნ. ხ-მა მხარი არ დუჭირა ადვოკატ თ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. ადვოკატის ნ. ხ-მა კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

ადვოკატ ნ. ხ-ს შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლეებმა ი. და ხ. ს-ებმა.

პროკურორმა ა. ს-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ვ. ბ. ავტომანქანას მართავდა მთვრალი, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, ავტომანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, გადავიდა გზის თავისი სავალი ნაყილიდან მარცხენა მხარეზე და მოახდინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ეს გარემოება პროკურორმა დადგენილად მიიჩნია საქმეში არსებული მასალებით და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ.ი შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მთვრალი, ავტომანქანა ტექნიკურად იყო გაუმართავი, თვით ვ. ბ-ს ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება, მიუხედავად აღნიშნული წინაპირობისა ის დაჯდა ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე, ვერ უზრუნველყო მისი სწორი სვლა გადავიდა თავისი სავალი გზიდან მარცხენა მხარეზე და მოახდინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ორი პირის სიკვდილი. აღნშინული გარემოება დადგენილია, როგორც თვით ვ. ბ-ს მიერ წინასწარი გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, თითქოს მსჯავრდებული ვ. ბ. უკანონოდ იმყოფება პატირმობაში _ პალატა ვერ დაეთანხმება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ბ-ის სასამართლოს ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით არჩეული ჰქონდა პატიმრობა, საქმის სასამართლოში განხილვისას შემოწმებულ იქნა მისი დაპატიმრების კანონიერება და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქმის სასამართლოში განხილვისას გაგრძელებულ იქნა საპატიმრო ვადა.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საჩივრის მოითითებას იმის შესახებ თითქოს საქმეზე ორჯერ ჩატარებული ავტომატური ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო. აღნიშნული საკითხი იყო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მიღებულია ობიექტური გადაწყვეტილება. პალატა თვლის, რომ ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხილს სამართლის საპროცესო კანონის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩაითვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს ფაქტი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ვ. ბ. იყო მთვრალი, ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება, ავტომანქანა რომელსაც მართვდა იყო ტექნიკურად გაუმართავი, გადავიდა თავისი სავალი მარცხენა მხარეზე და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

პალატა თვლის, რომ მსჯარვდებულ ვ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩადენილს სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასაიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 ნოემბრის განაჩენი ვ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.