საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 130-აპ 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულების _ ა. და ბ. კ-ების, მსჯავრდებულ რ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. შ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის განაჩენი რ. ი-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის განაჩენით რ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით ერთობლივად სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ რასიმ ისმაილოვს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 2 წლით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით რ. ი-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2000წ. 13 ოქტომბერს სოფ. კიზილაჯილოში ა. პ-ის ქორწილში რ. ი-ს შეკამათება მოუვიდა ა. კ-თან, რომელმაც შეცდომით ხელი დაარტყა მას. აღნიშნულის გამო მათ შორის გაიმართა ჩხუბი, რა დროსაც ა.კ-მა რ. ი-ს უკბინა წარბის არეში და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ამით განაწყენებულმა რ. ი-მა ა.კ--ს შურისძიების მოტივით, მის ეზოში დანით მიაყენა სასიკვდილო დაზიანება, რის გამოც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. დანის დარტყმის შემდეგ, გარდაცვლილის დედა ბ. კ-ა შეეცადა მსჯავრდებულის დაკავებას, მაგრამ რასიმ ი-მა დანიანი ხელი მოუქნია მას და თვალბუდის არეში მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ.შ-ძე ითხოვს განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 121-ე და 124-ე მუხლებით. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულმა გარდაცვლილს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ბ. კ-ს კი _ გაუფრთხილებლობით.
დაზარალებულები _ ა. და ბ. კ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის უცვლელად დატოვებას. საჩივარში მიუთითებენ იმასაც, რომ გამოძიებამ უსაფუძვლოდ არ მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მსჯავრდებულის მამა _ ტ. ი-ვი, რომელმაც მსჯავრდებული წააქეზა მკვლელობის ჩადენაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-შვილმა განაჩენი რასიმ ისმაილოვის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაცო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენი რ. ისმაილოვის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თითქოს რ. ი-მა ა.კ-ს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ხოლო დედამისს, ბ. კ-ს კი _ გაუფრთხილებლობით, საქმეში ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.
უსაფუძვლოა დაზარალებულების _ ა. და ბ. კ-ების საჩივრის მოტივები მათი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მამის ტ. ი-ის მონაწილეობის შესახებ. ეს გარემოება არ დაადასტურა დაზარალებულთა თხოვნით სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.მარდალიევამ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ.ი-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. განაჩენი ამ მიმართებით დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების და, ამდენად, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ.ი-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელი განსაზღვრული აქვს იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენი რ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.