საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.12.2003
საქმის ნომერი
2კ-131კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 131-კოლ 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ.ქ-სა და მსჯავრდებულ დ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ფ.ჯ-სა და ი.ჯ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 აგვისტოს განაჩენით ო. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 1995წ. 2 ივნისის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ო.ბეშიას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991წ. 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ო.ბეშიას საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 1995წ. 1 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი _ 5 წელი და მოსახდელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ს მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით ლ. ქ., კ. ც. და ბ. ჯ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ს 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალათ პირობით, 2-2 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით ო. ბ-ს, დ. ფ-ს, ლ. ქ-ს, კ. ც-სა და ბ. ჯ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად; ო.ბ-ს მსჯავრი დაედო ასევე თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ო. ბ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991წ. 16 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდიდა ქ.რუსთავის ¹123/29 დაწესებულებაში. იგი არ დაადგა გამოსწორების გზას. 1992წ. 9 თებერვალს მსჯავრდებულებთან: ბ. გ-თან, ნ. ს-სთან და მ. ხ-სთან წინასწარი შეთანხმებით, მე-4 და მე-5 საგუშაგოს შორის მთავარი ამკრძალავი ღობის გადალახვით მოახდინა ჯგუფური გაქცევა და მიიმალა. აღნიშნულზე 1992წ. 2 მარტს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსს აღმასრულებელი სამმართველოს საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გამოცხადდა ო.ბ-ს ძებნა. მიმალვაში მყოფმა ო.ბ-მ ქ.სოჭში ჩაიდინა ქურდობა და დოკუმენტების გაყალბება, რისთვისაც მსჯავრდებულ იქნა ქ.სოჭის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 1995წ. 1 მარტის განაჩენით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი მოიხადა 1999წ. 24 ნოემბერს, რის შემდეგაც დაბრუნდა საქართველოში.

2003წ. 4 იანვარს ძებნაში მყოფი ო.ბ. წინასწარ შეუთანხმდა დ. ფ-ს, ლ. ქ-ს, ბ. ჯ-სა და კ. ც-ს, რომ დახმარებოდნენ ქ.ჯვარში მცხოვრებ მ. ქ-ს ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებაში. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ო.ბ. და კ.ც. ზემოაღნიშნულ პირებს დაელოდნენ ქ.ჯვარის ბენზინგასამართ სადგურთან. იმავე დღეს, 15 საათზე, დ.ფ-მ ბ.ჯ-მ და ლ.ქ-მ ამ უკანსაკნელის მართვის ქვეშ მყოფი “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანაში მოტყუებით ჩასვეს მ.ქ. და მიიყვანეს ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ავტომანქანაში ჩასხდნენ კ.ც. და ო.ბ., რომელმაც წინადადება მისცა მ.ქ-ს, ცოლად გაჰყოლოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და აქტიური წინააღმდეგობა გაუწია გამტაცებლებს. დაიწყო ყვირილი და უხმობდა მშველელს, კატეგორიულად ითხოვდა უკან დაბრუნებას. საპასუხოდ გვერდით მჯდომმა კ.ც-მ და ბ.ჯ-მ მას გაუკავეს ხელები და ჩაუკეტეს კარი. გამტაცებლებმა მ.ქ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაიყვანეს ქ.ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, სადაც ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობისას მან დაინახა რეიდზე მყოფი პოლიციის მუშაკები და დაიწყო კივილი. პოლიციელებმა მძღოლს გაჩერების ნიშანი მისცეს, მაგრამ ლ.ქ. არ დაემორჩილა, სვლა გააგრძელა და შეეცადა გაქცევას. პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ მათ, იძულებით გააჩერებინეს ავტომანქანა და ადგილზე დააკავეს ო.ბ., დ.ფ., ლ.ქ., კ.ც. და ბ.ჯ., რომლებმაც 2003წ. 4 იანვარს, 15 საათიდან 16 საათამდე პერიოდში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მ.ქ-ს.

მსჯავრდებულ ო.ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ო.ბ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით: საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, რომ ო.ბ-მ პირთა ჯგუფთან ერთად მოახდინა გაქცევა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან; განაჩენი როგორც სსკ-ს 379-ე, ისე 143-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილებში არის აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან.

მსჯავრდებულ დ.ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ფ.ჯ. და ი.ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ დ.ფ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და მოპოვებული მტკიცებულებები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს.

პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს ო.ბ-სა და დ.ფ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და მხოლოდ დაუშვებელ მტკიცებულებებს ემყარება.

