საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 03.12.2003
საქმის ნომერი
2კ-101კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

# 101-კოლ 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულების: ზ. მ-ს, ი. გ-ს, ბ. ტ-ს, ვ. კ-სა და მათი ადვოკატების: ბ. ჯ-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ივლისის განაჩენით მიესაჯათ:

ბ. ტ-ს სსკ-ს 109-ე მუხლის `ი~, `ლ~ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `გ~, `დ~ ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 4 წლით. სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, ბ. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან 10 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, დანარჩენი 15 წელი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გ. ლ-ს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა”, `გ”, `დ” ქვეპუნქტებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, აქედან 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, დანარჩენი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მ. მ-ს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `გ~, `დ~ ქვეპუნქტებით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, 7 წელი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ი. გ-ს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `გ~, `დ” ქვეპუნქტებით _ 11 წლით, 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა”, `ბ”, `დ” ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა _ 12 წლით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 7 წლით. სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, 8 წელი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ვ. კ-ს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `გ~ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. მ-ს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `გ~ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

2000წ. აგვისტოში ი. გ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარს, ამჟამად მიმალვაში მყოფს და შესთავაზა მოეძებნა ისეთი პირები, რომლებიც გარდაბნის რაიონის სოფ. ყარაჯალაში მცხოვრებ კ. გ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას მოახდენდნენ. თავის მხრივ, მიმალვაში მყოფმა, ვ. ბ-ს საშუალებით, მოძებნა ბ. ტ., გ. ლ., მ. მ. და კიდევ ერთი პიროვნება. მიმალვაში მყოფმა და ი. გ-მა წააქეზეს და დაიყოლიეს ისინი, ჩაედინათ განზრახი დანაშაული _ კ. გ-სათვის წაერთმიათ ფული, უცხოური ვალუტა, ძვირფასეულობა და სხვა საოჯახო ნივთები. შეთანხმდნენ რა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, ი. გ. და მიმალვაში მყოფი პირი დაეხმარნენ ბოროტმოქმედებს, ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენაში, წინასწარ აჩვენეს კ. გ-ს სახლი და მისცეს რჩევა, თავდასხმა განეხორციელებინათ კვირიდან ორშაბათის ღამეს, როცა დიდი ბაზრობა იმართება თბილისში და სახლში მხოლოდ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები რჩებიან. შეთანხმდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და 2000წ. 10 სექტემბერს ბ. ტ. შეიარაღდა თვითნაკეთი რევოლვერით, მიმალვაში მყოფმა კი ვინმე `გოჩასაგან~ წამოიღო `კალაშნიკოვის~ სისტემის ავტომატური იარაღი. თავდამსხმელებს წინასწარ მომზადებული ჰქონდათ გამჭვირვალე წებოვანი ლენტი (ე.წ. `სკოჩი~), ბაწარი, ნიღბები, ფარნები და დანები. ბ. ტ., გ. ლ., მ. მ. და კიდევ ერთი პირი 2000წ. 10 სექტემბერს ჩავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფ. ყარაჯალაში და მივიდნენ კ. გ-ს სახლთან. რევოლვერით შეიარაღებული ნიღაბაფარებული ბ. ტ. პირველი შევიდა კ. გ-ს სახლის პირველ სართულზე. 10 წუთის შემდეგ მას შეჰყვნენ მ. მ. და ნიღაბაფარებული გ. ლ.. სამივე მათგანი ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთების, ფულისა და უცხოური ვალუტის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა კ. გ-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფული, უცხოური ვალუტა და ძვირფასეულობა. როცა უარი მიიღეს, განსასჯელმა ბ. ტ-მ ანგარებით და ყაჩაღობის გასაადვილებლად, განზრახ მოკვლის მიზნით, ფეხებითა და ხელებით დაუწყო ცემა კ. გ-ს, რომელსაც პირზე გადააკრა წებოვანი ლენტი, სხეული დაუსერა დანით, ხოლო რევოლვერი ჩაარტყა თავში. თავის ტვინის რბილ გარსებში მიყენებული საისხლჩაქცევების შედეგად კ. გ. ადგილზე იქნა მოკლული ბ. ტ-ს მიერ. თავდამსხმელებმა დაზარალებულისაგან გაიტაცეს 11200 აშშ დოლარი, თურქული წარმოების ორი ქურქი, მიცვალებულის კბილების პროთეზი, `კომსატის~ მარკის ორბიტალური ანტენის ბლოკი, 150 ლარი. სულ თავდამსხმელებმა კ. გ-ს ოჯახს მიაყენეს 23994 ლარის ზიანი.

