განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 98-კოლ 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების ზ.კ-იასა და რ.გ-ძის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ.თ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენით:
ზ. კ-იას და რ. გ-ძეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანქმის წესით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სამხედრო ბატალიონის მეთაურ რ. გ-ძეს და მის მოადგილე ზ. კ-იას განაჩენით მსჯავრი დაედოთ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, უსაფრთხოების ტექნიკის და შრომითი დაცვის წესების დარღვევისათვის, რამაც 2001წ. 6 ივნისს ქ.ფოთში, ლერმონტოვის ქუჩაზე, გამოიწვია რიგითი ა. ი-ის მაღალი ძაბვის ელექტროსადენზე შეხება და ელექტროდენის მოქმედების შედეგად _ გაუფრთხილებლობითი სიკვდილი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.თევდორაძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულთა ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ.თ-ძემ შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. ნაცვლად განაჩენის გაუქმებისა, მოითხოვა მასში ცვლილებების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს სასჯელი შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით. მისი აზრით, საკასაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულთა პიროვნებები მათი დადებითი დახასიათებები და სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის შუამდგომლობა სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა მოინანიეს ჩადენილი, წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნეს დამნაშავედ, ითხოვეს პატიება და სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
დაზარალებულმა ტ. ი-ამ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულთა თხოვნას და მოითხოვა საკასაციო პალატის მიერ მისი დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო.ბ-მა მოითხოვა მსჯავრდებულთა დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები სასჯელის შემსუბუქების შესახებ, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენი ზ. კ-იას და რ. გ-ძის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ერთობლივი მასალებით, მსჯავრდებულთა ჩვენებებით, მოწმეების განმარტებებით, სასამართლო ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ზ. კ-იას და რ. გ-ძის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია, რაც სადავოდ არ გახადეს საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია და იგი უნდა შეიცვალოს. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მათ წარსული შებღალული არაქვთ, ხასიათდებიან დადებითად, კმაყოფაზე ჰყავთ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, ასევე საქართველოს სახმელეთო ჯარების შტაბის შუამდგომლობა და დაზარალებულ ტ.ი-ას თხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლის საფუძველზე, ზ. კ-იას და რ. გ-ძეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით თითოეულს გამოსაცდელი ვადის - 3-3წ. დანიშვნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 63-66-ე მუხლებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის განაჩენში ზ. კ-იასა და რ. გ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: ზ. კ-იას და რ. გ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელები _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობითად და მსჯავრდებულებს გამოსაცდელ ვადად დაენიშნოთ 3-3 წელი.
პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.