საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 03.12.2001
საქმის ნომერი
2კ-71კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 71-კოლ 3 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობით

პალატის წევრების:

მერაბ ტურავას,ვალერი ხრუსტალის,ბადრი მეტრეველის,ნანა კლარჯეიშვილის,გოდერძი ბორჩხაძის,მურმან ისაევის,ნინო გვენეტაძის,თამარ ლალიაშვილის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ჭ-ის და ა. ჭ-ს, დაზარალებულ დ. ბ-ძის, დაზარალებულების ზ. რ-შვილის, დ. ჯ-ძის უფლებამონაცვლეთა წარმომადგენლის ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ზ. ლ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104 მუხლის II და IV პუნქტებით, 17, 151-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი), 239-ე მუხლის I და III ნაწილებით, და შეეფარდა 15 წლით თ/აღკვეთა. “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილებით ზ. ლ-ძეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი 13 წელი, 3 თვე და 3 დღე გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 6 წელი, 7 თვე და 16 დღე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ლ-ძე განაჩენით მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის: 1991 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 14 საათსა და 45 წუთზე, ზ. ლ-ძე იმყოფებოდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. მასთან ერთად იყვნენ მისი ნაცნობები: კ. ბ-ძე, დ. მ-შვილი და გ. ჩ-შვილი. ამ დროს მათ უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის, სამანქანო გზასთან, შენიშნეს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი დ. ჯ-ძე, რომელსაც შავი ფერის ტყავის ქურთუკი ეცვა.

ზ. ლ-ძემ, კ. ბ-ძემ, დ. მ-შვილმა და გ. ჩ-შვილმა განიზრახეს დ. ჯ-ძისათვის გაეხადათ და წაერთმიათ 80 აშშ დოლარად ღირებული ტყავის ქურთუკი. შეთანხმებისამებრ ისინი მივიდნენ დ. ჯ-ძესთან და ძალადობით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, შეეცადნენ ტყავის ქურთუკის წართმევას. ქურთუკი სანახევროდ გახადეს კიდეც. ქურთუკის გახდისას დ. ჯ-ძე მათ წინააღმდეგობას უწევდა.

ამ დროს შემთხვევის ადგილიდან 7-8 მეტრში იდგა დ. ჯ-ძის თანაკურსელი დ. ბ-ძე ნაცნობ ლ. გ-შვილთან ერთად. დ. ბ-ძემ შენიშნა თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა დ. ჯ-ძე თავდამსხმელებს. მივიდა მათთან და სთხოვა თავი დაენებებინათ დ. ჯ-ძისათვის. თავდამსხმელებმა კამათი დაუწყეს დ. ბ-ძეს იმის შესახებ, თუ რატომ ეხმარებოდა დ. ჯ-ძეს. დ. ბ-ძის პასუხზე, რომ იგი დ. ჯ-ძის მეგობარი იყო, მას გ. ჩ-შვილმა სახეში ხელი გაარტყა, რის შემდეგ დ. ჯ-ძეს და დ. ბ-ძეს ზ. ლ-ძემ, კ. ბ-ძემ, გ. ჩ-შვილმა და დ. მ-შვილმა ცემა დაუწყეს. ჩხუბის დროს დ. ბ-ძემ დ. მ-შვილის ხელში დანა შენიშნა. მოძალადეებმა შეძლეს დ. ბ-ძის და დ. ჯ-ძის წაქცევა, დაუწყეს მათ ლანძღვა-გინება და ხელებით და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მათი ხულიგნური მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს, რა დროსაც შეიკრიბნენ მოქალაქეები, რამაც მათი სამართლიანი აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს ზ. ლ-ძის, კ. ბ-ძის, დ. მ-შვილის და გ. ჩ-შვილის ხულიგნური მოქმედების აღკვეთა, რის შემდეგაც ისინი პირველ კორპუსისაკენ წავიდნენ, ხოლო დ. ბ-ძე და დ. ჯ-ძე მეორე კორპუსის მიმართულებით. ცემის შედეგად დ. ჯ-ძემ თავის არეში, შუბლთან, მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

დ. ჯ-ძემ და დ. ბ-ძემ გადაწყვიტეს, მომავალში რომ არ განმეორებულიყო მსგავსი შემთხვევა და მდგომარეობა უფრო არ გართულებულიყო, ენახათ მძარცველები და მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოეგვარებინათ მათ შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა.

ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე, დ. ბ-ძე და დ. ჯ-ძე თანაკურსელებთან – კ. ი-შვილთან, ა. ბ-შვილთან, ი. ტ-ძესთან, თ. ქ-ავასთან, ე. თ-ავასთან, ხ. კ-ავასთან, მ. ქ-შვილთან და ს. ქ-ძესთან ერთად გაემართნენ თსუ პირველი კორპუსის მიმართულებით. თსუ პირველ კორპუსთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მიახლოებისას მათთან მივიდნენ ზ. ლ-ძე და კ. ბ-ძე. ზ. ლ-ძე და კ. ბ-ძე განაწყენებულნი იყვნენ იმით, რომ დ. ჯ-ძეს ვერ წაართვეს ქურთუკი. მათ დ. ბ-ძეს და დ. ჯ-ძეს ცინიკურად მოსთხოვეს უნივერსიტეტის ბაღში გასულიყვნენ, სადაც მათივე თქმით საქმის გასარჩევად ქურდი ელოდებოდა. თანაკურსელებმა ზ. ლ-ძეს დაუნახეს რა დანა, დ. ბ-ძეს და დ. ჯ-ძეს ურჩიეს, არ გაჰყოლოდნენ და ადგილზე გაერკვიათ, თუ რატომ ართმევდნენ ქურთუკს. ზ. ლ-ძისა და კ. ბ-ძის თავხედური და ცინიკური მოქმედებიდან გამომდინარე, ურთიერთობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, კ. ი-შვილმა ურჩია დ. ჯ-ძეს, გაეხადა და მიეცა ქურთუკი მძარცველებისათვის, რაც დ. ჯ-ძემ დააპირა კიდეც, მაგრამ ზ. ლ-ძემ უპასუხა, რომ ქურთუკი უკვე აღარ უნდოდა. როდესაც დ. ჯ-ძემ და დ. ბ-ძემ ზ. ლ-ძის და კ. ბ-ძის დაჟინებულ, გამომწვევ და ცინიკურ მოთხოვნას საქმის გასარჩევად უნივერსიტეტის ბაღში გასულიყვნენ, კვლავ უარით უპასუხეს, ზ. ლ-ძემ მათ მიაყენა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა-შეაგინა, ხოლო კ. ბ-ძემ დ. ბ-ძეს სახეში მუშტი დაარტყა. დ. ბ-ძის და დ. ჯ-ძის თავდაცვითი, საპასუხო დარტყმების შედეგად, მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ზ. ლ-ძე ეჩხუბებოდა დ. ჯ-ძეს, ხოლო კ. ბ-ძე დ. ბ-ძეს. ჩხუბი გაგრძელდა არაუმეტეს ერთი წუთისა, რა დროსაც ზ. ლ-ძემ ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, დ. ჯ-ძეს დანა ორჯერ დაარტყა გულ-მკერდის არეში. მეორე დარტყმის შემდეგ ზ. ლ-ძეს დანა გაუვარდა, რომელიც უმალვე აიღო და იქვე მყოფ კ. ი-შვილს მოუღერა. ამ უკანასკნელის სიტყვებზე, რომ მუცელში არ დაერტყა, ზ. ლ-ძე მიტრიალდა დ. ჯ-ძისა და დ. ბ-ძის თანაკურსელ ზ. რ-შვილისკენ, რომელიც ჩხუბის ადგილიდან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კედელთან წიგნებით ხელში იდგა და ჩხუბში არ მონაწილეობდა, იგი აღნიშნული ფაქტის შემთხვევითი შემსწრე იყო. ზ. ლ-ძემ უმოტივოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ დაარტყა მასაც დანა, პირველად გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, ხოლო მეორედ მარცხენა ნახევარში.

დ. ჯ-ძე და ზ. რ-შვილი გადაყვანილ იქნენ თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მიღებული დაზიანებებისგან დ. ჯ-ძე იმავე დღეს, 19 საათსა და 30 წუთზე გარდაიცვალა, ხოლო ზ. რ-შვილი მეორე დღეს, 12 საათზე.

ზ. ლ-ძის და კ. ბ-ძის ხულიგნურ მოქმედებაზე შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ხალხი, ილია ჭავჭავაძის გამზირზე შეჩერდა მოძრაობა 10-15 წუთით, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

ჩადენილი დანაშაულისათვის წინასწარი გამოძიების მიერ ზ. ლ-ძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 151-ე მუხლის II ნაწილით, 228-ე მუხლის II, III ნაწილებით და 104-ე მუხლის II, IV პუნქტებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი).

აღნიშნული დანაშაულისათვის წინასწარი გამოძიების მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, ასევე, კ. ბ-ძე და დ. მ-შვილი საქართველოს სსკ-ის მე-17, 151-ე მუხლის II ნაწილით და 228-ე მუხლის II ნაწილით, ხოლო გ. ჩ-შვილი იმავე კოდექსის 228-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი). კ. ბ-ძისა და გ. ჩ-შვილის მიმართ ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 12 მარტის განჩინებით საქმე წარმოებით შეწყდა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დ. მ-შვილის მიმართ ამავე ამნისტიის საფუძველზე წინასწარი გამოძიების მიერ საქმე წარმოებით შეწყდა 1992 წლის 5 მარტს.

იმის გამო, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ. ლ-ძე მიიმალა და გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, 1991 წლის 25 აპრილს მის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და გამოცხადდა ძებნა.

ზ. ლ-ძე 1999 წლის 25 ნოემბერს ნებაყოფლობით გამოცხადდა ქ. თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში. იმავე დღიდან იმყოფება პატიმრობაში.