ი. გ-მა დაუდგენელ პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა _ `ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც ინახავდა სახლში.

მანვე დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება `მარიხუანა~, რომელიც გადაზიდა სოფ. ყარაჯალაში. 2001წ. 5 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ი. გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 47,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება `მარიხუანა” და ხელყუმბარა. ი. გ. 2000წ. დეკემბერში კვლავ დაუკავშირდა ამჟამად მიმალვაში მყოფ პირს და შესთავაზა, მოეძებნა ისეთი პირები, რომლებიც სოფ. ყარაჯალაში მცხოვრებ ა. გ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას მოაწყობდნენ. თავის მხრივ, მიმალვაში მყოფმა მოძებნა ზ. მ., ვ. ა. და კიდევ ერთი პიროვნება. მიმალვაში მყოფმა და ი. გ-მა წააქეზეს ისინი, ჩაედინათ განზრახი დანაშაული _ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, თავს დასხმოდნენ ა. გ-ს ოჯახს და გაეტაცებინათ 5000 აშშ დოლარის ოდენობის ფული, უცხოური ვალუტა და სხვა ნივთები. შეთანხმდნენ რა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, ი. გ-მა და მიმალვაში მყოფმა ვ. კ-ს, ზ. მ-სა და კიდევ ერთ პირს წინასწარ აჩვენეს ა. გ-ს სახლი და ურჩიეს, თავდასხმა განეხორციელებინათ მაშინ, როცა ა. გ-ს ცოლი სახლში არ იქნებოდა. 2000წ. 30 დეკემბერს ზ. მაისურაძე., ვ. კ. და კიდევ ერთი პირი, მიმალვაში მყოფის კუთვნილი `ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით, ჩავიდნენ სოფ. ყარაჯალაში. დაახლოებით 22 საათზე ზ. მ., ვ. კ. და კიდევ ერთი პიროვნება, შეიარაღებულნი პისტოლეტით და დანებით, შევიდნენ ა. გ-ს სახლში და თავს დაესხნენ იქ მყოფებს _ ა. გ-ს და ა. ჩ-ს. ვ. კ-მა, ზ. მ-მ და კიდევ ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის გამოყენების მუქარით, წინასწარ მომზადებული წებოვანი ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს ა. გ-სა და ა. ჩ-ს, წააქციეს იატაკზე და სცემეს. აღნიშნულის შემდეგ მათ გაიტაცეს 2600 ლარი, `ზვეზდას~ მარკის და თურქული წარმოების ორი საათი, ოქროს საყურეები, ბეჭედი თეთრი ფერის თვლებით, ოქროს ჯაჭვი თავისი `კულონით”, `კურდღლის ყურის~ ფორმის საყურეები, სამკუთხედი ფორმის საყურეები, ოქროს ბეჭედი თვალის გარეშე, ოქროს ბეჭედი ამოვარდნილი თვალით, 400 აშშ დოლარი და `ერიქსონის~ მარკის მობილური ტელეფონები. თავდამსხმელებმა ა. გ-ს ოჯახს სულ მიაყენეს 4548 ლარის მატერიალური ზიანი.

ყაჩაღური თავდასხმის დროს ვ. კ-მა, ზ. მ-მ და კიდევ ერთმა პირმა გ-ს მიაყენეს ესკორაციები და სისხლნაჟღენთები სახისა და თხემის არეში, გულმკერდის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შერყევა. მითითებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ვ. კ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ დაუდგენელი მარკის პისტოლეტი საბრძოლო მასალასთან _ ვაზნებთან ერთად, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

საკასაციო საჩივრებით ითხოვენ:

მსჯავრდებული ი. გ. და მისი ადვოკატი ლ. მ. _ განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებითY შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია, რომ ი. გ-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი ემყარება ვარაუდებს, წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საპროცესო ნორმების დარღვევით;

მსჯავრდებული ბ. ტ. და მისი ადვოკატი ც. ზ. _ განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელმეორედ განხილვას. საჩივარში მიუთითებენ, რომ სასამართლომ არ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით, არასწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება მკვლელობის ეპიზოდში. ადვოკატის აზრით, მ. ტ-ს კ. გ-ის მოკვლის განზრახვა არა ჰქონია და ამ ეპიზოდში სასამართლოს მისი ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებინა სსკ-ს 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ა. შ.

