განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 18-კოლ 24 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ნ. გვენეტაძე
განიხილა სასამართლო პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებლის _ ბათუმის რეგიონალური სატრანსპორტო პროკურორის თანაშემწის თ. მახაძის ადვოკატ დ. ჩ-შვილის, მსჯავრდებულების _ მ. კ-ძის და ტ. ბ-ძის საკასაციო საჩივრები, აგრეთვე, სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხული პირების _ ა. თ-ძის, ზ. მ-ძის, ნ. ა-ძის, ჯ. ხ-ბას, ო. ბ-ძის, ს. შ-შვილის, ჯ. გ-ძის, ბ. ბ-ძის, ს. მ-ძის, ა. ზ-ძის და გ. თ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 დეკემბრის განაჩენსა და კერძო განჩინებაზე.
გასაჩივრებული განაჩენით მ. კ-ძე საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს ბათუმის სამსახურის უფროსი, პოლიციის მაიორი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და 94-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა იმავე ვადის პირობით მსჯავრით.
ტ. ბ-ძე აჭარის ა/რ სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ახალი სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა იმავე ვადის პირობითი მსჯავრით.
მსჯავრდებულებს _ მ. კ-ძეს და ტ. ბ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ შპს “თეროდან”, “აკვასერვისიდან” და “ლოჯისტიკიდან” მიღებული 117709 ამერიკული დოლარის შესაბამისი 167159 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. მათვე სოლიდარულად დაეკისრათ შპს “საქართველოს რკინიგზაზე” რონოდების მოცდენით მიყენებული 14147 ლარის გადახდა.
მსჯავრდებულ მ. კ-ძეს დაეკისრა მწვანე კონცხის გვირაბის დაცვის 8 პოლიციელისათვის 440 ლარის (თითოეულისათვის 55-ის) გადახდა და სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ 2400 ლარის გადახდა.
მსჯავრდებულ ტ. ბ-ძეს დაეკისრა დაზარალებულ თ. დ-იაზე მიყენებული მორალური ზიანის _ 500 ლარის გადახდა, რაც თვით დ-იას თხოვნით უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
გასაჩივრებული კერძო განჩინებით სასამართლო კოლეგიამ პროკურატურის წინაშე დააყენა საკითხი სასამართლო პროცესზე დაკითხული პოლიციის 17 მუშაკის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის დაუშვებლობის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე რეაგირების თაობაზე.
პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების _ მ. კ-ძისა და ტ. ბ-ძის მიმართ სასამართლოს პირობითი მსჯავრი არ უნდა გამოეყენებინა. ამ მოტივით ითხოვეს განაჩენიდან ამოირიცხოს მათი პირობითი მსჯავრდება და მ. კ-ძეს სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ტ. ბ-ძეს კი _ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ორთავემ სასჯელი მოიხადოს საერთო რეჟიმის კოლონიაში.
მსჯავრდებულთა საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ადვოკატის საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს კერძო განჩინების გაუქმებას.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით მ. კ-ძეს და ტ. ბ-ძეს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ პირველი მუშაობდა რა საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ტვირთების დაცვის სამმართველოს ბათუმის სამსახურის უფროსად, მეორე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ურთიერთშეთანხმებით ჩაიდინეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს და რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი. მათვე გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ამითაც არსებითი ზიანი მიაყენეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით მძიმე შედეგი. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში: 1997 წლის დასაწყისში მ. კ-ძე შეუთანხმდა ტ. ბ-ძეს რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა იმ დროისათვის დაცვის პოლიციის სამმართველოს ბათუმის სამსახური, რომ დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობის გაცილება მოეხდინათ ეგრეთ წოდებული “გამჭოლი მეთოდით” _ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიყვანით და გამცილებელი პოლიციელის საკვები ხარჯების ანაზღაურებით, საკვები თანხების მიღების მიზნით მ. კ-ძემ ტ. ბ-ძის თანხმობით ტვირთის მეპატრონე და ამ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ხელუხლებლად ჩასვლით დაინტერესებულ ფირმებს მოსთხოვა გადაეხადათ ტვირთის გამცილებელ პოლიციელთა გამოსაკვებად ტვირთის სახეობის მიხედვით თითოეულ ტონაზე 5-დან 20 ამერიკულ ცენტამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთების გაცილებას არ მოახდენდნენ. აღნიშნულის შესახებ მ. კ-ძემ ტ. ბ-ძესთან შეთანხმებით მოლაპარაკება აწარმოა ქ. ბათუმის საზღვაო პორტში ტვირთის მიმღები და გამგზავნი საექსპედიციო ფირმების _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თეროს”, “აკვასერვისის” და “ლოჯისტიკის” ხელმძღვანელებთან რომლებიც დათანხმდნენ მითითებული თანხების გადახდაზე იმ პირობით, რომ მათი ტვირთი უვნებლად იქნებოდა მიტანილი დანიშნულების ადგილზე. ასეთი შეთანხმების შემდეგ დასახელებულმა ფირმებმა ყოველგვარი აღრიცხვიანობის და ანგარიშის გარეშე დაიწყეს თანხების გადახდა, რაც გრძელდებოდა 1997 წლის იანვრიდან 1999 წლის დეკემბრამდე. ამ სამი წლის განმავლობაში მითითებულმა სამმა ფირმამ ტვირთების დაცვის პოლიციის სამმართველოს ბათუმის სამსახურის უფროსს სულ გადაუხადეს 167159 ლარი. ამ თანხების გადახდის საქმის კურსში იყო აჭარის ა/რ სატრანსპორტო პოლიციის უფროსი ტ. ბ-ძეც. ფირმების მიერ გადახდილი 167159 ლარიდან ტვირთების გამცილებელ პოლიციელებზე გაცემული იქნა 25 390 ლარი, ხოლო 141769 ლარი დარჩათ მ. კ-ძესა და ტ. ბ-ძეს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ქ. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე გაქურდული იქნა რონოდა, რომელშიც ფირმა “თეროს” კუთვნილი შაქარი იყო და ეს დანაშაული თვით სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს, “თეროს” ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა პოლიციის მუშაკთა კვებისათვის შეთანხმებული თანხების გადახდაზე. ტ. ბ-ძემ და მ. კ-ძემ გადაამეტეს რა მათ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მ. კ-ძემ დაავალა დაქვემდებარებული სამსახურის პოლიციის მუშაკებს არ მიეღოთ საექსპედიციო საზოგადოება “თეროს” ტვირთები დაცვის ქვეშ გასაცილებლად, რამდენადაც ფირმის ხელმძღვანელობა უარს აცხადებდა მათ მიერ დაწესებული გაცილების თანხების გადახდაზე. ამ მიზეზით არ იქნა მიღებული დაცვის ქვეშ და გაცილებული ფირმა “თეროს” ტვირთი 1999 წლის 14 აგვისტოდან 19 აგვისტომდე _ 15 რონოდა, 18-დან 19 აგვისტომდე _ 20 რონოდა, 21 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე _ 16 რონოდა, ხოლო 25-დან 29 დეკემბრამდე _ 11 რონოდა. ამის გამო რონოდების ზენორმატიული მოცდენით შპს “საქართველოს რკინიგზაზე” მიყენებული იქნა 14147 ლარის მატერიალური ზარალი, რითაც არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს.
გარდა აღნიშნულისა მ. კ-ძეს ტ. ბ-ძისაგან დამოუკიდებლად მსჯავრი დაედო მასში, რომ მუშაობდა რა ტვირთების დაცვის სამმართველოს ბათუმის სამსახურის უფროსად და მის სამსახურში შედიოდა “მწვანე კონცხის” გვირაბის დაცვის ოცეული, 1997 წლის დასაწყისში გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, რაც გამოიხატა შემდეგში: გვირაბის დაცვის ოცეული ცხოვრობდა რა “მწვანე კონცხის” ტერიტორიაზე გვირაბის შესასვლებთან განლაგებულ შენობაში, რომელიც ირიცხებოდა რკინიგზის ორგანიზაციის ბალანსზე, პოლიციელებს ეკავათ ნაგებობის ნაწილი, ხოლო ამავე ნაგებობის მეორე ნახევარი მიტოვებული იყო უპატრონოდ. მორიგეობის დროს, ზამთრის პერიოდში, იმის გამო, რომ პოლიციელებს არ გააჩნდათ გათბობისათვის არც შეშა და არც ნახშირი, მათ ამოყარეს ნაგებობის უპატრონოდ მიტოვებული ნაწილის ოთახებიდან იატაკი და გამოიყენეს გათბობისათვის. ამის შესახებ როცა გაიგო კ-ძემ, იმის ნაცვლად, რომ დადგენილი წესით გაერკვია მომხდარი ფაქტი და მოეხდინა მასზე კანონიერი რეაგირება, გასცა განკარგულება გვირაბის დაცვის 14 პოლიციელს დაკავებოდა ხელფასიდან 55 ლარი თითოეულს, თითქოსდა იატაკის აღდგენის მიზნით. ორი თვის ხელფასის მიღების პერიოდში აღნიშნული თანხა დაუკავდათ პოლიციელებს და 770 ლარი ჩაბარდა მ. კ-ძეს. მიუხედავად ამისა, ამოყრილი იატაკის აღდგენა არ მომხდარა. ამ მოქმედებით მ. კ-ძემ გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, ანგარებით მიიღო პოლიციელებისაგან 770 ლარი, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
მ. კ-ძეს ასევე მსჯავრი დაედო მითვისებით სხვისი ქონების გატაცებაში, რაც შემდეგში გამოიხატა: საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს 1996 წლის 3 აპრილის ბრძანებით ქ. ბათუმის დაცვის სამსახურის 60 პოლიციელზე პრემიის სახით გამოიწერა 2400 ლარი (თითოეულზე 40 ლარი). აღნიშნული თანხა ჩატანილი იქნა რა თბილისიდან, უწყისებთან ერთად ჩაბარდა დაცვის სამსახურის უფროსს მ. კ-ძეს. ამ უკანასკნელმა კი ეს თანხა მთლიანად მიითვისა ისე, რომ პოლიციელებზე არაფერი გაცემულა. ფულის გაცემის უწყისი კი ხელმოწერების შესასრულებლად გადასცა დაცვის პოლიციის ასეულის მეთაურის მოადგილეს ნ. ბ-ძეს, რომელმაც ფულის მიღებაზე ხელი მოაწერინა უწყისში მითითებულ პირებს და უწყისი დაუბრუნა მ. კ-ძეს.
