განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 01.02.2001
საქმის ნომერი
2კ-7დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
01.02.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7დად 1 თებერვალი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, გ. ბორჩხაძე

განიხილა მოქალაქე ა. ლ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოტივის შეცვლის შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს ზემოთ აღ-ნიშნული დადგენილების გაუქმებას და არსებითი გადაწყვეტილების მიღებას იმ მიმართებით, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილად ჩაითვალოს საქართვე-ლოს სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე და არა “გ” პუნქტის შე-საბამისად, როგორც ეს საქმის შეწყვეტის დადგენილებაში არის მითითებული. ასევე ითხოვს ა. ლ-ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაითვალოს უკანონო პა-ტიმრობად. პალატის სხდომაზეა. ლ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა კ. ხიბლაშვილმა დააზუსტეს საჩივრის მოთხოვნა და შუამდგომლობენ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას და საქმის გადაცემას გამოძიების გასაგრძელებლად.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1996 წლის 27 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამი-ნისტროს საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სილიკომანგანუმის უკანონოდ გატანის ფაქტზე სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ საქმეს 1997 წლის 11 სექტემბერს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე ა. ლ-ძის მიმართ იმავე კვალიფიკაციით.

გამოძიების საწყის ეტაპზე ა. ლ-ძე ეჭვმიტანილი იყო სააქციო საზოგადოება - “აზოტის” კუთვნილი 1068 ტონა საშუალო ნახშირბადიანი ფერმომანგანუმის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მითვისებაში, რის გამოც იგი 1997 წლის 10 მარტს მიცემულ იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის მე-19 და 961-ე მუხლით და იმის გამო, რომ თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 1997 წლის 17 მაისს ა. ლ-ძე ნებაყოფლობით გამოცხადდა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა. ლ-ძეს კავშირი არ ჰქონდა სს “აზოტის” კუთვნილ 1068 ტონა საშუალო ნახშირბადიანი ფერომანგანუმის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მითვისებასთან, არამედ ისარგებლა მხოლოდ ფერო-შენადნობი ქარხნის ლიცენზიით და მისი ფირმის “ა.ლ.”-ს კუთვნილი 221 ტონა საშუალო ნახშირბადიანი ფერომანგანუმი გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. გამოძიებამ მიიჩნია, რომ ამ ფერომანგანუმის საზღვარგარეთ გატანა მოხდა კონტრაბანდის გზით. ყოველივე აღნიშნულის გამო 1997 წლის 9 სექტემბერს ა. ლ-ძის მიმართ შეწყდა საქმე სახელმწიფო თანხების მითვისების ნაწილში წაყენებულ ბრალდებაში და მას წაეყენა ახალი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით კონტრაბანდის ჩადენაში.

საქმეზე წინასწარი გამოძიება დამთავრდა 1997 წლის 13 სექტემბერს და იგი საბრალდებო დასკნვით განსახილველად წარიმართა ზესტაფონის რაიონის სასამართლოში. 1998 წლის 14 მაისის განაჩენით ა. ლ-ძეს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მაშინ მოქმედი სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა სამი წლის პირობითი სასჯელით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-კასაციო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განჩინებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 14 მაისის განაჩენი და საქმე გადაეცა ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის დადგენილებით საქმე დაბრუნებულ იქნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

დამატებითი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ლ-ძემ კონ-ტრაბანდული გზით ნამდვილად გაიტანა საზღვარგარეთ 221 ტონა საშუალო ნახშირბადიანი ფერმომანგანუმი, მაგრამ გამოძიებამ, მაინც შეწყვიტა ა. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ახალი სსსკ-ძის 28-ე მუხლის “გ” პუნქტით, შემდეგი დასაბუთებით: “მიუხედავად იმისა, რომ ა. ლ-ძის ბრალეულობა იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსკ 79-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, რადგანაც 2000 წლის 1 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის თანახმად ახალი კანონი აუქმებს ა. ლ-ძის ქმედების დანაშაულობას” (გამომძიებლის 2000 წლის 1 ივლისის დადგენილება დამტკიცებული პროკურორის მიერ).

საქმის ამ მოტივით შეწყვეტა არ შეტყობინებია ა. ლ-ძეს და არ განმარტებია საქმის მასალების გაცნობის უფლება.

ა. ლ-ძემ 2000 წლის 4 სექტემბერს საჩივრით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ საქმის შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით (რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო). სასამართლომ ა. ლ-ძის საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ორი მოტივით. პირველი, იმ მოტივით, რომ საქმის შეწყვეტის მოტივის შეცვლა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. მეორეც, სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მითითებული მოტივით საქმის შეწყვეტის შესახებ.

პალატამ, მოუსმინა რა კასატორს, მის რწმუნებულსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის დადგენილებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ მოქალაქე ა. ლ-ძის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია (იმავე მუხლის მე-7 ნაწილი). საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლი კატეგორიულად მოითხოვს, რომ საქმის შეწყვეტის დადგენილება უნდა გაეგზავნოს ბრალდებულს (აგრეთვე ამ მუხლში ჩამოთვლილ სხვა პირებს) და განემარტოს მას საქმის მასალების გაცნობისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება და წესი. მოცემულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნები გამოძიების მიერ უგულვებელყოფილ იქნა, რითაც შეილახა ა. ლ-ძის კანონიერი უფლება.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 562-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მო-სამართლის 2000 წლის 26 დეკემბრის დადგენილება და საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის 2000 წლის 1 ივლისის დადგენილება ა. ლ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

საქმე გამოძიების განახლების მიზნით გადაეცეს საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.