საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 188-დად 17 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მომჩივანი მხარის _ ჯ. ტ-შვილის და მ. ნ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 12 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2002წ. 11 მარტის დადგენილება პოლიციის მუშაკების _ გ. ფ-ას, ა. ზ-შვილისა და თ. ქ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს როგორც რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების, ასევე პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და მასალების გადაცემას პროკურორისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 19 თებერვალს მოქალაქე მ. ნ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის პროკურორს, რომლითაც ითხოვა იმავე რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეშვიდე განყოფილების მუშაკების _ გ. ფ-ას, ა. ზ-შვილის და თ. ქ-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 168-ე, 190-ე, 332-ე, 333-ე და 381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების მიხედვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მათი პასუხისგებაში მიცემა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განცხადების მიხედვით პოლიციის მუშაკთა დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
განმცხადებელი პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურში, რომელიც მოქალაქე ჯ. ტ-შვილის საკუთრებას წარმოადგენდა. ჯიხურის წინამდებარე ¹14 საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეთა საჩივრების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის ნებართვა გააჩნდათ, ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორმა ა. ზ-შვილმა 2000წ. 7 ოქტომბერს უკანონოდ დააკეტვინა ჯიხური, რომელიც ორი დღის განმავლობაში ვეღარ ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ ნება დართო ჯიხურს ემუშავა ერთი კვირის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ჯიხურში კვლავ მივიდა უბნის ინსპექტორი ა. ზ-შვილი, დააკეტვინა ჯიხური და იქ მომუშავე პირებს ჩამოართვა გაფრთხილების ხელწერილი ვაჭრობის შეწყვეტის თაობაზე. ასეთი გაფრთხილების მიუხედავად, იმ მოტივით, რომ ვაჭრობის სათანადო ნებართვა გააჩნდათ და ჯიხურში ჰქონდათ მალფუჭადი კვების პროდუქტები, მ. ნ-ძემ და მისმა პარტნიორებმა მაინც განაგრძეს ვაჭრობა. 16 ოქტომბერს ა. ზ-შვილმა კვლავ დაკეტა ჯიხური და ის არ ფუნქციონირებდა 11 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ კვლავ განმეორდა პოლიციის მუშაკთა მხრიდან ჯიხურის დაკეტვის თვითნებური ქმედება, რის გამოც ჯიხური არ ფუნქციონირებდა 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 26 იანვრამდე. 2000წ. 8 დეკემბრის ღამეს დაუდგენელმა პირებმა ჯიხურიდან მოიპარეს 180 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2001წ. 26 იანვარს, ღამით, ასევე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ჯიხურს, რის შედეგად დაიწვა ჯიხური და მასში არსებული საქონლის უმეტესი ნაწილი.
ჯიხურის დაწვამდე მ. ნ-ძემ და ფირმის ხელმძღვანელმა ე. მ-ძემ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილების მუშაკთა მხრიდან კერძო-მეწარმეობით საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. პროცესში მოპასუხეთა სახით ჩაბმულ იქნენ პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გ. ფ-ა და უბნის ინსპექტორი ა. ზ-შვილი. სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და გამოიტანა შემდეგი სახის დადგენილება: “დაკმაყოფილდეს ე. მ-ძის და მ. ნ-ძის მოთხოვნა და დადგენილი წესით მათთვის ვაჭრობის ნების დართვის შემთხვევაში აღკვეთილ იქნეს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უფროსის გ. ფ-ას და უბნის ინსპექტორის ა. ზ-შვილის მიერ უკანონო ხელშეშლა”.
გარდა პოლიციის მუშაკთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა ჯ. ტ-შვილმა და მ. ნ-ძემ პროკურატურაში შეტანილი საჩივრით ითხოვეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე თ. ჯ-ძის პასუხისგებაში მიცემა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლისათვის. საჩივრის შემოწმების შემდეგ თ. ჯ-ძის მიმართ პროკურატურამ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, რაც უცვლელად არის დატოვებული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის დადგენილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განჩინებით.
პროკურატურამ 2002წ. 11 მარტის დადგენილებით ასევე უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე პოლიციის მუშაკების _ ა. ზ-შვილის, გ. ფ-ვას და თ. ქ-ძის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე. გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 12 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ჯ. ტ-შვილისა და მ. ნ-ძის საჩივარი პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმების თაობაზე.
ჯ. ტ-შვილისა და მ. ნ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და სასამართლოს დადგენილებები არის უკანონო, ისინი გამოტანილია არასრულყოფილად ჩატარებული შემოწმების მასალებზე, ატარებს მიკერძოებით ხასიათს და ითხოვს ორივე მათგანის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. გ-ძემ, მომჩივნებმა _ ჯ. ტ-შვილმა და მ. ნ-ძემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორმა გ. მ-მა ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პროკურატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოებდა მ. ნ-ძის საჩივარის შემოწმებას, სრულყოფილად გამოიკვლია მისი ყველა დეტალი და გამოიტანა დასაბუთებული დადგენილება საჩივარში დასახელებული პოლიციის მუშაკთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. პროკურატურის ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე შეტანილი საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განიხილა საპროცესო ნორმების დაცვით, საქმის მასალებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და გამოიტანა კანონზე დამყარებული დადგენილება საჩივრის უარყოფის შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოა კერძო საკასაციო საჩივრის ის მოსაზრებები, რომ რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ მისცა პრეუდიციული ძალა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 6 ივნისის განჩინებას და რომ თითქოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უკანონოდ არის ცნობილი პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების მუშაკთა ქმედება.
რაიონულ სასამართლოს კანონიერი საფუძველი ჰქონდა უზენაესი სასამართლოს განჩინების პრეიუდიციულად მიჩნევისათვის, ხოლო სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ თუ ე. მ-ძე, მ. ნ-ძე და მათი თანამოსაქმენი კანონით დადგენილი წესით თუ მოიპოვებდნენ სადავო ჯიხურში ვაჭრობის უფლებას, ასეთ შემთხვევაში უნდა აღკვეთილიყო პოლიციის მუშაკთა მხრიდან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილებაში სწორად არის მითითებული იმის თაობაზე, რომ: ჯიხურიდან ვაჭრობა სწარმოებდა ინდ. საწარმო “ე. მ-ძის” სახელით. მომჩივნებს ჯიხურიდან თავისი სახელით ვაჭრობის უფლება მიეცათ 2000წ. 13 დეკემბრიდან, როდესაც მიიღეს ამისათვის სათანადო მინდობილობა. მომჩივნებს არ გააჩნდათ არათუ ვაჭრობის ნებართვა, არამედ მათ არ ჰქონდა იმ მიწის ფართზე ჯიხურის განთავსების უფლებაც. სწორედ ამის დამადასტურებელია მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი მიწის მართვის დეპარტამენტის გაფრთხილება და არა იმისა, რომ მათ უფლებამოსილება გაუგრძელდათ ორი თვით”.
კერძო საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ მილიციის მუშაკების მიერ ხომ არ არის დარღვეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საჩივრის ავტორებს შეუძლიათ, ეძიონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ტ-შვილის და მ. ნ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის დადგენილება გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2002წ. 11 მარტის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.