ტ. ბ-ძეს მ. კ-ძისაგან დამოუკიდებლად მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სახელდობრ მასში, რომ 1999 წლის 15 ნოემბრიდან სამუშაოზე არ დაუშვა პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი თ. დ-ია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დანიშნული იყო აჭარის ა/რ რესპუბლიკის სატრანსპორტო-საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებლად და 2000 წლის 23 თებერვლამდე ანუ ტ. ბ-ძის თანამდებობიდან გადაყენებამდე სამსახურებრივი მოვალეობა არ შეუსრულებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ვ. ვ-შვილმა გაითხოვა პროკურორ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი და მხარი დაუჭირა განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ადვოკატმა დ. ჩ-შვილმა და მსჯავრდებულებმა _ მ. კ-ძემ და ტ. ბ-ძემ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს განაჩენის გაუქმება და შერაცხულ ბრალდებათა ყველა ეპიზოდში საქმის წარმოების შეწყვეტა.
დაზარალებულმა თ. დ-იამ მოხსნა მის შესაგებელში აღნიშნული მოთხოვნა ტ. ბ-ძისათვის 50000 ლარის გადახდევინებისა და ამ თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ. ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
დაზარალებულებმა _ შ. გ-ძემ, Uგ. ხ-ძემ, ნ. ს-ძემ და ზ. დ-ძემ განმარტეს, რომ როგორც მათთვის გახდა ცნობილი მათზე დაქვითული თანხა მიღებული აქვს ოცეულის მეთაურს წ-ავას და არა მსჯავრდებულ მ. კ-ძეს. წ-ავა კი არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლოს მიერ დაკითხული არ ყოფილა.
სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯ. ს-ძემ მხარი დაუჭირა განაჩენის უცვლელად დატოვებას, თუმცა ვერ ახსნა რატომ ითხოვა მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.
კერძო საკასაციო საჩივრის ავტორებმა _ ა. თ-ძემ, რ. ჭ-ძემ, ზ. მ-ძემ და ჯ. ხ-ბამ ითხოვეს სასამართლოს კერძო განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოსათვის მათ ცრუ ჩვენება არ მიუციათ.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მივიდა შემდეგ დასკვნამდე: განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და ტ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში (გამომძიებელ თ. დ-იას სამუშაოზე დაუშვებლობა) საქმის წარმოება შეწყდეს, ხოლო ბრალდებათა სხვა ნაწილში ორთავე მსჯავრდებულის მიმართ საქმე დაბრუნებულ იქნას დამატაებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ შესრულებული არ არის საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ “საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევის თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს”. აღნიშნულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა განაჩენის გაუქმების უდავო საფუძველია.
განაჩენით მ. კ-ძეს და ტ. ბ-ძეს მსჯავრი დაედოთ ურთიერთშეთანხმებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს და რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი, ე.ი. საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ისე, რომ არც წინასწარ გამოძიებას და არც სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენია მართლაც შეილახა თუ არა კანონით დაცული ვისიმე ინტერესი, სახელდობრ ვისი, რაში გამოიხატა ინტერესთა შელახვა, ვინ რა ზიანი განიცადა ამით, რა ინტერესი ამოქმედებდათ მსჯავრდებულებს და კონკრეტულად ვინ რა სარგებელი ნახა ამ ქმედებით. განაჩენით და საქმის მასალებით გარკვეული არ არის რაში გამოიხატა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების _ “თეროს”, “აკვასერვისის” და “ლოჯისტიკის” ზიანი და ინტერესთა შელახვა. აღნიშნული საზოგადოებები არიან საშუამავლო ფირმები და აწარმოებენ საქართველოს (ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის) ტერიტორიაზე უცხოეთის ფირმების მიერ შემოტანილი ტვირთების ადრესატამდე გადაზიდვას. გადაზიდვის ყოველგვარ ხარჯებს იხდის ტვირთის მეპატრონე ფირმები.
