დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 37დად. 19 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე), ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-შვილის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხმელიძის კერძო საკასაციო საჩივრები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც ვ. მ-შვილს ქ. მოსკოვის კუნცევოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილის მოხდა განუსაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში.
აღწერილობითი ნაწილი :
ქ. მოსკოვის კუნცევოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ვ. მ-შვილს, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ვ. მ-შვილს მსჯავრი დაედო პირთა ჯგუფთან ერთად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტები შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტთან და ვ. მ-შვილს, ქ. მოსკოვის კუნცევოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილის მოხდა დაუწესდა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში.
კერძო საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებული ვ. მ-შვილი და მისი ადვოკატი ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის დადგენილების შეცვლას იმგვარად, რომ ვ. მ-შვილს სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა განესაზღვროს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში. საჩივრებში მითითებულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვ. მ-შვილს დაუმძიმა მდგომარეობა, როდესაც განაჩენით დანიშნული საერთო რეჟიმის ნაცვლად, დარჩენილი სასჯელის მოხდა განუსაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში. სასამართლომ დაარღვია სტრასბურგის 1983 წლის 21 მარტის კონვენციის “მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ, მე-10, მე-11 მუხლის მ მოთხოვნები, სადაც აღნიშნულია რომ: “რაც შეეხება სასჯელის ხასიათს, სანქცია ან ზომა უნდა შეესაბამებოდეს აღსასრულებელ განაჩენს თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სასჯელის აღმასრულებელი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სანქციას და არ უნდა აღემატებოდეს მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით დაწესებულ მაქსიმუმს. კომპეტენტური ორგანოები არ დაამძიმებენ მსჯავრდებულის მდგომარეობას და არ იხელმძღვანელებენ მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი მინიმუმით, რომელიც გათვალისწინებულია ჩადენილი დანაშაულისათვის ან დანაშაულებებისათვის”.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და მოითხოვა ვ. მ-შვილის მიმართ გამოტანილი დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება საჩივრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვ. მ-შვილს სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა განუსაზღვრა რა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში, დაუმძიმა მას მდგომარეობა.
საქართველოს სსსკ-ის 620-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
ვ. მ-შვილი ქ. მოსკოვის კუნცევოს რაიონის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რაც შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტს, იგი ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
“პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, იმას, ვინც პირველად არის მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასჯელის მოხდა დაენიშნება მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში.
პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვ. მ-შვილს სწორად განუსაზღვრა სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში.
საჩივრის მოტივს, რომ სასამართლომ დაარღვია “მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ” სტრასბურგის 1983 წლის 21 მარტის კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის მოთხოვნები, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი ეხება განაჩენის შესაბამისობაში მოყვანას მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობასთან ისეთ პირობებში, როდესაც სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელ განაჩენს თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. მ-შვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ა” პუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. მ-შვილის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხმელიძის საკასაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის დადგენილება ვ. მ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.