დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2002
საქმის ნომერი
2კ-15კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 15-კოლ 5 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ლ. ს-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ს-შვილის საჩივარი რეაბილიტაციის, პროკურატურის მუშაკთა მიმართ განჩინების გამოტანის, ბოდიშის მოხდის, რეაბილიტაციის შესახებ ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებისა და ამის თაობაზე ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის შეტყობინების, მის მიერ წარდგენილი მასალების შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე დართვის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

საჩივარი ითხოვს საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და საკასაციო პალატის მიერ არსებითი გადაწყვეტილების მიღებით კასატორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-შვილი მუშაობდა ყაზბეგის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად. საქართველოს გენერალური პროკურორის 1995 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებით მუშაობაში დაშვებული დარღვევების მოტივით ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. იმავე წლის 12 დეკემბერს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოწმის ჩვენების გაყალბების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით. ამავე კვალიფიკაციით იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 1997 წლის 17 დეკემბერს. მანამდე კი საქმეზე გამოძიება რამდენიმეჯერ შეჩერდა ლ. ს-შვილის პროკურატურაში გამოუცხადებლობისა და ძებნის მოტივით.

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ლ. ს-შვილი გამართლებულ იქნა გამოძიების მიერ შერაცხულ ბრალდებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1998 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ. ს-შვილის გამამართლებელი განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა 1999 წლის 28 თებერვლის დადგენილებით გააუქმა ამ საქმეზე სასამართლო ორგანოების მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები (განაჩენი და განჩინება) და საქმე დაუბრუნა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. საქმეზე წინასწარი გამოძიების რამდენჯერმე შეწყვეტისა და განახლების შემდეგ, საბოლოოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 2001 წლის 1 აგვისტოს, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, ლ. ს-შვილის მიმართ შეწყვეტილ იქნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-შვილს უარი ეთქვა ყაზბეგის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე სამუშაოდ აღდგენაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მარეაბილიტირებელი საფუძვლით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ, 2001 წლის ოქტომბერში, ლ. ს-შვილმა საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ითხოვა: რეაბილიტაცია, პროკურატურის მუშაკთა დასჯის მიზნით განჩინების გამოტანა, საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობის მიერ ბოდიშის მოხდა, რეაბილიტაციის შესახებ ოფიციალურ პრესაში ცნობის გამოქვეყნება, რეაბილიტაციის თაობაზე ყაზბეგის რაიონის პროკურატურისა და გამგეობისათვის შეტყობინება, მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მასალების შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, მატერიალური ზარალის ანაზღაურება 100000 ლარის და მორალური ზიანის ანაზღაურება 1300000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სახელდობრ: ლ. ს-შვილი ცნო რეაბილიტირებულად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სახაზინო სამსახურს დაავალა ლ. ს-შვილისათვის ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად 3000, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5000 ლარის გადახდა. სასამართლომ ასევე დაადგინა რეაბილიტაციის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნა ყაზბეგის რაიონის გამგეობაში და ცნობის გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში. ლ. ს-შვილის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მასალების ასლები გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეწყვეტილ საქმეზე დართვის საკითხის გადასაწყვეტად. სხვა ნაწილში ლ. ს-შვილის მოთხოვნებს უარი ეთქვა.

ლ. ს-შვილს არ აკმაყოფილებს რა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო პალატის მიერ იმ მოთხოვნების არსებითად გადაწყვეტას, რაც მას მითითებული ჰქონდა საოლქო სასამართლოში შეტანილ საჩივარში.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და სასამართლოს განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ ლ. ს-შვილი სრულად ცნო რეაბილიტირებულად და ზომიერ ფარგლებში დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

პალატის შეხედულებით, საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის ნაწილში არაობიექტურია, არაფრით დასტურდება.

ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ის მოთხოვნა, რომ განჩინებაში არაფერია ნათქვამი ზიანის ანაზღაურების ვადასა და სამემკვიდრეო უფლებაზე.

ზიანის ანაზღაურების ვადა სასამართლოს განჩინებით არ განისაზღვრება, ხოლო სამემკვიდრეო უფლების საკითხი საჩივრის განმხილველი სასამართლო კოლეგიის წინაშე საერთოდ არ დასმულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ რეაბილიტირებული პირი _ ლ. ს-შვილი ცოცხალია და თვითონვე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლო კოლეგიამ, გარდა ზემოაღნიშნულისა, დააკმაყოფილა ლ. ს-შვილის მოთხოვნა მისი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებისა და ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის გაგზავნის შესახებ.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნას, რომ სასამართლო კოლეგიამ კერძო განჩინება არ გამოიტანა პროკურატურის იმ მუშაკთა მიმართ, ვინც უსაფუძვლოდ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, გააჭიანურა და უხარისხოდ ჩაატარა გამოძიება, განჩინების გაუქმების საფუძველი არ არის. ასეთი კერძო განჩინების გამოტანის უფლებით საკასაციო პალატაც სარგებლობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 27 დეკემბრის განჩინება ლ. ს-შვილის რეაბილიტაციისა და განცხადებაში მითითებული სხვა საკითხების გადაწყვეტის თაობაზე დარჩეს უცვლელად.