საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 241-დად 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე
განიხილა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის ვ. ჯ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორ ბ. ო-ძის 2002წ. 18 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რომელიც აღძრული იყო თ. მ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს განხილვისას რიგი თანამდებობის პირების მიერ ანგარებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით და 189-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ თ. მ-ძის საჩივრის საფუძველზე 2001წ. 31 ოქტომბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რიგი თანამდებობის პირების მიერ ანგარებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფატქზე, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით და 189-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით. საქმეზე ჩატარებულ იქნა წინასწარი გამოძიება, რის შემდეგ საქმე 2002წ. 30 იანვარს წარმოებით იქნა შეწყვეტილი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული პროკურატურის მირ მიღებული ზემოაღნიშნული დადგენილება.
2002წ. 30 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა თ. მ-ძის საჩივარი, გააუქმა სასამართლოს დადგენილება და საქმე გამოძიების განახლების მიზნით გაუგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
2002წ. 18 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იქნა განახლებული. დადგენილ იქნა, რომ თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურორის თანაშემწე ბ. შ-ძემ 1996წ. 13 მაისს დააკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაცვისა და უზრუნველყოფის ოცმეთაური თ. მ-ძე, რომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვის ფაქტზე. აღკვეთის ღონისძიებად თ. მ-ძეს შეერჩა პატიმრობა და მოთავსებულ იქნა თბილისის სამხედრო გარნიზონის კომენდატურის ჰაუპტვახტში.
1996წ. 1 აგვისტოს თ. მ-ძე გაასამართლა თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იგი გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
საქმის მასალების მიხედვით, პატიმრობის პერიოდში, 1996წ. 28 ივნისს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის ¹108 მდებარე სანოტარო ბიუროში თ. მ-ძემ გააფორმა მინდობილობა, რომლითაც თავისი ქონების მართვის უფლება გადასცა ძმას _ თა. მ-ძეს, რომელმაც იმავეწ. 3 ივლისს თ. მ-ძის კუთვნილი ბინა 11000 აშშ დოლარად გაყიდა.
თ. მ-ძე თავის საჩივარსა და დაკითვისას უჩვენებს, რომ დაკავების შემდეგ ბ. შ-ძე პროკურატურასა და სასამართლოში საქმის მოსაგვარელბლად თავისი ძმის, თა. მ-ძის, თანდასწრებითY სთხოვდა 8000 აშშ დოლარს, სანაცვლოდ კი ჰპირდებოდა სასამართლოდან მხოლოდ დაჯარიმებით პატიმრობიდან განთავისუფლებას, რის გამოც დათანხმდა კუთვნილი ბინის გაყიდვაზე. მანვე მიუთითა, რომ მისმა ძმამ 6000 აშშ დოლარი გადასცა ბ. შ-ძეს, რომელსაც შემდეგ კიდევ მიუტანეს 2000 აშშ დოლარი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა დადგენილი თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტი, რის გამოც 2002წ. 18 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეეტის შესახებ. პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწვეტილებას არ დაეთანხმა თ. მ-ძე და მან შეწყვეტის დადგენილება გაასაჩივრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლომ საჩივარი განიხილა 2002წ. 9 სექტემბერს და თავისი დადგენილებით გააუქმა პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების განახლებისათვის გადასცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი ვ. ჯ-შვილი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიების მიერ სრულყოფილად იქნა შემოწმებული საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მათ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
წარმოდგენილია თ. მ-ძის შესაგებელი, რომლითაც ის კანონიერად მიიჩნევს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ ზ. ნ-ძემ და ბ. ო-ძემ მხარი დაუჭირეს პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
თ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავის დადგენილებაში მიუთიუთა იმ საკითხის შემოწმების აუცილებლობის შესახებ, რასაც, სასამართლოს აზრით, მნიშვნელობა აქვს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ გაურკვეველია, თუ რატომ არ იმსჯელა გამოძიებამ 1996წ. 28 ივნისს, იმ დროს, როცა თ. მ-ძე პატიმარი იყო და იმყოფებოდა ჰაუპტვახტში, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი ¹108 მდებარე სანოტარო ბიუროში მისი გაყვანის ფაქტზე. ასევე არ გარკვეულა, როდესაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თ. მ-ძის მიერ სანოტარო ბიუროში ძმის სახელზე მინდობილობის გაფორმების მოტივიც. ასევე, არაა გარკვეული, თუ რატომ გაიყიდა თ. მ-ძის ბინა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ყოფილმა მოსამართლე ნ. ხ-მ აღიარა 1996წ. 1 აგვისტოს თ. მ-ძის ბრალდების საქმის განხილვისას დაშვებული სიყალბე. დასადგენია, არსებობს თუ არა რაიმე სახის ურთიერთკავშირი ნ. ხ-ას მიერ სიყალბის ჩადენასა და პროკურორის თანაშემწე ბ. შ-ძის მიერ ქრთამის აღების ფაქტს შორის. საჭიროა აიხსნას თა. მ-ძის მიერ ჩვენებების შეცვლის მოტივი და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
გამოძიებამ უნდა ჩაატაროს აწ გარდაცვლილი პროკურორის, მ. კ-ძის, კაბინეტში თ. მაგრაქველიძის ცემის ფაქტის მოწმე პირთა _ გ. ს-ძის, გ. ჯ-ის, ბ. შ-ძის, ზ. ს-ძისა და დ. შ-ძის დაპირისპრება თ. მ-სთან.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნულ საკითხთა გარკვევისათვის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რასაც მნიშვნელობა აქვს თ. მ-ძის საჩივარში მითითებულ გარემოებათა შესაწყვეტად.
პალატა აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია როგორც თ. მ-ძის, ასევე - მისი ძმის თა. მ-ძის მიცემული ჩვენებები, ამიტომ გამოძიების გზით საჭიროა, სრულყოფილად იქნეს შემოწმებული სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები და მიეცეს მათ შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 560-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის ბ. ო-ძის მიერ 2002წ. 18 ივლისს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.