განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.12.2001
საქმის ნომერი
2კ-1შ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1-შ 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე განიხილა მსჯავრდებულების: თ. კ-იას, ზ. კ-იას, ე. პ-იას, ჯ. ა-ის და გ. ა-ას საჩივრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენზე, რომლითაც:

1. თ. კ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით. 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. 17,240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ერთობლივად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 29 ივლისიდან.

2. ზ. კ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 17-104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით და 17-240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით; სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით ერთობლივად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 29 ივლისიდან.

3. ე. პ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 17-104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 17-240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ერთობლივად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 17 მაისიდან.

4. ჯ. ა-ოვი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 17,240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ერთობლივად, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 5 ივნისიდან.

5. გ. ა-ავა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 17,240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ერთობლივად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 1997 წლის 3 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი _ ერთი წელი და 3 თვე, გამასწორებელი სამუშაოები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 12 წელი და 7 თვე. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 6 თებერვლიდან. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია, აგრეთვე, ზ. ქ-ია, რომლის მიმართაც განაჩენი არ საჩივრდება.

ყველა მსჯავრდებული გასამართლებულია განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი, 1992 წლის აპრილის თვეში წალენჯიხის რაიონის სოფ. სქურში შეიკრიბნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები: ძმები თ. და ზ. კ-იები, ე. პ-ია, ჯ. ა-ოვი, გ. ა-ავა, ზ. ქ-ია, აწგარდაცვლილი პ. გ-ავა, რ. ს-ია, ო. ს-ია, დ. ა-ავა და სხვა პირები, რომლებიც შეთანხმდნენ, ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების მიზნით განეხორციელებინათ შეიარაღებული თავდასხმა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელ სამხედრო პირებზე.

22 აპრილს განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ჩასაფრდნენ სოფ. კორცხელიას ცენტრიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ფერდობზე, საიდანაც კარგად ჩანს გზის საკმაო მონაკვეთი.

დაახლოებით 2 საათის შემდეგ რ. ს-იას ნიშანზე ჩასაფრებულმა პირებმა, კერძოდ: გ. ა-ავამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯ. ა-ოვმა “გეკოს” სისტემის შაშხანიდან, ზ. კ-იამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, თ. კ-იამ გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ე. პ-იამ პ. გ-ავას მიერ დატოვებული ხელყუმბარის აფეთქებით, აწ გარდაცვლილმა დ. ა-ავამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ო. ს-იამ ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი ზუგდიდიდან წალენჯიხის მიმართულებით მოძრავი, “გაზ 24” მარკის, ავტომანქანის მიმართულებით, რომელსაც მართავდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული სამთავრობო ძალების წალენჯიხის ბატალიონის ოცმეთვაური ჯ. შ-ავა, ავტომანქანაში მის გვერდით იჯდა ამავე ბატალიონის წევრი თ. კ-ია, ხოლო უკან ხ. ზ-ძე, მ. და ფ. შ-ავები. თავდასხმის დროს, რაც დაახლოებით 5-10 წუთს გაგრძელდა და რასაც ავტომანქანიდან საპასუხო სროლები მოჰყვა, ჯ. შ-ავამ მიიღო სისოცხლისათვის სახიფთო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ფ. შ-ავამ მარცხენა წინა მხარის და მტევანის არეში სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ. შ-ავა გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საჩივრით მსჯავრდებული ზ. კ-ია ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას ბრალდების დაუდასტურებლობის გამო. აღნიშნავს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, არ ყოფილა გარკვეული, თუ ვისი ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა ჯ. შ-ა, არ მომხდარა მისი გვამის გაკვეთა და დაუდგენელი სიკვდილის უშუალო მიზეზი. იგი თავს ცნობდა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რისთვისაც აგებს პასუხს, მის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

მსჯავრდებული გ. ა-ა წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: იგი 1991 წელს გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში და იყო კანონიერი ხელისუფლების ჯარისკაცი, ამიტომ მისი ბრალდების საქმე უნდა ეწარმოებინა სამხედრო პროკურატურას და განეხილა სამხედრო სასამართლოს. ამასთან, იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ სსკ-ის 104-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან ჯ. შ-ას მკვლელობა არ ჩაუდენია, მითუმეტეს არ ყოფილა დადგენილი სიკვდილის უშუალო მიზეზი, არ ყოფილა ამოღებული ტყვიის გულა, რომლითაც გარდაიცვალა ჯ. შ-ა და საერთოდ არ ჩატარებულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

