განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 11.02.2000
საქმის ნომერი
2კ-49დად.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 49-დად 2 ნოემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, მ. ისაევი

განიხილა დაზარალებულ მ. კ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სიღნაღის რაიონის პროკურორისა და განსასჯელ ვ. ბ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-შვილის კერძო სააპელაციო საჩივრები. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ივნისის დადგენილება ვ. ბ-შვილის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დატოვებულ იქნა იმ ცვლილებით, რომ ვ. ბ-შვილს აღკვეთის ღონსიძიევბა _ პატიმრობა შეეცვალა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემით და გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საღებავების ნაწილაკები ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად და გამოძიებას დაევალა მისი საქმიდან ამოღება.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საბრალდებო დასკვნით ვ. ბ-შვილს ბრალი დაედო იმისათვის, რომ 1998 წლის 16 ოქტომბერს ნასვამი მართავდა ავტომანქანა “გაზ-53”-ს, დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნები და შეეჯახა ფეხით მოსიარულე ვ. კ-შვილს, რომელიც შეგნებულად მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შემთხვევის ადგლიდან მიიმალა. ვ. კ-შვილი საავადმყოფიში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ვ. ბ-შვილს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 129-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ივნისის განჩინებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს პროკურატურას.

სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სიღნაღის რაიონის პროკურორი და განსასჯელის ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომელთა მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ცვლილებით დატოვა ძალაში რაიონული სასამართლოს დადგენილბა, ასევე, გამოძიების მიერ დაშვებულ დარღვევებზე გამოიტანა კერძო განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული მ. კ-შვილი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინებას, მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ავტომანქანის საღებავის ნაწილაკების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობამ საქმეს დაუკარგა ყოველგვარი პერსპექტივა. ამასთან, სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საღებავის ნაწილაკებს არ სჭირდებოდა სასამართლოს მიერ დაკანონება, ასეთს არც მაშინდელი და არც ამჟამად მოქმედი საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის ე. ღ-შვილის დასკვნა, რომელმაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ, თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, ხოლო ამავე საქმეზე დადგენილი კერძო განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ნივთიერ დამამტკიცებელ საბუთს არ სჭირდება სასამართლო წესით დაკანონება. ასეთ პირობებში გამოძიების მიერ მოპოვებული ნივთმტკიცება სასამართლოს მიერ შეფასებულ უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ვერ მიუთითებს, თუ საპროცესო კანონის რომელი მოთხოვნა იქნა დაღვეული წინასწარი გამოძიების მიერ, როდესაც სასამართლოს არ მიმართა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საღებავის ნაწილაკების დაკანონების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საღებავის ნაწილაკების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო. ასევე, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის კერძო განჩინება, ხოლო განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინების მითითება შემთხვევის ადგილიდან საღებავის ნაწილაკების ამოღების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის ნაწილში გაუქმდეს, როგორც უკანონო.

ასევე, გაუქმდეს სააპელაციო პალატის იმავე თარიღით დადგენილი კერძო განჩინება.

სხვა ნაწილში განჩინება, ვ. ბ-შვილის საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, დარჩეს უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.