განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 25.06.2003
საქმის ნომერი
2კ-118დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 118-დად 25 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,გ. ბორჩხაძე

განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 2 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მარტიროსოვის 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილება ს. ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. 10 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვაკის რაიონის შს სამმართველოს პირველი განყოფილების მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის ყოფილ უფროს ინსპექტორ ს. ვ-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2003 წ. 3 თებერვალს ს.ვ. მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. იმავე წ. 7 თებერვალს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-მა გამოიტანა დადგენილება ს. ვ-ს მიმართ, მისივე თანხმობით, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სსკ-ის 70-ე მუხლის საფუძველზე, ვითარების შეცვლის გამო.

აღნიშნული დადგენილება გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა როგორც ს.ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ.ვ-მა, ასევე დაზარალებულად ცნობილ თ.ჩ-ს წარმომადგენელმა ა.ბ-მ.

ს.ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ.ვ. საჩივრით ითხოვდა პროკურატურის 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილების შეცვლას იმ მიმართებით, რომ ს.ვ-ს მიმართ საქმე, ნაცვლად სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ო” ქვეპუნქტისა, უნდა შეწყვეტილიყო სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. სასამართლო პროცესზე ს.ვ-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შეცვალეს საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს პროკურატურის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ გამოძიება ჩატარებული იყო არაობიექტურად და ზერელედ.

დაზარალებულად ცნობილ თ.ჩ-ს წარმომადგენელმა ა.ბ-მ ასევე მოითხოვა აღნიშნული დადგენილების გაუქმება და საქმეზე გამოძიების განახლება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 2 აპრილის დადგენილებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილება ს. ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა იმავე რაიონის პროკურატურას.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და ს.ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, ს.ვ-ს მიმართ ვითარების შეცვლის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისივე თანხმობით და, ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს.ვ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ.ვ. მხარს უჭერენ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ ს.ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების უცვლელად დატოვებას.

დაზარალებულად ცნობილ თ.ჩ-ს წარმომადგენელი ა.ბ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ს.ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2002 წ. 10 ივლისს ვაკის რაიონის შს სამმართველოს პირველი განყოფილების მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის ყოფილი უფროს ინსპექტორ ს. ვ-ს მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2003 წ. 3 თებერვალს ს.ვ. ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. იმავე დღეს ს.ვ-მ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორს და მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, სსკ-ის 70-ე მუხლის საფუძველზე, ვითარების შეცვლის გამო, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ო” ქვეპუნქტით.

2003 წ. 7 თებერვალს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-მა გამოიტანა დადგენილება ს. ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე, ვითარების შეცვლის გამო, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ იყო საშიში.

საკასაციო პალატის სხდომაზე როგორც ს.ვ-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ასევე დაზარალებულად ცნობილ თ.ჩ-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს ს. ვ-ს მიმართ, ვითარების შეცვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილების ძალაში დატოვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 2 აპრილის დადგენილება უნდა გაუქმდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილება ს. ვ-ს მიმართ, ვითარების შეცვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 2 აპრილის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილება ს. ვ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.

ძალაში დარჩეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.მ-ს 2003 წ. 7 თებერვლის დადგენილება ს. ვ-ს მიმართ, ვითარების შეცვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.