მსჯავრდებული ჯ. ა-ოვი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები. გამოძიების დროს ადგილი ჰქონდა მასზე უკანონო ზეწოლას. მიუხედვად მისი არაერთი მოთხოვნისა, რომ მოეხდინათ აწ გარდაცვლილ ჯ. შ-ას გვამის გამოკვლევა, ამოეღოთ ტყვიის გულა, რომლითაც გარდაიცვალა ჯ. შ-ა, დაზარალებული მხარის წინააღმდეგობის გამო არ იქნა შესრულებული. ტყვიის გულას მოპოვებით კი დადგინდებოდა, უშუალოდ ვისი იარაღიდან ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა ჯ. შ-ა.

მსჯავრდებული ე. პ-ია საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ მის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს დაირღა საპროცესო ნორმების მოთხოვნები. იგი, ფაქტობრივად, დააკავეს 1997 წლის 13 მაისს, მაგრამ შემდგომ გააფორმეს, თითქოს დაკავებულ იქნა 17 მაისს, ადგილი ჰქონდა უკანონო ფიზიკურ ზეწოლას, უნდოდა ადვოკატის აყვანა მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება. გარდა აღნიშნულისა არ იქნა გათვალისწინებული, თუ ვისი ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა ჯ. შ-ა; არ ჩატარებულა სათანადო ექსპერტიზა; სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ტენდენციურად დაზარალებული მხარის ზეწოლით ამასთან, რადგან ისინი იყვნენ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაუმძიმეს მდგომარეობა; არ იქნა მხედველობაში მიღებული მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა და დახასიათება, ასევე ის გარემოება, რომ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან საომარ ოპერაციაში.

მსჯავრდებული თ. კ-ია თავისი საჩივრით ეთანხმება ამავე საქმეზე დანარჩენ მსჯავრდებულთა მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და შუამდგომლობს მათი დაკმაყოფილების თაობაზე.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. კ-იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ.ა-მ და პ. ბ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა ე. პ-იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე.გოგუაძემ და პ.ბ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა ჯ. ა-ოვმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ.ბ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა გ. ა-ავამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ.ბ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულ თ. კ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. უ-მ აღნიშნა, რომ თ. კ-იას მიმართ დადგენილი განაჩენი არის უკანონო, იშუამდგომლა მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა თ. კ-იამ.

დაზარალებულმა ვ. შ-ამ და მისი ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ზ.ხ-მა კანონიერად მიიჩნიეს ხუთივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა მ. ჯ-ძემ იშუამდგომლა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულების: თ. კ-იას, ზ. კ-იას, ე. პ-იას, ჯ. ა-ოვის და გ. ა-ავას ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 17.104-ე მუხლის მეექვსე პუნქტზე (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) და საბოლოოდ თვითეულ მათგანს სასჯელად სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით განესაზღვროს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში პროკურორმა განაჩენი მიიჩნია კანონიერად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალების, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ხუთივე მსჯავრდებულის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება მსჯავრდებულთა საჩივრების მითითებას იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიების დროს არ ჩატარებული აწ გარდაცვლილ ჯ. შ-ს გვამის გამოკვლევა და არ ყოფილა გარკვეული სიკვდილის უშუალო მიზეზი.

აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის.

პალატა ასევე ეთანხმება საჩივრების მითითებას იმის თაობაზე, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი, თუ უშუალოდ რომელი იარაღიდან და ვის მიერ გასროლილი ტყვიით იქნა მოკლული ჯ. შ-ა. აღნიშნული საკითხის გარკვევისათვის აუცილებელი იყო გვამის გამოკვლევა, ტყვიის გულას ამოღება და სათანადო ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ასეთი გამოკვლევა არ ყოფილა წარმოებული.

პალატა აღნიშნავს, რომ რადგან არ ყოფილა აწ გარდაცვლილ ჯ. შ-ს გვამი გამოკვლეული, არ დადგენილა სიკვდილის უშუალო მიზეზი, ასევე, არ ყოფილა დადგენილი, თუ ვის მიერ და რა იარაღით ნასროლი ტყვიით იქნა მოკლული ჯ. შ-ა, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფცირება და დამთავრებულ დანაშაულისათვის სასჯელი განსაზღვრა, პალატას მიაჩნია უკანონოდ.

