საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 119-აპ 3 სექტემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ი. ც-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის განაჩენით ი. ც-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით _ 7 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ი. ც-შვილს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ი. ც-შვილი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ი. ც-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2001წ. 23 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, თბილისში, ..., დაუდგენელ პირებთან ერთად, ზ. ბ-შვილს გახადა იტალიური წარმოების პალტო, წაართვა ფეხსაცმელი და ფული _ 35 ლარი, სულ 374 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ი. ც-შვილი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. მას ჩამოერთვა ზ. ბ-შვილის ფეხსაცმელი და ფული _ 5 ლარი, რაც დაუბრუნდა დაზარალებულს.
მსჯავრდებული ი. ც-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას მისი ოჯახური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; იგი არის მძიმე ავადმყოფი და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია; მთლიანად აღიარებს და ინინებს ჩადენილ დანაშაულს.
პროკურორი ა.ს-შვილი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული, რომ ი. ც-შვილმა, სხვა პირებთან ერთად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, და ასეთი ძალადობის მუქარით, ჩაიდინა მოქალაქე ზ. ბ-შვილის ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. აღნიშნულს არც თავად მსჯავრდებული ხდის სადავოდ.
სააპელაციო პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ ი. ც-შვილი ადრე 2-ჯერ იყო ნასამართლვი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტი თავისთავად მოიცავდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს (ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის), ი. ც-შვილს მოუხსნა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და სასჯელი განუსაზღვრა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასწორია.
როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, ი. ც-შვილი პირველად გასამართლებულია 1994 წელს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა სსკ-ის 251-ე მუხლით, ხოლო მეორედ _ 1997წ. 8 მაისს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ი. ც-შვილს, სსკ-ის 79-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და მისი ქმედება არ შეიძლება, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის). მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ც-შვილის ქმედება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და საბოლოოდ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, მის პიროვნებას, კერძოდ, იმას, რომ იგი არის ავადმყოფი, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და თვლის, რომ ი. ც-შვილს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ი. ც-შვილის ქმედება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.
საბოლოოდ ი. ც-შვილს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.