კასატორები მსჯავრდებული ზ. ლ-ძე და მისი ინტერესების დამცველები კ. ჭ-ე და ა. ჭ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ზ. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენში გაკეთებული არც ერთი დასკვნა ზ. ლ-ძის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

კასატორთა განმარტებით, სასამართლო გასცდა ზ. ლ-ძისათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, მისცა რა არასწორი სამართლებრივი შეფასება დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამ მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ზ. ლ-ძეს ქურთუკის აშკარა გატაცების არანაირი განზრახვა არ ჰქონია. ზ. ლ-ძე ვერ იქნებოდა შემთხვევის დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, სადაც, საბრალდებო დასკვნის თანახმად, თითქოს მას და მასთან მყოფ პირებს წარმოეშვათ დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გახდის განზრახვა. კასატორთა მითითებით, კი სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ. ლ-ძე კ. ბ-ძესა და ზ. მ-შვილთან უნივერსიტეტის ეზოში კი არ იდგა, არამედ ეზოს გარეთ, პირველი კორპუსის წინ, საიდანაც დაინახეს პირველი კორპუსის ბოლოში, 48 მეტრის მოცილებით მდგარი დ. ბ-ძე და დ. ჯ-ძე და აქ მიიღეს გადაწყვეტილება ტყავის ქურთუკის წართმევის თაობაზე.

კასატორთა მითითებით, სასამართლო კიდევ ერთხელ გასცდა ზ. ლ-ძისათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, როდესაც განაჩენით დადგენილად ცნო, რომ პირველი ჩხუბის დროს ზ. ლ-ძემ და მასთან მყოფმა პირებმა წააქციეს და სცემეს დ. ბ-ძეს და დ. ჯ-ძეს, რა დროსაც დ. ჯ-ძემ ცემის შედეგად თავის არეში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მაშინ, როდესაც საბრალდებო დასკვნით ზ. ლ-ძეს ბრალად ედებოდა, რომ ზ. ლ-ძემ პირველ ჩხუბში ჯ-ძეს თავის არეში მიაყენა დანით ჭრილობა.

კასატორთა განმარტებით, ზ. ლ-ძე არასწორად არის მსჯავრდებული, მას საერთოდ არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული და არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ზ. ლ-ძეს კი არ დაესხა თავს 10-12 კაცი, ზ. ლ-ძეს კი არ მიაყენეს შეურაცხყოფა, ზ. ლ-ძე კი არ წაუქცევიათ და უცემიათ, არამედ, ზ. ლ-ძემ და კ. ბ-ძემ მოახდინეს ასეთი თავდასხმა 10-12 კაციან ჯგუფზე.

კასატორები დაზარალებული დ. ბ-ძე, დაზარალებულების უფლებამონაცვლეები თ. ჯ-ძე, ნ. რ-შვილი, დაზარალებულების უფლებამონაცვლეთა ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი ლ. ალაფიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნას დაუმთავრებელი დანაშაულისათვის. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და უსაფუძვლოდ აღნიშნა, რომ ზ. ლ-ძეს არ გააჩნდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მაშინ, როდესაც იგი 9 წლის განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის რამდენიმე დანაშაული.

ბ) სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება, ვინაიდან 1992 წლის 21 თებერვალს ამნისტიის გამოცემამდე სამხედრო საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც აღდგენილ იქნა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციის 54-ე მუხლის შესაბამისად კი ამნისტიის გამოცემა შეეძლო მხოლოდ არჩეულ, ლეგიტიმურ ორგანოს _ პარლამენტს და არა არასაარჩევნო ორგანოს _ სამხედრო საბჭოს. აქედან გამომდინარე ადვოკატი ლ. ა-შვილი თვლის, რომ აღნიშნული დადგენილება “ამნისტიის შესახებ” არ არის გამოცემული შესაბამისი ორგანოს მიერ, რადგან იგი მიიღო სამხედრო საბჭომ. ადვოკატის განმარტებით ეს დადგენილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რასაც ადასტურებს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის თანახმადაც, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის;

გ)სასამართლომ ზ. ლ-ძის მიმართ გამოიყენა ამნისტიის 5-ე პუნქტი, რისი უფლებაც არ გააჩნდა, რადგან განაჩენის დადგენის დროისათვის ამნისტიის მოქმედების სამთვიანი ვადა იყო დასრულებული. ადვოკატი თვლის, რომ ანისტიის მოქმედების სამთვიანი ვადა დგინდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს “ამისტიის შესახებ“ 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილაბაში იმ მიმართებით, რომ გაგრძელებულ იქნა ამნისტიის შესრულების ვადა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საზღვარგარეთ.

დ) სასამართლოს განაჩენში არა აქვს მითითებული “ამნისტიის შესახებ” დადგენილების თუ რომელი მუხლით ისარგებლა მისი გამოყენებისას, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 547-ე, 562-ე და 564-ე მუხლების მოთხოვნები.

დამატებით საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატები კ. ჭ-ძე და ა. ჭ. ითხოვენ ზ. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. კასატორები დამატებით საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ ზ. ლ-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის 1991 წლის 25 აპრილის დადგენილებაში ზ. ლ-ძეს ბრალად შეერაცხა 1991 წლის 17 აპრილს დაახლოებით 15 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დანის გამოყენებით დ. ჯ-ძისათვის ტყავის ქურთუკის გატაცების მცდელობა, მაშინ, როდესაც ასეთი დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ ზ. ლ-ძეს არავინ ამხელდა.

