დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.04.2001
საქმის ნომერი
2კ-39აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹39აპ 26 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-შვილის ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ. მ-ძის და მსჯავრდებულ ზ. ც-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ლაგოდეხის რაონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივლისის განაჩენში გ. მ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ. შესაბამისად: გ. მ-შვილს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ზ. ც-ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

მსჯავრდებული გ. მ-შვილი 2000 წლის 6 ივლისს გასამართლებულ იქნა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238 –ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) და ერთობლივად მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ზ. ც-ძე 2000 წლის 6 ივლისს გასამართლებულ იქნა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით და 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია) და ერთობლივად მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

გ. მ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი გამოიხატა შემდეგში: 1992 წლის მარტში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ სამ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, გაექურდათ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ე. წ-შვილის საცხოვრებელი ბინა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე ღამით, გ. მ-შვილმა, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, შეაღწია ე. წ-შვილის საცხოვრებელ ბინაში და მეორე სართულზე არსებულ ოთახში დადგმული ტახტიდან ამოიღო; 16 კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი “ტულა”, ღირებული 300 ლარად, 16 კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი “ზიმსონი” ღირებული 800 ლარად, რაც ფარულად გაიტაცა, რითაც 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ე. წ-შვილს. გატაცებული სანადირო თოფი “ზიმსონი” მისცა დაუდგენელ პიროვნებას, ხოლო სანადირო თოფი “ტულა” დაიტოვა თვითონ. გ. მ-შვილმა, ე. წ-შვილის ბინიდან ფარულად გატაცებული სანადირო თოფი “ტულა”, იმავე წელს გადაჭრა და უკანონოდ დაამზადა ატიპიური ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა. მან 1994 წელს, გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, მის მიერ უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი თოფი “ტულა” უკანონოდ გაასაღა და აჩუქა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ო. ჭ-შვილს. 1993 წლის აგვისტოში, დაუდგენელ რიცხვში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ოთხ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ჩ. ბ-ძესა და მისი ოჯახის წევრებზე. იმავე ღამით, დაახლოებით 01 საათზე, გ. მ-შვილი, გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პიროვნებასთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელი პიროვნების ა/მანქანა “ნივით”, დანაშაულის შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით, სახეზე ნიღბით, ცეცხლსასროლი იარაღით, გადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებული, რომელსაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა, მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც სხვებთან ერთად შეაღწია ჩ. ბ-ძის საცხოვრებელ ბინაში. ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების ყაჩაღურად დაუფლების განზრახვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩ. ბ-ძეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებისა და მოკვლის მუქარით, მოსთხოვა ოქროს სამკაულები და ფული, რა დროსაც გაიტაცა 13 დასახელების სხვადასხვა ნივთი და ფული. გ. მ-შვილმა გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებებთან ერთად ჩ. ბ-ძეს სულ მთლიანად მიაყენა 1730 ლარის ზარალი.

