განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 55 დად
2000 წლის 14 ნოემბერი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: მ. გოგელია, შ. ასათიანი
განიხილა ადიგენის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ მოქ. გ. ც-ძის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 1 მარტის დადგენილება რ. მ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უცვლელად დარჩა, ხოლო ადვოკატ დ. თ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა ამავე პალატის წევრის-მოსამართლე შ. ა-ის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 1 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში რ. მ-ძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გ. ც-ძის კუთვნილი 1500 აშშ დოლარის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ქ. ახალციხის რაიონის პროკურატურიდან შემოსული მოქ. გ. ც-ძის განცხადება იმის თაობაზე, რომ 1996 წლის სექტემბერში სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსმა რ. მ-ძემ მისი შვილის – ვ. ც-ძის სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ აიღო 1500 აშშ დოლარი. ამასთან დაკავშირებით, საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილი არაღძვრის დადგენილება, გ. ც-ძის საჩივრის საფუძველზე, გააუქმა ახალციხის სასამართლომ, რომელმაც მიუთითა, რომ ფაქტის გამოძიება შესაძლებელი იყო მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით და არა მოკვლევით.
2000 წლის 1 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე რ. მ-ძის მიმართ წარმოებით შეწყდა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით. აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ საოლქო პროკურორმა გაუქმა და საქმეზე გამოძიება განახლდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1996 წლის 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტისა და შს სამინისტროს ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბი, რომლის უფროსადაც 1996 წლის 5 ნოემბერს შს სამინისტროს ¹ 9760/7 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა რ. მ-ძე. პარალელურად დადგა საკითხი შტაბის პირველადი შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ - ქიმიკოსებისა და ექიმ-ეპიდომიოლოგების განხრით. კადრების დაკომპლექტების პერიოდში, რ. მ-ძეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ყოფნისას, პრეზიდენტის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სამცხე-ჯავახეთის მხარეში შ. ბ-მა და პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველმა ს. კ-ძემ, იმის გამო, რომ ვ. ც-ძე თხოვდა რაიმე სამსახურით დაკმაყოფილებას, სთხოვეს შეესწავლა ადიგენის რაიონის სოფ. ... მცხოვრები მოქალაქე ვ. ც-ძის პიროვნება მისი სპეციალობის გათვალისწინებით, რადგან იგი ქიმიკოსი იყო და თუკი შეესაბამებოდა აღნიშნული სამსახურის პროფილს და თუ მიზანშეწონილად ჩათვლიდა, დაეკმაყოფილებინა სამსახურით. რ. მ-ძემ თანხმობა განაცხადა, რამდენიმე დღის შემდეგ რ. მ-ძეს გამგეობის შენობაში შეხვდა თავისი კოლეგა – კ. ხ-შვილი, რომელმაც შეახვედრა ვ. ც-ძე.
რ. მ-ძე გაესაუბრა ვ. ც-ძეს და უთხრა, რომ მოეტანა დიპლომი და სხვა საჭირო საბუთები დეპარტამენტში წარსადგენად. 1996 წლის 4 დეკემბერს ვ. ც-ძე დაინიშნა შტაბის ქიმიური სამსახურის უფროსად. გარდა ზემოთხსენებული პიროვნებებისა, რწმუნებულის მრჩეველს, ს. კ-ძეს ვ. ც-ძის სამსახურში მოწყობა სთხოვა ამ უკანასკნელის ნათესავმა ა. გ-შვილმა. მუშაობის პერიოდში რ. მ-ძესა და ვ. ც-ძეს შორის იყო ნორმალური დამოკიდებულება ისინი ერთმანეთის ოჯახებშიც დადიოდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვ. ც-ძე ხშირად არღვევდა შრომის დისციპლინას, კერძოდ: დაუკითხავად მიდიოდა სამსახურიდან, არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 1997 წლის 19 ნოემბერს ¹ 46 ბრძანების საფუძველზე მას გამოეცხადა საყვედური. გარდა აღნიშნულისა, მან არასაპატიო მიზეზით გაცდენით რამდენჯერმე ჩაშალა მორიგეობა, რის გამოც ასევე მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
1997 წლის ივნისში საჭირო გახდა შტაბის ერთ-ერთი თანამშრომლის გაგზავნა ქ. მოსკოვის საგანგებო სიტუაციების აკადემიაში სასწავლებლად. შტაბის ოპერატიულ თათბირზე გადაწყდა ზ. კ-ძის გაგზავნა ქ. მოსკოვში.
