განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 431 16 ოქტომბერი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ჯ. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის განჩინება ზ. ც-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების (განჩინების) უცვლელად დატოვებას.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 14 აგვისტოს ჯ. კ-ძემ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონის პროკურორს, რომელშიც მიუთითა, რომ მეზობელი ზ. ც-ძე 9 აგვისტოს, ღამით, შეეცადა მის გაუპატიურებას, რომლის დროსაც მიაყენა სხეულის დაზიანება. გარდა ამისა, ადრე ც-ძემ მისი მცირეწლოვანი ქალიშვილების წინაშე რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
განცხადების ირგვლივ ჩატარებული შემოწმების შემდეგ ოზურგეთის რაიონის პროკურორის თანაშემწემ 2000 წლის 29 აგვისტოს ზ. ც-ძის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 141-ე მუხლით მცირეწლოვან ა. კ-ძის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2000 წლის 4 სექტემბრის დასკვნით ჯ. კ-ძეს დაუდგინდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
გამომძიებლის 2000 წლის 6 სექტემბრის დადგენილებით ზ. ც-ძე ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად ჯ. კ-ძის გაუპატიურების მცდელობაში და ამ უკანასკნელის მცირეწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მაგრამ 9 ოქტომბერს იმავე გამომძიებლის მიერ ეს დადგენილება გაუქმდა იმის გამო, რომ ვერ მოიპოვა სათანადო მტკიცებულებანი ზ. ც-ძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.
2000 წლის 13 დეკემბერს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება “სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ”. ამ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია: “შეწყვეტილ იქნეს სისხლის სამართლის საქმე ზ. ც-ძის წინააღმდეგ ჯ. კ-ძის მცირეწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის არარსებობის გამო. არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა ზ. ც-ძის მიმართ ჯ. კ-ძის განცხადებასთან დაკავშირებით გაუპატიურობის მცდელობის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის არარსებობის გამო”.
2000 წლის 18 დეკემბერს ზ. ც-ძე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯ. კ-სათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით. ამავე ბრალდებით 2001 წლის 26 იანვარს საქმე განსახილველად წარიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 10 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა დაზარალებულ ჯ. კ-ძის შუამდგომლობა და საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგი მოტივით: “სასამართლო არ ეთანხმება საბრალდებო დასკვნით განსაზღვრულ კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ დაზარალებულის შუამდგომლობის საფუძველზე ზ. ც-ძეს უნდა წარედგინოს ბრალდება სსკ-ის 141-ე, 23,137-ე და 118-ე მუხლებით, რასაც საკმარისი საფუძველი გააჩნია, მაგრამ არასწორი შეფასება აქვს მიცემული. გამოძიებამ უნდა დაიცვას ქალის სქესობრივი თავისუფლება, ღირსება, მცირეწლოვნების ინტერესები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო ქარტიის შესაბამისად”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 2 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივარი, გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება (დადგენილება) და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალმხრივად და არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები, დაარღვია კანონი მტკიცებულებათა შეკრებისა და მხარეთა შეჯიბრებითობის წესის თაობაზე, გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული, ატარებს ტენდენციურ ხასიათს, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-მ მხარი დაუჭირა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წინასწარი გამოძიება მოცემულ საქმეზე ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევით, რის გამოც საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გამომძიებლის დადგენილებით ზ. ც-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ იმ დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია კანონით არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის. 2000 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით კი ამ საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ ზ. ც-ძეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.. სხვა დანაშაულებრივი ქმედებისათვის ზ. ც-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აღძრული საქმის შეწყვეტის შემდეგ, კანონის უხეში დარღვევით, ზ. ც-ძე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯ. კ-ძისათვის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ბრალდებით. ე.ი. პიროვნება პასუხისგებაში მიეცა ისე, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა განსახილველად, მის მიერ დადგენილი გამამატყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი ყველა შემთხვევაში გასაუქმებელი იქნება.
გარდა ამისა, გამოძიებამ უხეშად დაარღვია ზ. ც-ძის დაცვის უფლება, რაც ასევე საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველია. სახელდობრ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ზ. ც-ძემ გამოძიების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა მიანდო ადვოკატს, რომლის მიერ აღძრული შუამდგომლობის განხილვის შედეგი ბრალდებულს არც გაეცნო და არც წერილობით გაეგზავნა.
პალატა არ ეთანხმება რა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს იმ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ ზ. ც-ძეს გამოძიებამ აუცილებლად უნდა წარუდგინოს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 141-ე, 23,137-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ამასთან მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია აშკარად არასრულყოფილად და ზერელედ. საქმის გარემოებანი გამოკვლეული არ არის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა.
სრულყოფილი, საპროცესო ნორმების დაცვით ჩატარებული დამატებითი გამოძიების შემდეგ გამოძიებამ ობიექტურად უნდა შეაფასოს შეკრებილი მტკიცებულებანი და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
გამოძიებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და კანონის მოთხოვნა ზედმიწევნით დაიცვას გარყვნილი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით მცირეწლოვანი ბავშვების დაკითხვის და მათი მონაწილეობით სხვა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს. მიზანშეწონილია, ყოველივე ეს მოხდეს გამოცდილი პედაგოგისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით და არა მომჩივნის დასწრებით, როგორც ეს გამოძიებამ ადრე გააკეთა. ამავე საკითხთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიების მიერ აუცილებლად უნდა დაიკითხოს მომჩივნის დედა _ ლ. დ-ძე.
გამოძიებამ უფრო სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ჯ. კ-ძისათვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი, ადგილი და მოტივი. ჯ. კ-ძე არც საჩივარში და არც დაკითხვებში არ მიუთითებს, როდის და რით მიიღო მან თავის ტვინის შერყევა. საჭიროა საქმეს დაერთოს ავადმყოფის ამბოლატორიული მკურნალობის ინდივიდუალური ბარათის ქსეროასლი, დეტალურად დაიკითხოს თვითონ ჯ. კ-ძე და ჩატარდეს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ც-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.