1993 წლის ნოემბერში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, სახელმწიფო და პირადი ქონების დაუფლების მიზნით განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა ლაგოდეხის რაიონის სამეურნეობათაშორისო მეთევზეობის საწარმოში მომუშავე პირებზე. იმავე ღამით, დაახლოებით 23 საათზე, გ. მ-შვილი გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელი პიროვნების ა/მანქანა გაზ-69-ით დანაშაულის შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით სახეზე ნიღბით, რა დროსაც იგი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, მივიდა ლაგოდეხის სამეურნეობათაშორისო მეთევზეობის საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც სხვებთან ერთად შეაღწია შენობაში, სახელმწიფო და პირადი ქონების ყაჩაღურად დაუფლების განზრახვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შენობაში მყოფ ი. გ-კოს, ნ. ა-ევს და ზ. კ-შვილს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების და მოკვლის მუქარით გაიტაცა საწარმოს კუთვნილი 200 ლიტრი ბენზინი, ღირებული 105,40 ლარად და საწარმოს ბრიგადირის ზ. ხ-ძის კუთვნილი ტელევიზორი “საფირი”, ღირებული 75 ლარად, გატაცებული ტელევიზორი წაიღო და შეინახა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ..., თავის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც შემდგომ გ. მ-შვილის ძმამ გი. მ-შვილმა წარუდგინა გამოძიებას. 1994 წლის თებერვალში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. შ-ძეს, ჯ. კ-შვილს, ზ. ც-ძეს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით განეხორციელებინათ შეიარაღებული თავდასხმა სიღნაღის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ნ. მ-შვილსა და მის ოჯახზე. იმავე ღამით, დაახლოებით 23 საათზე, გ. მ-შვილი, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ზ. ც-ძის ავტომანქანა ვაზ-21011-ით, დანაშაულში შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით სახეზე ნიღბით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც სხვებთან ერთად შეაღწია ნ. მ-შვილის საცხოვრებელ ბინაში. ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების ყაჩაღურად დაუფლების განზრახვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ-შვილს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებისა და მოკვლის მუქარით მოსთხოვა ფული და ოქროს სამკაულები, რა დროსაც გაიტაცეს 14 დასახელების სხვადასხვა ნივთი და 954 ლარი, რითაც გ. მ-შვილმა და ზ. ც-ძემ, სხვა პირებთან ერთად ნ. მ-შვილს მიაყენეს 4480,90 ლარის ზარალი.

1994 წლის მარტში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა 1976 წლის 4 მაისს დაბადებულ არასრულწლოვანს, თ. თ-ძეს, რომელიც ჩააბა დანაშაულებრივ საქმიანობაში, მოელაპარაკა და შეთანხმდნენ, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით გაეძარცვათ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მცხოვრები, თ. თ-ძის ბებია ზ. ძ-შვილი. იმავე ღამით, დაახლოებით 23 საათზე, გ. მ-შვილი თ. თ-ძესთან ერთად მივიდა ხსენებულ მისამართზე, მასთან ერთად შეაღწია ზ. ძ-შვილის საცხოვრებელ ბინაში და მისი კუთვნილი ქონების გაძარცვის მიზნით, შეუკრა ხელები და ძალადობით აიღო ხალიჩა, ღირებული 1000 ლარად, ხატი, ღირებული 100 ლარად და აშკარად გაიტაცა, რითაც 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა დაზარალებულ ზ. ძ-შვილს. 1994 წლის 4 აპრილს, ქ. თბილისში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. შ-ძეს, ჯ. კ-შვილს, ზ. ც-ძეს და გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარკეს და შეთანხმდნენ, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა ქ. საგარეჯოში, ... მცხოვრებ რ. ბ-შვილსა და მისი ოჯახის წევრებზე. იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, გ. მ-შვილი, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ზ. ც-ძის კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21011”-ით მივიდა საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოს ტერიტორიაზე და დაელოდნენ რ. ბ-შვილის მისვლას, იცოდნენ რა, რომ ამ უკანასკნელს საავადმყოფოში უნდა მიეყვანა ქალიშვილი _ ექიმი ნ. ბ-შვილი, დაახლოებით 1945 საათზე, რ. ბ-შვილი, თავისი კუთვნილი ავტომანქანა “გაზ-24”-ით საავადმყოფოში მიიყვანა შვილი, დატოვა და წავიდა სახლისაკენ, რა დროსაც საავადმყოფოს ჯიხურთან იგი გააჩერა გ. მ-შვილმა. ჯ. კ-შვილმა და მ. შ-ძემ, რომლებმაც სთხოვეს საგარეჯოს ცენტრამდე მიყვანა, ჩაუსხდნენ რა რ. ბ-შვილს ავტომანქანაში, მ. შ-ძემ მას კეფაზე მიაბჯინა პისტოლეტი, გ. მ-შვილმა სცემა სახის არეში, ჩაუმტვრია კბილები, ჯიბიდან ამოუღო დანა. იგი იძულებით ჩამოსვეს ავტომანქანიდან, მოათავსეს უკანა სალონში, შეუკრეს ხელ-ფეხი და წაიყვანეს მის საცხოვრებელ ბინაში. მათ ავტომანქანით უკან მისდევდნენ ზ. ც-ძე და გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება. მათ იძულებით შეაღწიეს რ. ბ-შვილის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე ლ. ბ-შვილი. მათი ქონების ყაჩაღური დაუფლების განზრახვით, დაუწყენეს მათ ცემა, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ. ბ-შვილს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებისა და მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქროს სამკაულები, რა დროსაც მათ გაიტაცეს 35 დასახელების სხვადასხვა ნივთი, რითაც რ. ბ-შვილს მიაყენეს 9025 ლარის ზარალი.