კასატორთა განმარტებით, ზ. ლ-ძეს ამავე დადგენილებით ბრალად შეერაცხა 1991 წლის 19 აპრილს 15 საათსა და 15 წუთზე, კ. ბ-ძესთან დ. მ-შვილთან ერთად ყაჩაღური თავდასხმის გზით, დანის გამოყენებით ქურთუკის გატაცების მცდელობა და ასევე იმავე დღეს, 15 საათსა და 30 წუთზე, კ. ბ-ძესთან ერთად ყაჩაღური თავდასხმის გზით ქურთუკის გატაცების მცდელობა, მაშინ, როდესაც 15 საათსა და 30 წუთზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 15-20 სტუდენტი, რომელთაგან არც ერთი არ ამხელდა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძეს ქურთუკის გატაცების მცდელობაში. 15 საათსა და 15 წუთზე კი, პირველი ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა: ლ. გ-შვილის, ნ. ს-ძის, მ. კ-ელი-კ-ძის, მ. ს-უას, ვ. დ-იას, ზ. ა-ძის ჩვენებების თანახმად, დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გახდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

კასატორთა მითითებით, 1999 წლის 25 ნოემბერს ბრალდებულად დაკითხვის დროს ზ. ლ-ძე მისთვის 1991 წლის 25 აპრილს ბრალად წარდგენილ ეპიზოდებში, სახელდობრ, 1991 წლის 17 აპრილის და 19 აპრილის ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდებთან და ასევე ხულიგნობის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ გამოძიებამ საქმე უზენაეს სასამართლოს განსახილველად ისე გაუგზავნა, რომ ბრალდებულ ზ. ლ-ძის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმები ბრალდების ამ ეპიზოდში საქმეს არ ერთვოდა, რითაც დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, 1991 წლის 19 აპრილს ზ. ლ-ძის, კ. ბ-ძის და დ. მ-შვილის მიერ დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გატაცების მცდელობის ეპიზოდში ზ. ლ-ძე მსჯავრდებულ იქნა მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე, კერძოდ, მათი მითითებით, საქმეში არ არსებობს რაიმე უტყუარი მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც შეიძლება დადასტურებულიყო, 1991 წლის 19 აპრილს დ. ჯ-ძისათვის ზ. ლ-ძისა და იქ მყოფ პირთა მიერ ქურთუკის გატაცების მცდელობა. კასატორთა განმარტებით, განაჩენი მსჯავრდების ამ ეპიზოდში ეფუძნება მხოლოდ დ. ბ-ძის ჩვენებებს. დ. ბ-ძემ კი წინასწარი გამოძიების საწყის და დამამთავრებელ ეტაპებზე რადიკალურად განსხვავებული ჩვენებები მისცა. წ/გამოძიებისას დ. ბ-ძის მიერ მიცემული ბოლო ჩვენებებით და ასევე სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით კი დგინდება, რომ დ. ბ-ძეს თვითონ არ გაუგონია, მსჯავრდებული ან იქ მყოფი რომელიმე პირი თუ სთხოვდა ქურთუკის გახდას დ. ჯ-ძეს. მან დაინახა, რომ დ. ჯ-ძეს მხოლოდ ერთი ბიჭი ჰკიდებდა ხელს ქურთუკზე და ეკამათებოდა. ვინაიდან მან ჯ-ძისაგან იცოდა, რომ ამ უკანასკნელს რამოდენიმე დღის წინ ქურთუკს ხდიდნენ, გააკეთა დასკვნა, რომ ამჯერადაც მისგან ქურთუკის გახდას ითხოვდნენ.

კასატორთა განმარტებით, ზ. ლ-ძე სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან ფაქტობრივად ვერ იქნა დადგენილი აწ გარდაცვლილ დ. ჯ-ძეს რით მიადგა შუბლის თმოვან ნაწილში დაზიანება, მით უფრო, რომ ძირითადმა მოწმემ, დ. ბ-ძემ, შეცვალა ზ. ლ-ძის მამხილებელი ჩვენებები, სადაც იგი უთითებდა, რომ ზ. ლ-ძემ დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობა დ. ჯ-ძეს თავის არეში და მიუთითა, რომ დანა ზ. ლ-ძეს კი არ ჰქონდა, არამედ დ. მ-შვილს. ამდენად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დასდო მსჯავრი ზ. ლ-ძეს ხულიგნობის ჩადენისათვის იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

კასატორთა მითითებით, სასამართლომ განაჩენით უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე ზ. ლ-ძე ცნო დამნაშავედ ქურთუკის გატაცების მცდელობაში და ასევე ამავე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილედ ცნო გ. ჩ-შვილი, რომელიც წინასწარ გამოძიებაში ამ დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში არ ყოფილა მიცემული და აღნიშნული არც საბრალდებო დასკვნით არ წარდგენია ბრალად.

კასატორთა მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მათ მიერ მიჩნეულია ზ. ლ-ძის, კ. ბ-ძის და დ. მ-შვილის ყოფნის ადგილი უნივერსიტეტის I კორპუსთან. კასატორთა განმარტებით სასამართლომ შეცვალა საბრალდებო დასკვნაში მითითებული ადგილი. კერძოდ, უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო, სადაც თითქოსდა იდგნენ მსჯავრდებული ზ. ლ-ძე, კ. ბ-ძე და დ. მ-შვილი, სადაც მათ წინ ჩაიარეს დ. ბ-ძემ და დ. ჯ-ძემ და ასეთ ადგილად მიიჩნია უნივერსიტეტის I კორპუსი.

კასატორთა მითითებით, განაჩენში გაკეთებული დასკვნები არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ, განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ლ-ძემ დ. ბ-ძეს და დ. ჯ-ძეს მიაყენა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმის მასალებით, კერძოდ თვით დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ზ. ლ-ძემ თქვა “ამისთანა ვაჟკაცობის დედაო”.

