საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 88-აპ 18 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის განაჩენზე, რომლითაც გ. ჭ-შვილის მიმართ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. ჭ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლით, 215-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. სსკ) და მოქმედი სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 19, 182-ე მუხლის მეორე ნაწილისა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით. ერთობლივად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლითა და ექვსი თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა გ. ჭ-შვილს დაეწყო 2001წ. 30 მარტიდან. განაჩენით მას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის გაკეთება მისი გამოყენების მიზნით; მანვე წინასწარი შეცნობით გამოიყენა ყალბი დოკუმენტი; მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი საწარმოს ყალბი ბლანკის დამზადება, ყალბი დოკუმენტის შედგენის მიზნით; მანვე არაერთგზის ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მის გამგებლობაში; ასევე ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობა, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ჭ-შვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელის ზომა შეუმცირდეს ფაქტობრივად მოხდილ ვადამდე და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მიუთითებს, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩანადენი, კმაყოფაზე ჰყავს 6 შვილი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ასევე შერყეული აქვს ჯანმრთელობა.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. დ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა გ. მ-ძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე გ. ჭ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. ჭ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საკასაციო საჩივარშია მითითებული. სასამართლომ მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი და შეუფარდა უფრო მსუბუქი სასჯელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ჩადენილი დანაშაულის სანქციით.
ამდენად, განსაზღვრული სასჯელის კვლავ შემცირების საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 აპრილის განაჩენი გ. ჭ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.