აღნიშნულის გამო, ვ. ც-ძე განაწყენდა რ. მ-ძეზე, რადგან მისი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი ზემოხსენებულ აკადემიაში სასწავლებლად წასასვლელად რის გამოც იგი ძალიან ხშირად, თითქმის სისტემატურად აცდენდა სამსახურს და ასევე ხშირად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცხადდებოდა ხოლმე სამსახურში. ამის თაობაზე მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტებითი ბარათი. გარდა აღნიშნულისა, მან უკმაყოფილება გამოხატა რ. მ-ძის მიმართ, რადგან იგი არ გაუშვეს შვიდი თვით პირად საქმეზე რუსეთში სამუშაოდ და იმის გამოც, რომ დროულად ვერ ღებულობდა ხელფასს. მიუხედავად ვ. ც-ძის მიმართ გამოცხადებული საყვედურებისა და მითითითებებისა, იგი მაინც არ ცხადდებოდა სამსახურში და უხეშად არღვევდა შრომის დისციპლინას, რის გამოც იგი 1999 წლის 17 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹ 4223/მ _ ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მ. ც-ძის საჩივრის საფუძველზე, გამოიკვლია პროკურატურის გამომძიებლის ზემოაღნიშნული დადგენილების კანონიერება, მიიჩნია იგი დასაბუთებულად, და 2000 წლიოს 18 აგვისტოს განჩინებით დატოვა უცვლელად, ხოლო საჩივრის მოთხოვნა მისი გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.
საჩივრით კასატორი მოითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამარლთის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით რომ რ. მ-ძის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
პალატის სხდომაზე გამოცხადებულ ადვოკატ დ. თ-შვილს განემარტა, რომ ის მოცემულ საქმეზე დაკითხულია მოწმის სახით. ამდენად, პალატა მის სიტყვას, როგორც პროცესის მონაწილისას, ვერ მოისმენს.
ადვოკატმა დ. თ-შვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცნობის სახით განუმარტავს პალატას, რომ საქმეზე შეკრებილი ერთობლივი მასალების მიხედვით რ. მ-ძის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია.
გ. ც-ძემ პალატის წინაშე განაცხადა, რომ რ. მ-ძემ აიღო ქრთამის სახით 1500 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა რ. მ-ძემ განაცხადა, რომ გ. ც-ძის ოჯახი განაწყენებულია მასზე, რადგანაც მისი შვილი - ვ. ც-ძე გაათავისუფლა სამსახურიდან. მას ცილს სწამებენ და ტყუილად აბრალებენ დანაშაულის ჩადენას. ცრუობს ადვოკატი თ-შვილიც, რადგანაც მასთან არასოდეს უსაუბრია და არც შეიძლება მისთვის რაიმე ეთქვა თითქოსდა ქრთამის აღების თაობაზე.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: მოსამართლის მიერ გამოტანილია არა დადგენილება, არამედ განჩინება; მოსამართლემ საჩივრის განხილვის დროს დაარღვია საოქმო წარმოების წესი; საჩივრის განხილვის თაობაზე არ უცნობებია პროკურორისათვის.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება რ. მ-ძის საქმესთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით გადაეცეს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი საფუძვლებით:
მოსამართლე გ. გურასპაშვილმა განიხილა რა გ. ც-ძის წარმომადგენლის - ადვოკატ დ. თ-შვილის საჩივარი, ნაცვლად დადგენილებისა, გამოიტანა განჩინება. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ ყურადღება არ გაამახვილა საქართველოს სსკ-ის 242-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
გარდა ამისა, საჩივრის განხილვისას არ ყოფილა წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმი, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლოში ნებისმიერი საქმის (საჩივრის, შუამდგომლობის) განხილვის დროს დგება შესაბაიმსი ოქმი. გამონაკლისი გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, რა შემთხვევებში არ დგება სასამარლთო სხდომის ოქმი და მოსამარლთის მიერ გამოტანილი დადგენილება არ საჩივრდება. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დოკუმენტს, რომლის გაცნობის საფუძველზე პროცესის შესაბამის მონაწილეს და საკასაციო წესით საქმის განხილვისას მოსამართლეებს საშუალება ეძლევათ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და სხდომის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება რომ არა თუ სასამართლო სხდომის უქონლობა, არამედ სათანადოდ გაფორმებული ოქმის არარსებობის შემთხვევა, თანახმად სსსკ-ის 563-ე მუხლის „ნ“ პუნქტისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევად ითვლება, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.
პალატა, ასევე ყურდაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია პროკურორს და არც რაიმე შეტყობინება გაგზავნია ხსენებული საკითხის თაობაზეც.
ამრიგად, პალატა ასკვნის, რომ მოსამართლემ საჩივარი განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად. ამიტომ, პალატა ამ ეტაპზე არსებითად ვერ იმსჯელებს, თუ რამდენად კანონიერი და დასაბუთებულია გამომძიებლის დადგენილება და მოსამართლის გადწაყვეტილება.
საქმის ხელახალი განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით უნდა განიხილოს საქმეზე არსებული გ. ც-ძის საჩივარი.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 563-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 18 აგვისტოს განჩინება გ. ც-ძის წარმომადგენელ ადვოკატ დ. თ-შვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.