ასევე არ შეესაბამება რეალობას, რომ თითქოს კ. ბ-ძემ პირველმა დაარტყა მუშტი დ. ბ-ძეს, თვით დაინტერესებული მოწმე ე. თ-ავაც კი უარყოფს ამ ფაქტს და უთითებს, რომ პირველად დ. ბ-ძემ დაარტყა დ. ბ-ძეს.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ორი პირის, მათ შორის, ზ. რ-შვილის ხულიგნური ქვენაგრძნობით მკვლელობის ეპიზოდში, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძო კი, მოწმეთა ჩვენებებს. კასატორთა განმარტებით, წინასწარი გამოძიების მიერ მკვლელობის დღესვე დაკითხულ იქნენ მოწმეები კ. ი-შვილი, კ. ბ-შვილი, ი. ტ-ძე, დ. ბ-ძე, ე. ფ-შვილი და სხვები რომელთაგან ვერც ერთი მათგანი ვერ აჩვენებს, თუ როგორ და რა პირობებში ან ვის მიერ მოხდა დ. ჯ-ძის და ზ. რ-შვილის დაჭრა.

წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე და შემდგომ მოწმეები ერთმანეთისგან განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა და საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს.

კასატორთა განმარტებით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოწმე თ. ქ-ავას წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ზ. ლ-ძე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, მით უფრო, რომ თ. ქ-ავამ გამოძიების დამამთავრებელ ეტაპზე საერთოდ უარყო მის მიერ დანის დანახვის და დ. ჯ-ძისათვის დარტყმის ფაქტი, რაც ახსნა იმით, რომ მას დაკითხვისას აღნიშნული მილიციის მუშაკებმა დააწერინეს. კასატორთა განმარტებით, ანალოგიური დაადასტურა მოწმე მ. ქ-შვილმა.

ზ. ლ-ძის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, კასატორთა განმარტებით, დადასტურებულია კ. ბ-ძის, დ. მ-შვილის, მ. ს-უას, ვ. დ-იას, კ. ვ-შვილის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, რითაც დგინდება, რომ მ. ლ-ძეს, რომელიც ძირს იყო დავარდნილი, 10-12 კაციანი ჯგუფი ურტყამდა.

კასატორთა მითითებით, წინასწარი გამოძიება გარკვეულ ეტაპზე იზიარებდა თვით ზ. ლ-ძის ჩვენებებს, რომ მას სცემდა რამდენიმე კაცი, რის გამოც დაკარგა გონება და არაფერი ახსოვს; ასევე იზიარებდა მოწმეების, ძმები ქ-იების ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ ზ. ლ-ძე შემთხვევის დღეს ნახეს გაფითრებული, გონებაარეული, რომელიც არაფერზე აღარ რეაგირებდა და რომელსაც შემდეგ რამდენიმე ხანი ეძინა. გამოძიების ამავე ეტაპზე დაზარალებულის მხარის მოწმეებმა მ. ქ-შვილმა, თ. ქ-ავამ შეცვალეს მათ მიერ წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე მიცემული ჩვენებები და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ზ. ლ-ძეს ეჩხუბებოდა 10-12 კაციანი ჯგუფი. კასატორთა განმარტებით, წინასწარმა გამოძიებამ ეს ჩვენებები გაიზიარა, რის საფუძველზეც დანიშნულ იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, ზ. ლ-ძე ჩხუბის დროს იმყოფებოდა ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მაგრამ წინასწარმა გამოძიებამ არ გაიზიარა ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა, ჩათვალა რა, რომ შეკრებილი მასალებით სრულყოფილად არ არის დადგენილი ეს გარემოება. კასატორთა მითითებით, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ გამოძიებამ არასრულყოფილად გამოძიებული საქმე წარმართა სასამართლოში.

კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე. თ-ავას წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს და საფუძვლად დაუდო ზ. ლ-ძის მსჯავრდებას.

კასატორთა მითითებით, ე. თ-ავას ჩვენებები წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. ე. თ-ავა, რომელიც თითქოს ძირითადი მოწმეა, დაკითხული იქნა შემთხვევიდან მხოლოდ 17 დღის შემდეგ და მისი ჩვენებები წინააღმდეგობაშია სხვა მოწმის ჩვენებებთან. გარდა ამისა, თავდაპირველად თ-ავა ამხელდა ვინმე კ-ძეს. სასამართლომ კი უსაფუძვლოდ უარი თქვა მოწმის სახით კ-ძის დაკითხვის თაობაზე.

კასატორთა განმარტებით, განაჩენში არასწორად არის გაკეთებული დასკვნა, იმის თაობაზე, რომ თითქოს აწ გარდაცვლილი ზ. რ-შვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და წიგნებით ხელში თავისთვის იდგა და რომ ზ. ლ-ძემ ზ. რ-შვილის მკვლელობა ჩაიდინა ხულიგნური ქვენაგრძნობით.

კასატორთა განმარტებით, სასამართლოს ეს დასკვნა არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს.

მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჭ-მ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრს და მოითხოვა ზ. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ ზ. ლ-ძეს !991 წლის 19 აპრილს რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია. იგი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პირობებში.

მსჯავრდებულმა ზ. ლ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მოთხოვნას.

