განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.12.2002
საქმის ნომერი
2კ-261დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 261-დად 3 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. კობახიძე

განიხილა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის გ.ხ-შვილის, ადვოკატების გ.ზ-შვილის, მ.ფ-ძის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის შს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ თ.ღ-ის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 ივლისს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თბილისის მთავარი არქიტექტურის სამმართველოს მიერ გაცემული ინსტიტუტ “საქშახტპროექტის” შენობის აღდგენის პროექტის დამუშავების სამშენებლო პასპორტში ყალბი მონაცემების შეტანის ფაქტზე – საქართველოს 1960წ. სსკ-ის 191-ე მუხლით. საქმეზე გამოძიება ჩაატარა თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა შ-შვილმა, რომელმაც 2002წ. 26 თებერვალს საქმის წარმოება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ: “ვერ იქნა დადგენილი კონკრეტული პირი, ვინც გააყალბა ზემოთ ხსენებული პასპორტი და მომავალში რომც დადგინდეს იგი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მიეცემა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გამოძიების მიერ სხვა რაიმე სისხლისსამართლებრივი დანაშაული დადგენილი ვერ იქნა”. დადგენილებაში მითითებულია, რომ დავა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციასა და შპს “ბუნება-91-ს” შორის შენობის წილზე განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროს.

საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტ დ.შ-შვილის საჩივრის საფუძველზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 15 მარტს გააუქმა დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ იმ მოტივებით, რომ სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული “საქშახტპროექტის” შენობის აღსადგენად ჩატარებულ სამუშაოებზე გახარჯული თანხა, გამოკვლეული არ იყო, ხომ არ ჰქონდა ადგილი კონკრეტული პირების მიერ თანხების მითვისებას ან სხვა დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინებით სასამართლოს ხსენებული დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული.

დამატებითი გამოძიების შემდეგ ქ.თბილისის შს სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა თ.ღ-მა 2002წ. 11 სექტემბერს კვლავ მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. დადგენილებაში მითითებულია, რომ: “დამატებითი გამოძიებით შეკრებილი უტყუარი და უცილობელი მტკიცებულებების შეჯერებით და მათი სამართლებრივი შეფასებით გამოძიებას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ინსტიტუტ “საქშახტპროექტის” აღდგენითი სამუშაოების ჩატარების პროცესში არ გამოვლენილა სისხლის სამართლის კანონით გათალისწინებული რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც სამშენებლო პასპორტში ყალბი მონაცემების შეტანისა და არც ინვესტირებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ნაწილში”.

აღნიშნული დადგენილება ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში კვლავ გაასაჩივრა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლ.შ-შვილმა და ითხოვა გამოძიების განახლების მიზნით, მისი გაუქმება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით დ.შ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა. გამომძიებელ თ.ღუდუშაურის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გაუქმდა და გამოძიების განახლების მიზნით, საქმე დაუბრუნდა თბილისის პროკურატურას.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრებით პროკურორი გ.ხ-შვილი, შპს “ბუნება-91-ის” ადვოკატები _ მ.ფ-ძე და გ.ზ-შვილი ითხოვენ სასამართლო დადგენილების გაუქმებას და გამომძიებელ თ.ღუდუშაურის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას. საჩივრებში მითითებულია, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია სრულყოფილად და მიღებულია დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ.ძ-ძემ, ადვოკატებმა გ.ზ-შვილმა და მ.ფ-ძემ, შპს “ბუნება-91”-ის დირექტორმა ნ.უ-ძემ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

გამომძიებელმა თ.ღ-მა საკასაციო პალატის სხდომაზე აღნიშნა, რომ მან დამატებითი გამოძიება ჩაატარა სრულად და ობიექტურად, გამორკვეულ იქნა ყველა საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტმა დ.შ-შვილმა, მისმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა მ.ჯ-ძემ, ნ.გ-მა მოითხოვეს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გამოძიების მიერ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად იქნა გამოკვლეული საქმესთან დაკავშირებული ყველა არსებითი საკითხი შენობის კუთვნილების, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს თანხების ხარჯვის, ანგარიშსწორების, შენობის ინვენსტორებზე გასხვისების და სხვათა შესახებ, რომელთა თაობაზე განცხადებებში მიუთითებდნენ საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტი დ.შ-შვილი და საქმესთან დაკავშირებით _ ფიზიკური თუ იურიდიული პირები. ამ მიზნით საქმეზე დაკითხულ იქნა ყველა პირი, მათ შორის თ.ქ-ძე, ნ.უ-ძე, თ.შ-ნა და სხვები, ჩატარდა საბუღალტრო კომისიური ექსპერტიზები. წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ გააუქმა რა გამომძიებელ თ.ღ-ის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რა საკითხები უნდა იქნეს დამატებით გამოკვლეული, ან რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. სასამართლოს დადგენილება ამ მხრივ ზოგად ხასიათს ატარებს და იგი დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქ.თბილისის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თ.ღ-ის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილება გაუქმდეს.

ქ.თბილისის შს საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თ.ღ-ის 2002წ. 11 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დარჩეს უცვლელად.