საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 256-აპ 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განაჩენით დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 3 წლით, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ 6 წლით, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 8 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლის ვადით.
ამავე სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს კერძო დადგენილებით სენაკის რაიონის პროკურორის ყურადღება მიექცა საქმის წინასაწრი გამოძიების დროს დაშვებულ დარღვევებზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 აგვისტოს განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენი დ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით დ.ა-ს მსჯავრი დაედო სიმთვრალეში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2001წ. 23 ივლისს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, ..., სოფ. შხეფიდან სენაკის ცენტრის მიმართულებით 35-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ბ. ხ-ს კუთვნილი ეტლიანი მოტოციკლი “ურალი”, რომელსაც მისი არასრულწლოვანი შვილი.. წელს დაბადებული გ. ხ. მართავდა. მის უკან, მოტოციკლზე, იჯდა მისი მეზობელი ზ. ლ., ხოლო ს. და თ. ღ-ები, თ. ჩ., ზ. ჯ. და დ. წ. ისხდნენ მისაბმელ ეტლში. მოტოციკლი მოძრაობდა თავისი გზის სავალ ნაწილზე. როდესაც სენაკის მე-7 საშუალო სკოლის შენობას მიუახლოვდა, ამ დროს მათ საწინააღმდეგოდ, “ურალის” მარკის მოტოციკლის სავალი გზის მარჯვენა მხარეს, უნომრო “იჟ-იუპიტერის” მოდელის მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა დ. ა. ისე, რომ მათ შორის დაშორება იყო დაახლოებით 15 მეტრი. დ.ა-მ დაარღვია მოძრაობის წესების 14.1 და 27.1 მუხლების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც ვალდებული იყო, ემოძრავა გზის მარჯვენა მხარეს, ასევე ზოლიდან ზოლში გადასვლისას მოხვევის მანევრი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო. დ.ა--მ მოტოციკლით მოულოდნელად სწრაფად დაიწყო გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლი შეეჯახა მოტოციკლ “ურალის” ეტლს და გადააგდო გვერდულა მხარეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოტოციკლ “ურალის” მძღოლმა გ.ხ-მ მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო იქვე მჯდომმა თ. ღა-მ _ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ზ. ჯ-ს, ს. ღ-ს, თ. ჩ-ს და ზ. ლ-ს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, ეტლში მჯდომმა დ. წ-მ კი მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და შემთხვევიდან 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა, თვით “იჟ-იუპიტერის” მძღოლმა დ.ა-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
მსჯავრდებული დ.ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, გამოძიების მიერ მოპოვებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ის მთვრალი იყო, ასევე ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს, რომ იგი საპირისპირო ზოლში მოძრაობდა. ამას ვერც ავტოტექნიკური ექსპერტები ადგენენ.
დაზარალებული გ.ხ. და დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ.წ. შესაგებლებით ითხოვენ დ.ა-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ბ.გ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დ.ა-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, დაზარალებულების: გ. ხ-ს, ზ. ლ-ს, ს. და თ. ღ-ების, თ. ჩ-ს, ზ. ჯ-სა და მოწმე დ. ჯ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით უდავოდაა დადასტურებული დ.ადამიას მიერ მისთვის განაჩენით შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
დაზარალებული გ.ხ. როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის ყველა ეტაპზე თანმიმდევრულად აჩვენებდა, რომ 2001წ. 23 ივლისს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მამის _ ბ.ხ-ს კუთვნილი “ურალის” მარკის მოტოციკლით მოძრაობისას ქ.სენაკის მე-7 საშუალო სკოლასთან, საავტომობილო გზის უკიდურეს, თავისი ნაწილის მარჯვენა მხარეს, მისგან დაახლოებით 50 მეტრის დაცილებით, შენიშნა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორბორბლიანი მოტოციკლი. დაახლოებით 15 მეტრამდე მიახლოებისას მოტოციკლის მძღოლმა დაიწყო გზის გადაკვეთა მარჯვნიდან მარცხნივ. საფრთხის თავიდან ასაცილებლად გ.ხ-მ თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ურალის” მარკის მოტოციკლის საჭე მიმართა მარცხნივ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეჯახების თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო და ორბორბლიანი მოტოციკლი შეეჯახა მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის ეტლს, რომელშიც ისხდნენ დ. წახნაგია, ზ. ჯოჯუა, ზ. ლომია, თ. ჩ., ს. და თ. .
ეტლიანი და ორბორბლიანი მოტოციკლების შეჯახების ფაქტს ეტლიანი მოტოციკლის სავალ ნაწილზე ადასტურებენ აგრეთვე ეტლში მსხდომი პირები და შემთხვევის ადგილზე მყოფი დ.ჯ..
საქმეზე ჩატარებული როგორც პირველი, ასევე განმეორებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ მოცემულ ვითარებაში ეტლიანი მოტოციკლის “ურალის” მძღოლ გ.ხ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება), არ აღინიშნება. ორთვლიანი მოტოციკლის “იჟ-იუპიტერის” მძღოლის დ.ა-ს მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის და ამავე კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ დ.ა-ს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და იგი მოძრაობდა თავისი გზის სავალ ნაწილზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დ.ა. მოტოციკლს მართავდა მთვრალი. სენაკის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და მორიგე ექიმის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დ.ა-ს საავადმყოფოში მოთავსებისას პირიდან აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ დ.ა-ს უნდა მოეხსნას სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც არასწორად წარდგენილი, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. ა-ს მოეხსნას სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და მის მიმართ საქმე ან ნაწილში შეწყდეს.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.