დაზარალებულ დ. ბ-ძის, დაზარალებულთა დ. ჯ-ძის და ზ. რ-შვილის უფლებამონაცვლეთა თ. ჯ-ძის, ნ. რ-შვილის წარმომადგენელ ადვოკატმა ლ. ა-მა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარს. მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის გაუქმება საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის მიმართ საქართველოს სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება ამნისტიის შესახებ, რითაც უსაფუძვლოდ გაუნახევრა შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

დაზარალებულ დ. ბ-ძემ, დაზარალებულ დ. ჯ-ძის უფლებამონაცვლემ თ. ჯ-ძემ მხარი დაუჭირეს მათი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ ლ. ა-შვილის მოთხოვნას.

პროკურორებმა დ. კ-შვილმა, გ. ხ-მა მხარი არ დაუჭირეს მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივრებს, მათ მხარი დაუჭირეს დაზარალებულისა და დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების წარმომადგენელ ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივრს, მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის მიმართ სამხედრო საბჭოს 1992 წლის დადგენილება, რითაც მას გაუნახევრა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა მხარი არ დაუჭირესA დაზარალებულისა და დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების წარმომადგენელ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ლ-ძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს საკასაციო საჩივარზე განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ უარი უნდა ეთქვათ, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე არ მოიპოვება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ-ძისა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ ზ. ლ-ძეს 1991 წლის 25 აპრილს ბრალად წარედგინა 1991 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, ამავე წლის 19 აპრილს, დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე, შემდეგ კი 15 საათსა და 30 წუთზე, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად დ. ჯ-ძისათვის ყაჩაღური გზით ქურთუკის გატაცების მცდელობა, ასევე ბოროტი ხუოლიგნობის ჩადენა, რის თაობაზეც იგი ბრალდებულის სახით დაკითხული არ ყოფილა და გამოძიებამ საქმე ისე წარმართა უზენაეს სასამართლოში, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებში არ არსებობს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმები, რითაც დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმიდან:

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მართალია, ზ. ლ-ძეს 1991 წლის 25 აპრილს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებით ბრალად შეერაცხა ყაჩაღური გზით 1991 წლის 17 აპრილს დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გატაცების მცდელობა, იმავე წლის 19 აპრილს, 15 საათსა და 15 წუთზე და 15 საათსა და 30 წუთზე ისევ ყაჩაღური გზით დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გატაცების მცდელობა, მაგრამ აღნიშნულით არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ამ დადგენილების გამოტანის შემდეგ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოძიებამ, საჭიროდ მიიჩნია წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე წაყენებული ბრალდების შეცვლა, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 285-ე მუხლის თანახმად გამოიტანა ბრალდების შეცვლის დადგენილება. ამავე დადგენილებით გამოძიებამ სსსკ-ის იგივე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ზ. ლ-ძის მიმართ 1991 წლის 17 აპრილს ქურთუკის ყაჩაღურად გატაცების მცდელობის ეპიზოდში და ზ. ლ-ძეს ბრალად წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 17, 151-ე მუხლის II ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა; ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ წინასწარ გამოძიებაში პროცესუალური ნორმების სრული დაცვით მოხდა ბრალდების შეცვლა, უარი ბრალდების ნაწილზე და ზ. ლ-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ახალი დადგენილების გამოტანა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ არის სწორი კასატორთა მითითება იმის თაობაზე, რომ ზ. ლ-ძე გამოძიების მიერ ბრალდებულის სახით დაკითხული არ ყოფილა 1991 წლის 17 და 19 აპრილს ყაჩაღური გზით ქურთუკის გატაცების ეპიზოდებთან დაკავშირებით. საქმეში არსებობს ზ. ლ-ძის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ დაკითხვის დაწყებამდე ზ. ლ-ძე გაეცნო დადგენილებას მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, მისთვის ცნობილი იყო, რა ედებოდა ბრალად, დაკითხვისას მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებდა იგი 19 აპრილს დილიდან, როგორ განვითარდა პირველად ჩხუბის მოვლენები და მეორედ როგორ მოხდა ჩხუბის დაწყება. ამდენად ზ. ლ-ძე დაიკითხა მისთვის წარდგენილი ბრალდების ირგვლივ, მისცა ჩვენება, რაც დაფიქსირდა ოქმით.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ არის რეალური კასატორთა განმარტება იმის შესახებ, რომ განაჩენში გაკეთებული დასკვნა, ზ. ლ-ძის მიერ დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის ძარცვის გზით გატაცების მსჯავრდების ნაწილში ემყარება მხოლოდ ვარაუდს და არა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, წინასწარ გამოძიებაში მოწმე დ. ბ-ძე პირდაპირ ამხელდა ზ. ლ-ძეს ქურთუკის გატაცების მცდელობაში და უთითებდა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნისას გაიგო, თუ როგორ მოსთხოვეს ზ. ლ-ძემ და მასთან მყოფმა პირებმა დ. ჯ-ძეს ტყავის ქურთუკი. მართალია გამოძიების ბოლო ეტაპზე და სასამართლო სხდომაზე დ. ბ-ძემ შეცვალა გამოძიების საწყის ეტაპზე მიცემული ჩვენებები, უარყო ქურთუკის გადაცემის მოთხოვნის საკუთარი ყურით მოსმენის ფაქტი, მაგრამ დაადასტურა რომ დაინახა, თუ როგორ ეკამათებოდნენ ზ. ლ-ძე, დ. მ-შვილი, გ. ჩ-შვილი, კ. ბ-ძე დ. ჯ-ძეს, რომლისთვისაც გ. ჩ-შვილს ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ქურთუკზე. დ. ჯ-ძეს ქურთუკი სანახევროდ უკვე გახდილი ჰქონდა, ამ უკანასკნელს ისინი მიათრევდნენ უნივერსიტეტის ბაღისაკენ. მოგვიანებით მისთვის თვით დ. ჯ-ძისაგან გახდა ცნობილი, რომ ეს პირები დ. ჯ-ძეს ქურთუკს ხდიდნენ. დ. ბ-ძე წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებით თანმიმდევრულად ადასტურებს დ. ჯ-ძისათვის ქურთუკში ხელის მოკიდების და მისი გათრევის ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოწმე ლ. გ-შვილი. მოწმეები: ე. თ-ავა, კ. ი-შვილი, ე. ფ-შვილი, ს. ქ-ძე, მ. ქ-შვილი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ შემთხვევის დღეს დ. ჯ-ძისაგან მათთვის ცნობილი გახდა, ამ უკანასკნელისათვის ქურთუკის გახდის მცდელობის ფაქტი.