მსჯავრდებული ვ. კ. და მისი ადვოკატები _ ზ. ჯ. და ლ. ს. _ განაჩენის შეცვლას: სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებას, საქმის წარმოებით შეწყვეტას, ბრალდების დანარჩენ ეპიზოდში მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას. ადვოკატების აზრით, მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ძარცვა და არა ყაჩაღობა;

მსჯავრდებული გ. ლ. და მისი ადვოკატი რ. მ. _ ყაჩაღობის ეპიზოდში განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას. ადვოკატის აზრით, მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ს 379-ე მუხლით. მისი აზრით, მსჯავრდებულმა გ. ლ-მა ჩაიდინა წინასწარ შეუპირებლად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და არა ყაჩაღობა;

მსჯავრდებული ზ. მ. _ განაჩენის გაუქმებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია, ი. გასანოვის სახლში არ შესულა და არც რაიმე ნივთი გაუტაცია, არის უკანონოდ მსჯავრდებული.

მსჯავრდებული მ. მ. განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა: ბ. ტ-ამ, ი. გ-მა, გ. ლ-მა, ვ. კ-მა, ზ. მ-მ, ადვოკატებმა: ც. ზ-მა, რ. მ-მა, ლ. მ-მა და ლ. ს-მა მოითხოვეს საკასციო საჩივრების დაკმაყოფილება.

დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ი-მ საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. დაზარალებული ნ. გ. დაეთანხმა ადვოკატ ს. ი-ს მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა განაჩენი ყველა მსჯავრდებულის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფიდეს ნაწილობრივ: პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. ტ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. უსაფუძვლოა საჩივრის მოტივები _ თითქოს მსჯავრდებულებს: გ. ლ-ს, ი. გ-ს, ზ. მ-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ და უკანონოდ არიან დასჯილები. საქმეში ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მან ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზ. მ-სთან და სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა. გ-ს ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, წინასწარი გამოძიების დროს მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულთა და მოწმეთა განმარტებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ნივთმტკიცებებით, მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულების: ბ. ტ-ს, გ. ლ-ს, ი. გ-ის, მ. კ-სა და სარევიზიო წესით _ მ. მ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: ი. გ-ს მიმართ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ს 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა”, `გ”, `დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან სსკ-ს 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა”, `ბ”, `გ” ქვეპუნქტები, რომლებითაც ი. გ. მსჯავრდებულია არაერთგზის ყაჩაღობაში თანამონაწილეობისა და წაქეზებისათვის, მოიცავს სსკ-ს 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის `ა”, `გ”, `დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მსაჯავრდებულ ვ. კ-ს მიმართ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულებმა: ვ. კ-მა, ზ. მ-მ და სხვა პირებმა ჩაიდინეს ყაჩაღური თავდასხმა, ამოღებული არ ყოფილა და, ამდენად, შეუძლებელი გახდა ბალისტიკური ექსპერტიზით მისი ვარგისიანობის შემოწმება.

ამასთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს: გ. ლ-ს, ი. გ-ს, ხოლო სარევიზიო წესით _ მ. მ-ს, განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეთ ორ-ორი წლით. სასჯელის შემსუბუქების მოტივად პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულები ნასამართლევები არ არიან. მსჯავრდებულებს: მ. მ-სა და ი. გ-ს კმაყოფაზე ჰყავთ ცოლ-შვილი, ი. გ. მესამე ჯგუფის ინვალიდია. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დაავადებულია ტუპერკულოზით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებმა: ბ. ტ-მ, ი. გ-მა, გ. ლ-მა, მ. მ-მ სასჯელები უნდა მოიხადონ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მათ მიერ სასჯელის გარკვეული ნაწილის საპყრობილეში მოხდის შესახებ; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ივლისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ განაჩენიდან ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა”, `გ” და `დ” ქვეპუნქტები და ამ მუხლებით შეფარდებული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვ. კ-ს მიმართ განაჩენიდან ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები და ამ მუხლის ნაწილებით შეფარდებული სასჯელები _ 2 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება შეფარდებული სასჯელებიდან ბ. ტ-ს – 10 წლით, ხოლო გ. ლ-ს, მ. მ-ს, ი. გ-ს მიერ _ 5-5 წლით საპყრობილეში მოხდის შესახებ.

მსჯავრდებულებს: გ. ლ-ს, მ. მ-ს, ი. გ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეთ 2-2 წლით და მოსახდელად დარჩეთ: გ. ლ-ს, მ. მ-ს – 10-10, ხოლო ი. გ-ს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებმა: ბ. ტ-მ, გ. ლ-მა, მ. მ-მ, ი. გ-მა სასჯელი მოიხადონ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მსჯავრდებულ ვ. კ-ს მოსახდელად დარჩეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა” და `გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგივე განაჩენი ზ. მ-ს მიმართ, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა” და `გ” ქვეპუნქტებით შეფარდებული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.