ამასთან, პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით და თვით მსჯავრდებულთა მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებათა ერთობლობით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები: თ. კ-ია, ზ. კ-ია, ე. პ-ია, ჯ. ა-ოვი და გ. ა-ავა შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღებით. მათ წინასწარი შეთანხმებით, ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების მიზნით, ცეცხლი გაუხსნეს ქ.ზუგდიდიდან წალენჯიხის მიმართულებით მოძრავ “გაზ-24” მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჯ. შ-ავა. მის გვერდით იჯდა თ. კ-ია, ხოლო ავტომანქანის უკან იჯდნენ ხ. ზ-ძე, მ. და ფ. შ-ები. სროლა გაგრძელდა დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ჯ. შ-ამ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ფ. შ-ამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებები. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულთა განზრახვა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაედინათ მკვლელობა და გაეტაცებინათ ცეცხლსასროლი იარაღები. იმის გამო, რომ ვერ დადგინდა, თუ რამ გამოიწვია ჯ. შ-ავას სიკვდილი და ვის მიერ ნასროლი ტყვიით იქნა იგი მოკლული, ამიტომ მსჯავრდებულთა ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობით, რაც საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა-ავას საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მის საქმეზე გამოძიება უნდა ეწარმოებინა სამხედრო პროკურატურას, რადგან სამხედრო პირი იყო, ხოლო საქმე განეხილა სამხედრო სასამართლოს. ჯერ ერთი, საქართველოში სამხედრო სასამართლო არ არსებობს, მეორეც, საქმეში არ მოიპოვება მასალები იმის შესახებ, თითქოს ა-ავა იყო სამხედრო პირი. ამასთან, საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, ხოლო განაჩენი, დაადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის პრინციპი არ დარღვეულა.

საჩივრების მითითება იმის შესახებ, თითქოს წინასწარ გამოძიების დროს ადგილი ჰქოდა ფიზიკურ ზეწოლას. საქმის მასალებით არ დასტურდება. ეს საკითხი საქმის სასამართლო განხილვის დროს იქნა გამოკვლეული და შეფასებული.

მსჯავრდებულ ე. პ-იას საჩივრის მითითება იმის შესახებ, თითქოს მას უნდოდა ადვოკატი და არ მოუყვანეს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას ადვოკატი ჰყავდა, რომელიც ახორციელებდა მის დაცვას და რაიმე პრეტენზია ადვოკატის მიმართ არ გამოუთქვამს. ამასთანავე საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ პერტაია დაკავებულია 1997 წლის 17 მაისს.

პალატა თვლის, რომ ავტომანქანით მოძრაობისას აწ გარდაცვლილ ჯ. შ-ავაზე თავდასხმის ეპიზოდში მსჯავრდებულთათვის თ. კ-იას, ზ. კ-იას, ე. პ-იას, ჯ. ა-ოვის და გ. ა-ავას ქმედება, რომელიც სასამართლო კოლეგიის მიერ დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით. სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამჟამად მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ. კ-იას და გ. ა-ავას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილთან და ამის მიხედვით განესაზღვროთ სასჯელი.

საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულები თ. და ზ. კ-ია დაკავებულ იქნენ 1997 წლის 21 იანვარს, ამიტომ მათ სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოთ აღნიშნული დღიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე და 580-ე მუხლის მე-12 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. თ. კ-იას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დაკვალიფცირდეს ამავე კოდექსის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით. სასჯელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე თ. კ-იას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყოს 1997 წლის 21 იანვრიდან.

2. ზ. კ-იას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუქტებით. სასჯელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. კ-იას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდში, შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილთან და განსაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ზ. კ-იას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 1997 წლის 21 იანვრიდან.

3. ე. პ-იას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17-104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით სასჯელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ე. პ-იას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ჯ. ა-ოვის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით და 17-104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17-104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით. სასჯელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად ჯ. ა-ოვს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. გ. ა-ავას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. გ. ა-ავას ქმედება, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში, შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. ა-ავას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს 1997 წლის 3 მარტის განაჩენის მოხდილი სასჯელის ნაწილი _ ერთი წელი და 3 თვე გამასწორებელი სამუშაოები, ანუ 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც უნდა გამოაკლდეს ამჟამად განსაზღვრულ სასჯელს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 7 თვით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

შენიშვნა: ყველა შემთხვევაში ნაგულისხმევია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი.

მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.