მართალია, მხოლოდ ქურთუკზე ხელის მოკიდება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზ. ლ-ძეს და მასთან მყოფ პირებს ჰქონდათ დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გატაცების განზრახვა, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ლ-ძე და მასთან მყოფი პირები მიათრევდნენ დ. ჯ-ძეს, რომელსაც ქურთუკი თითქმის ნახევრად ჰქონდა გახდილი, დ. ბ-ძის ჩვენებები, რომლის თანახმადაც იმის ნიადაგზე, რომ დ. ბ-ძისათვის ხელი გაეშვათ, ზ. ლ-ძემ და მასთან მყოფმა პირებმა ორივეს დაუწყეს ცემა,Mრა დროსაც დ. ჯ-ძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება თავის არეში, მოწმეების, დ. ჯ-ძის თანაკურსელების ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მათ შემთხვევის დღეს დ. ჯ-ძე ნახეს გაფითრებული, რომელსაც თავიდან და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, რასაც ცხვირსახოცით იფარავდა, ასევე მათი განმარტებები, რომ დ. ჯ-ძემ მათ უთხრა, რომ მისთვის ქურთუკის გახდის მიზეზის გამო მოხდა ჩხუბი, რასაც ადასტურებს ასევე დ. ბ-ძე, ასევე ამ მოწმეთა ჩვენებები, რომ ვითარების გარკვევის გამო შეეცადნენ მოენახათ ის პიროვნებები, ვინც ცოტა ხნის წინ დ. ჯ-ძეს ქურთუკს ართმევდნენ, მათი შეხვედრის ფაქტი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დ. ჯ-ძეს აღენიშნება შუბლის თმოვან ნაწილში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ყოველივე ეს ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ზ. ლ-ძის მიერ დ. ჯ-ძისათვის ქურთუკის გატაცების მცდელობის ფაქტს.

საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს კასატორთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ზ. ლ-ძეს არ ჩაუდენია ზ. რ-შვილის განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და ზ. ბ-ძის მკვლელობა პირადი მოტივით. ზ. ლ-ძეს სცემდა 10-15 კაცი, რომლებსაც იგი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ზ. ლ-ძე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. საქმეში არსებული მასალების თანახმად, დ. ჯ-ძის და ზ. რ-შვილისათვის დანის დარტყმის ფაქტს არც თვით მსჯავრდებული ზ. ლ-ძე არ უარყოფს, თუმცა იგი აცხადებს, რომ მას არ ახსოვს, თუ როდის და როგორ განახორციელა ეს მოქმედებები.

დ. ჯ-ძისა და ზ. რ-შვილისათვის ზ. ლ-ძის მიერ დანის დარტყმის ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები: ე. თ-ავა, ხ. კ-ავა, კ. ი-შვილი დ. ჯ-ძე. მოწმეების: ე. თ-ავას, ხ. კ-ავას, დ. ჯ-ძის, კ. ი-შვილის ჩვენებათა სარწმუნოობა დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლის თანახმადაც დ. ჯ-ძეს გულ-მკერდის არეში მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა, რომელიც აზიანებს გულის კუნთს, ხოლო მეორე ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში, რომელიც აზიანებს პლევრას და ფილტვს.

ზ. რ-შვილს ასევე მიყენებული აქვს ორი ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში. ერთი ჭრილობა აზიანებს ნეკნთაშუა არტერიას, მარცხენა ფილტვს და გულის პერანგს, ხოლო მეორე ჭრილობა არ არის შემავალი გულ-მკერდის არეში.

დაზარალებულ დ. ჯ-ძის, მოწმეების: ე. თ-ავას, ხ. კ-ავას, კ. ი-შვილის, ა. ბ-შვილის. მ. ქ-შვილის, ნ. გ-ძის, ე. ფ-შვილის ჩვენებების თანახმად მართალია ისინი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ მაგრამ, მათ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათივე განმარტებით ჩხუბი უცებ დაიწყო კ. ბ-ძეს, ზ. ლ-ძეს, დ. ჯ-ძეს და დ. ბ-ძეს შორის, სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, და იმდენად სწრაფად განვითარდა და სწრაფადვე დასრულდა, რომ სხვები ვერც შესძლებდნენ ჩარეულიყვნენ ამ ჩხუბში, რა დროსაც დ. ჯ-ძე და ზ. რ-შვილი დაიჭრნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე დიდ პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი.