როგორც დაზარალებულ მ.ქ-ას მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, 2003წ. 4 იანვარს იგი იმყოფებოდა წალენჯიხის რაიონის ქ.ჯვარში მდებარე სავაჭრო ჯიხურში. დაახლოებით 15 საათზე ლ.ქ-ს ავტომანქანით მასთან მივიდნენ დ.ფ. და ბ.ჯ.. დ.ფ-მ სთხოვა, დახმარებოდა მობილური ტელეფონის გაყიდვაში და ამ საბაბით ჩაისვეს ავტომანქანაში. გზაზე მათ გააჩერეს ავტომანქანა, რა დროსაც მის გვერდით დაჯდა კ.ც., ხოლო წინა სალონში _ ო.ბ., რომელმაც მას შესთავაზა ცოლად გაყოლა, რაზეც მან სასტიკი უარი განუცხადა და დაიწყო ყვირილი. მიუხედავად ამისა, მ.ქ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ქ.ზუგდიდის მიმართულებით. იგი გზაში გამტაცებლებს უწევდა აქტიურ წინააღმდეგობას, მაგრამ კ.ც-მ და ლ.ქ-მ გაუკავეს ხელები. ქ.ზუგდიდის კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთ საგუშაგოსთან შენიშნა პოლიციელები და მათ გასაგონად დაიწყო ყვირილი. ისინი დაედევნენ მათ და გააჩერეს. მან პოლიციელებს აუხსნა თავისი მდგომარეობა, რის შემდეგაც ო.ბ. და მისი თანმხლები პირები წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში.

მართალია, არც წინასწარი გამოძიების ეტაპზე და არც საქმის სასამართლოში განხილვისას ო.ბ-მ თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას მან ფაქტობრივად აღიარა ჩადენილი დანაშაული, როდესაც განმარტა, რომ როცა მან გზაში მ.ქ-ს განუცხადა, რომ იმ დღიდან იგი მისი ცოლი იყო, ამაზე მ.ქ. არ დაეთანხმა, რასაც ყურადღება არ მიაქციეს და წავიდნენ ქ.ზუგდიდის მიმართულებით. გზაზე პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე მ.ქ-მ ატეხა კივილი, რის გამოც მათ გამოეკიდნენ პოლიციელები და დააკავეს ისინი. ანალოგიური ჩვენება აქვს ო.ბ-ს მიცემული ბრალდებულის სახით დაკითხვის დროსაც.

გარდა ამისა, მ.ქ-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი ასევე დადასტურებულია ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს ენგურქაღალდკომბინატის პოლიციის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორ ზ.ნ-სა და ენგურქაღალდკომბინატის მორიგის თანაშემწე გ.ა-ს ჩვენებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, პალატა თვლის, რომ სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა ო.ბ-სა და სხვა მსჯავრდებულების ჩვენებები წინასწარი გამოძიების დროს მათი ჩვენებების არასწორად დაფიქსირების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დამატებითი მოწმის სახით დაიკითხა წალენჯიხის რაიონის პროკურორის თანაშემწე დ.წ., რომელმაც განმარტა, რომ მსჯავრდებულები დაიკითხნენ საპროცესო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლომ ასევე სამართლიანად არ გაიზიარა დაზარალებულ მ.ქ-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს მას არანაირი უკმაყოფილება არ გამოუხატავს, როდესაც ო.ბ-მ განუცხადა, რომ ცოლად მიჰყავდა და პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე მოულოდნელად ატეხა კივილი, რადგანაც აღიშნული ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დანარჩენ მსჯავრდებულებს _ ლ.ქ-ს, ბ.ჯ-სა და კ.ც-ს განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ.

საქმზე შეკრებილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ო.ბ-მ 1992წ. 9 თებერვალს მე-4 და მე-5 საგუშაგოს შორის მთავარი ამკრძალავი ღობის გადალახვით მოახდინა ჯგუფური გაქცევა და მიიმალა. აღნიშნული დადასტურებულია ქ.რუსთავის დაწესებულება უი 123/29-ის მუშაკების მიერ შედგენილი აქტით, რომლითაც დადგენილია, რომ 1992წ. 9 თებერვალს ოთხი მსჯავრდებული გაიქცა. გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები პრეიდუციულადაა დადგენილი ო.ბ-ს თანამონაწილის _ ნ.ს-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ო.ბ-სა და დ.ფ-ს, იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაული არ იყო დაკავშირებული ანგარებასთან ან სხვა ქვენა გრძნობასთან და მიზნად ისახავდა ოჯახის შექმნას, უნდა შეუმცირდეთ აღნიშნული ქმედებისთვის შეფარდებული სასჯელები და განესაზღვროთ: ო.ბ-ს _ 3 წლითა და 6 თვით, ხოლო დ.ფ-ს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ო. ბ-ს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით შეეფარდოს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ო.ბ-ს განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991წ. 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ო. ბ-ს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 1995წ. 1 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი _ 5 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ფ-ს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ს მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.