1994 წლის 25 მაისს, ქ. თბილისში, გ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. შ-ძეს, ჯ. კ-შვილს, ზ. ც-ძეს და გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, განეხორციელებინათ შეიარაღებული თავდასხმა ქ. თბილისიდან ბულგარეთში მიმავალ ფირმა “გრაალის” კუთვნილ ავტობუსში მყოფ მგზავრებზე. იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გ. მ-შვილი, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ზ. ც-ძის კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21011”-ით ქ.თბილისიდან წავიდა თერჯოლის რაიონში. დანაშაულში შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით, სახეზე ნიღბით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, რომელსაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა, თერჯოლის რაიონის სოფ. ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ გზაზე, გააჩერა ქ.თბილისიდან ბულგარეთში მიმავალი ფირმა “გრაალის” კუთვნილი ავტობუსი, რომელშიც გ. მ-შვილი სხვებთან ერთად ავიდა და ავტობუსში მყოფი მოქალაქეების კუთვნილი ქონების დაუფლების განზრახვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებისა და მოკვლის მუქარით მოსთხოვა ფული და ოქროს სამკეულები, რა დროსაც 14 მოქალაქეს გასტაცეს ფული და ნივთები, რაც მათ ურთიერთშორის გაინაწილეს. 1997 წლის დეკემბერში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, ღამით, გ. მ-შვილი, ა. ბ-შვილთან და დ. შ-ძესთან ერთად ლაგოდეხის რაიონის სოფ. კართუბნიდან წავიდა ყვარლის რაიონის სოფ. ..., მან დაინახა იმავე სოფელში მცხოვრები თ. გ-ძის კუთვნილი კომერციული მაღაზია და გადაწყვიტა მისი გაქურდვა. დანაშაულის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. მ-შვილი მივიდა ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან, ფანჯრიდან გადავიდა შიგნით, საიდანაც ფარულად გაიტაცა 143 ლარისა და 80 თეთრის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი, რითაც გ. გ-ძეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი.

გ. მ-შვილი არის რა ნარკოტიკულ საშუალებათა არა სამედიცინო მიზნით მომხმარებელი, 1998 წლის აგვისტოში “ნაფანტების” ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დაკრიფა ველური კანაფი, წაიღო ლაგოდეხის რაიონის სოფ. ..., თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი გაახმო და უკანონოდ დაამზადა გამოძიებით დაუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სახლში და ღებულობდა. 1998 წლის 18 ნოემბერს მის მიერ უკანონოდ დამზადებული და შენახული ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანიდან” აიღო 1,5 გრ, დაამზადა 3 ცალი სიგარეტი მოსაწევად, ხოლო 6,5 გრ “მარიხუანა” კი ჩაყარა სიგარეტის კოლოფში, უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში და გადაჰქონდა, რა დროსაც იგი მხილებულ იქნა შს ლაგოდეხის რაიგანყოფილების მუშაკების მიერ. 1998 წლის 19 ნოემბერს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, სახლზე მიდგმული ფარდულიდან ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ დამზადებული და შენახული 6 გრ ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. მ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: მსჯავრდებულ გ. მ-შვილს წინასწარი გამოძიების დროს, სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, იძულებითი წესით უნდა დანიშნოდა ადვოკატი, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობის გარკვევის მიზნით არაერთხელ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა; სსსკ-ის 665-ე მუხლის თანახმად, როდესაც მსჯავრდებულ გ. მ-შვილის მიმართ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ჩატარებას არ ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რითაც დაირღვა გ. მ-შვილის უფლებები; როგორც ლაგოდეხის რაიონის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში გ. მ-შვილს ხმა არ ამოუღია, სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ რატომ დაკარგა გ. მ-შვილმა მეტყველება; მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ძალზე მკაცრია, რადგან იგი პირველადაა სამართალში, ჰყავს ავადმყოფი, ინვალიდი დედა და სულიერად დაავადებული ძმა.