სასამართლო კოლეგიამ ზ. ლ-ძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II და IV პუნქტებით, 151-ე მუხლის II ნაწილით (საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი), 239-ე მუხლის I და III ნაწილებით და სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე შეუფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო კოლეგიამ ცნო რა დადგენილად, რომ ზ. ლ-ძემ დანაშაული ჩაიდინა 1991 წლის 19 აპრილს, ე.ი. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ 1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის შესახებ დადგენილების გამოცემამდე (შემდგომში _ ამნისტია), მის მიმართ გამოიყენა ამნისტია. სასამართლო კოლეგიამ ზ. ლ-ძისათვის სასჯელის შეფარდების შემდეგ, მას სასჯელის მოხდილ ნაწილად ჩაუთვალა მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ ერთი წელი, რვა თვე და ოცდაშვიდი დღე და როგორც მსჯავრდებულს, მოუხდელი სასჯელი გაუნახევრა. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ზ. ლ-ძე, ვინაიდან მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II და IV პუნქტებით და ამავე დროს იყო ძებნილი, იმ პირთა წრეს განეკუთვნება, რომლებიც ამნისტიის მე-4 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან, მაგრამ ამავე ამნისტიის მე-5 პუნქტის თანახმად უნახევრდებათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ ამნისტია გამოიყენა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამნისტიის შესახებ დადგენილების გამოცემამდე, იძებნებოდა და მსჯავრდებული გახდა ამნისტიის აქტის გამოცემიდან, ასევე მისი შესრულების სამთვიანი ვადის გასვლიდან ცხრა წლის შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა თვლის, რომ, მართალია, ზ. ლ-ძემ დანაშაული ჩაიდინა 1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის აქტის გამოცემამდე, მაგრამ იგი არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილება ამნისტიის შესახებ.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, ზ. ლ-ძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 1991 წლის 25 აპრილს, იმავე დღეს ქ. თბილისის პროკურატურის მიერ მის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, რაც სანქცირებულ იქნა პროკურორის მიერ. იმავე დღეს ზ. ლ-ძის მიმართ გამოცხადდა ძებნა. იგი იძებნებოდა 1999 წლის 25 ნოემბრამდე.

1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ზ. ლ-ძე ამნისტიის აქტის გამოცემამდე და ასევე მისი შესრულების ვადაში იყო ძებნილი. მართალია, ამნისტიის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნახევრდებათ მსჯავრდებულებს, რომლებიც არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან, მაგრამ ამ მუხლში მითითებულია, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნახევრდებათ მხოლოდ მსჯავრდებულებს, ე.ი. იმ პირებს, რომლებიც ამნისტიის გამოცემის დროს ან მისი მოქმედების განმავლობაში არიან მსჯავრდებულნი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ზ. ლ-ძე არც ამნისტიის გამოცემამდე, არც მისი შესრულებისა და მოქმედების ვადაში, მსჯავრდებული არ ყოფილა.

ამდენად, დიდი პალატა თვლის, რომ 1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის შესახებ დადგენილების მე-5 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ამნისტიის გამოცემამდე ან მისი მოქმედების ვადაში იყვნენ მსჯავრდებულნი. მართალია, დადგენილება ამნისტიის შესახებ უშუალოდ არ უთითებს ამნისტიის მოქმედების ვადას, იგი განსაზღვრავს მხოლოდ მისი შესრულების ვადას, რაც ამნისტიის მე-6 პუნქტის თანახმად განისაზღვრება სამი თვით, მაგრამ ამნისტიის მე-5 პუნქტის მოქმედების ვადაც რომ სამი თვით განისაზღვრება და ემთხვევა მისი შესრულების ვადას, დგინდება:

ა. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 9 მარტის დადგენილებით “1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის გამოყენების წესის შესახებ”. ამ დადგენილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, “ამნისტიის შესახებ დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად სასჯელის ვადა გაუნახევრდათ პირებს, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ როგორც ამნისტიის გამოქვეყნებამდე, ისე მისი მოქმედების პერიოდში”, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამნისტია უნდა აღსრულდეს სამი თვის ვადაში მისი ძალაში შესვლიდან;

ბ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ამნისტიის მე- 6 პუნქტს დაემატა სიტყვები: “გაგრძელდეს ამნისტიის შესრულების ვადა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, და რომელთა ეტაპირება ჭიანურდება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”. მაშასადამე, ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული გახდნენ ამ ვადის, ე.ი. 1992 წლის 27 მაისის შემდეგ არ უნდა იქნას გამოყენებული ამნისტიის შესახებ დადგენილების მე-5 პუნქტი

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს დაზარალებულების უფლებამონაცვლეთა და დაზარალებულის წარმომადგენლის ადვოკატ ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი.

არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ზ. ლ-ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ჭ-ძის და ა. ჭ-ს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 22 აგვისტოს განაჩენი ზ. ლ-ძის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

აღკვეტი ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.