საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 264-აპ 25 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ ზ.რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 14 ივლისის განაჩენზე გ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის განაჩენით გ. გ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 14 ივლისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და, სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით გ.გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003 წლის 30 იანვარს გ. გ-ემ მორგებული გასაღებით შეაღწია ¹31 საშუალო სკოლის შენობაში, ე. ვ-ს სამუშაო ოთახში და ფარულად დაეუფლა მის ხელჩანთას. დერეფანში იგი შენიშნა ე.ვ-მ და სთხოვა, გაჩერებულიყო, რათა ხელჩანთა დაებრუნებინა, მაგრამ გ.გ. არ დაემორჩილა ამ თხოვნას და სცადა მიმალვა. მას დაედევნენ ე.ვ. და სკოლოს თანამშრომლები. პოლიციის მუშაკებმა გ.გ. დააკავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორი ზ.რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში; გ.გ-მ ჩაიდინა დამთავრებული დანაშაული, იგი არის ნასამართლევი და შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პროკურორი ე.ქ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ გ.გ-მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, დამთავრებული დანაშაულის სახით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.გ. ე.ვ-ს კუთვნილ ხელჩანთას დაეუფლა ფარულად საკლასო ოთახში, სადაც არავინ იმყოფებოდა. იგი დაზარალებულმა შენიშნა დერეფანში და დაედევნა მას, ე.ი. გ.გ-ს ქმედება დაიწყო ქურდობით, რაც მას შემდეგ, როცა იგი არ დაემორჩილა დაზარალებულის მოთხოვნას, გადაიზარდა ძარცვაში. უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან გ.გ. დაიჭირეს არა სკოლის შენობაში, არამედ _ შენობის გარეთ, მისი ქმედება უნდა ჩაითვალოს დამთავრებულ დანაშაულად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებული და სკოლის თანამშრომლები მაშინვე დაედევნენ გ.გ-ს, ე.ი. დაზარალებულისა და სხვა პირების მხრიდან გ.გურეშიძის დევნა მიმდინარეობდა განუწყვეტლად, რის გამოც გატაცებული ქონება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არ გადასულა და მას ნივთის განკარგვის საშუალება არ მისცემია. მოცემულ შემთხვევაში პირი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს, ხოლო შემდეგ, ვინაიდან იგი შენიშნეს გატაცებული ნივთით, შეიცვალა გატაცების ხერხი და ქმედება გადაიზარდა ნივთის აშკარა დაუფლებაში. ასეთ შემთხვევაში დამნაშავე პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ძარცვის შემადგენლობა ქმედების თავდაპირველი მაკვალიფიცირებელი ნიშნებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გ.გ-ს ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და სწორად დააკვალიფიცირა იგი ძარცვის ჩადენის მცდელობად, არაერთგზის, ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ.გ-ს სასჯელი განუსაზღვრა ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხარისხის, მისი პიროვნების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და თვლის, რომ განაჩენი გ.გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 14 ივლისის განაჩენი გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.