მსჯავრდებული ზ. ც-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედების სსკ-ის 206-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დაკვალიფიცირებას და ამის მიხედვით სასჯელის ზომის განსაზღვრას, მიუთითებს, რომ ყაჩაღობის არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია, მან მხოლოდ იცოდა, რომ ჩადენილ იქნა ყაჩაღობა მაგრამ ამის შესახებ არ განაცხადა სათანადო ორგანოებში.

პროკურორმა გ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი გ. მ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმების ან შეცვლისათვის.

პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ ნ. მ-ძის საჩივრის მითითებას მ-შვილის დაცვის უფლების დარღვევის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-შვილის ინტერესებს წინასწარი გამოძიების ეტაპზე იცავდა ადვოკატი ზ.თ-შვილი, რომელმაც სათანადო შუამდგომლობაც დააყენა გამოძიების წინაშე.

მსჯავრდებულ მ-შვილის დაცვის უფლება ასევე არ დარღვეულა საქმის სასამართლოში განხილვისას, ხოლო ადვოკატის საჩივრის მითითება სსსკ-ის 665-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული მუხლი არეგულირებს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას ადვოკატის მონაწილეობას საქმის წარმოებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვის მიმართაც უნდა იქნეს გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.

საქმეზე არაერთხელ იქნა ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელთა დასკვნით დადგენილია, რომ გ. მ-შვილი არის შერაცხადი პირი. მისი ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასითს, რასაც მოწმობს რომელიმე ფსიქიკური დაავადების მთლიანი კლინიკური სურათის არარსებობა. მას შეუძლია ჩვენების მიცემა და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა.

პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით მსჯავრდებულ გ. მ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩადენილის სიმძიმის და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით. აქვს განსაზღვრული. ამდენად, არ არსებობს საფუძველი მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებისათვის.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ც-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისი ქმედების სსკ-ის 206-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დაკვალიფიცირების შესახებ. ზ. ც-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც მის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებებით, ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. მ-შვილის წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ზ. ც-ძეს სააპელაციო საჩივარშიც ჰქონდა იგივე მოთხოვნა დაყენებული. სააპელაციო პალატამ დეტალურად შეამოწმა მის საჩივარში მოყვანილი გარემოებები და მიიღო სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

ამჟამად წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სხვა ახალ გარემოებაზე არაა მითითებული. საქმის მასალებით კი უტყუარადაა დადგენილი, რომ ყაჩაღობაში მონაწილე პირები წინასწარი შეთანხმებით გადაადგილდებოდნენ ზ. ც-ძის ავტომანქანით, მან იცოდა ყაჩაღობის შესახებ, ისიც იღებდა ყაჩაღობის გზით გატაცებული თანხის და ქონების წილს. ასეთ ვითარებაში სისხლის სამართლის საქმეთა პალატა თვლის, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი ზ. ც-ძის ქმედების სსკ-ის 206-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-შვილის ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. მ-ძის და მსჯავრდებულ ზ. ც-ძის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენი გ. მ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.