საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 81-კოლ 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი საქართვლოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 მაისის განაჩენზე, რომლითაც: ვ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 19,108-ე მუხლით, ერთობლივად შეეფარდა 11 წლით Yთავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ ვ. კ-ს დაეწყო 2003წ. 23 იანვრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ვ. კ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლასაწინაღმდეგო მიზნით, არაერთგზის, მას შემდეგ, რაც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და გამოძალვისათვის. მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ:
2003წ. 22 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე, ვ. კ. სხვა მგზავრებთან ერთად მგზავრობდა ¹23 სამარშუტო ავტობუსით ცოტნე დადიანის ქუჩიდან გლდანის მიმართულებით, რა დროსაც გადაწყვიტა მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის პირად ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მიაუხლოვდა მგზავრ ა. შ-ს, ჯიბეში ფარულად ჩაუყო ხელი, რაც შენიშნა ამ უკანასკნელმა და შეეცადა მის დაკავებას. ხსენებულთან დაკავშირებით, წარმოიშვა კონფლიქტი, რის გამოც ვ. კ-მა გადაწყვიტა ა. შ-ს მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ჯიბიდან ამოიღო დანა, რითაც მიაყენა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა ფილტვის ზედა ნაწილის დაზიანებით, რომელიც განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჩათვალა რა, რომ ა. შ-ს განზრახ მკვლელობა მოიყვანა სისრულეში, შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მაგრამ იმავე ავტობუსის მგზავრმა ო. კ-მ, დააკავა. წაართვა დანაშაულის იარაღი _ დანა და სურდა მისი პოლიციაში წარდგენა, რაც ვერ მოახერხა იმის გამო, რომ საჭირო გახდა ა. შ-სათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისთვისაც ეს უკანასკნელი გადაიყვანეს თბილისის ¹4 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ვ. კ-მა ისარგებლა არეულობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გატარებული სამძებრო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იგი დააკავეს 2003წ. 23 იანვარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საჩივრით დაზარალებულმა ა. შ-მ მოითხოვა: სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმება და ვ. კ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: ვ კ. ადრე არაერთხელ იყო ნასამართლევი, კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები მას არ გააჩნია. სასამართლო კოლეგიამ რეაგირების გარეშე დატოვა მისი მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ა. შ-მ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია ვალერიან კისაროვის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს მსჯავრდებულ ვ. კისაროვის მიმართ შეფარდებული სასჯელი იყოს აშკარად მსუბუქი და უსამართლო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.
ვ. კ. მსჯავრდებულია მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას _ თხუთმეტ წლამდე, ხოლო მკვლელობის მცდელობა, რისთვისაც დასჯილია ვ. კ., ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას _ სამიდან თორმეტ წლამდე. ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულ ვ. კ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მსუბუქ სასჯელად, მით უმეტეს საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯავრდებულ ვ. კ-ს მკვლელობის მცდელობისათვის შეფარდებული აქვს თითქმის სასჯელის ზომის მაქსიმუმი, რის გამოც არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი ლმობიერების მოტივით.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ არ ყოფილა განხილული სამოქალაქო სარჩელი, რადგან ასეთი სათანადო წესის დაცვით არ წარდგენილა.
დაზარალებულ ა. შ-ს უფლება აქვს, სამოქალაქო სარჩელისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლსი 23 მაისის განაჩენი ვ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.