ფირმა “თეროს” ხელმძღვანელმა რ. ნ-ძემ გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს აჩვენა: “დაცვის უფროსმა მ. კ-ძემ მითხრა, რომ დაცვის პოლიციელების საკვებისათვის გადამეხადა გარკვეული თანხა. მე ამ წინადადებაზე ვუპასუხე, რომ კლიენტს შევუთანხმებდი და თუ ის გადაიხდიდა დამატებით თანხას, მაშინ მე თანახმა ვიყავი ეს თანხა გადამეცა პოლიციელთათვის. მე ამის შესახებ მოველაპარაკე კომპანია “ეტსუნის” (თურქეთის რესპუბლიკა) ხელმძღვანელობას, რომლებიც დამატებით თანხის გადახდაზე დამთანხმდა. მეც შესაბამისად ვუთხარი მ. კ-ძეს, რომ თანახმა ვიყავი თითოეულ ტონაზე დამატებით გადამეხადა 10 ცენტი”.
ფირმა “ლოჯისტიკის” ხელმძღვანელმა ტ. დ-ძემ აჩვენა: “მ. კ-ძის თხოვნით მე მას ყოველ ტონა ტვირთზე ვუხდიდი 10 ცენტს. ეს თანხა იხდებოდა დამკვეთის ხარჯზე. მე ტვირთის გაგზავნის დამკვეთს ვახდევინებდი იმ თანხას, რაც მთლიანობაში ჯდებოდა ტვირთის გაგზავნა. ცალკეული ხარჯები დამკვეთს არ აინტერესებდა”.
ანალოგიური ჩვენებები აქვს მიცემული ფირმა “აკვასერვისის” ხელმძღვანელს ბ. გ-ძეს.
აღნიშნული ჩვენებები უდავოდ მიუთითებენ იმაზე, რომ ზემოაღნიშნულ ფირმებს მითითებული ოპერაციით მატერიალური ზარალი არ განუცდიათ და მათი ინტერესი არ შელახულა. ამას ნათლად ადასტურებს ისიც, რომ ფირმა “ლოჯისტიკის” ხელმძღვანელობას სამოქალაქო სარჩელი არ დაუყენებია და თანხის დაბრუნებაზე არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხოლო ფირმების _ “თეროსა” და “აკვასერვისის” წარმომადგენლებმა ითხოვეს მათ მიერ მ. კ-ძისათვის გადახდილი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.
ამრიგად, გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის სსკ-ის 186-ე მუხლის დისპოზიციის ძირითადი ნაწილი _ ვინ და რა სახის ზიანი მიიღო. ამის გარეშე ქმედება დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა. გაუგებარია ისიც, თუ რას გულისხმობენ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი, როცა აღნიშნავენ, რომ მ. კ-ძესა და ტ. ბ-ძის ქმედებამ არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი.
განაჩენს დადგენილად მიაჩნია, რომ “1997 წლის დასაწყისში მ. კ-ძე შეუთანხმდა ტ. ბ-ძეს დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობის გაცილება მოეხდინათ ეგრეთ წოდებული “გამჭოლი მეთოდით”, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანით და ტვირთის გამცილებელი პოლიციელის საკვები ხარჯების ანაზღაურებით. პოლიციელთა კვების თანხების მიღების მიზნით მ. კ-ძემ, რაც შეთანხმებული იყო ტ. ბ-ძესთან, ტვირთის მეპატრონე და ამ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ხელუხლებლად ჩასვლით დაინტერესებულ ფირმებს მოსთხოვა გადაეხადათ გაცილების დროს პოლიციელთა გამოსაკვებად თითოეულ ტონა ტვირთზე 5-დან 20 ამერიკულ ცენტამდე ტვირთის სახეობის მიხედვით, ისე, რომ ამით პოლიციელებს ჰქონოდათ გამჭოლი გაცილების დროს კვების თანხები”.
განაჩენის ის მოსაზრება, რომ ტვირთების გამჭოლი მეთოდით გაცილება მ. კ-ძისა და ტ. ბ-ძის პირადი ინიციატივით დაიწყო 1997 წლის დასაწყისიდან, საქმის მასალებს ეწინააღმდეგება. “საქართველოს რკინიგზაზე გადასაზიდი ტვირთების და ობიექტების დაცვის ორგანიზაციის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად “საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი დანიშნულების მატარებლის დაცვა ხორციელდება გამჭოლი გაცილებით, თუ დეპარტამენტის მოძრაობის სამსახური უზრუნველყოფს მატარებლის დატვირთვის სადგურიდან-ჩაბარების სადგურამდე მიყვანას დღე-ღამის განმავლობაში” (ინსტრუქცია დამტკიცებულია 1996 წლის 19 აგვისტოს).
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ბათუმის რკინიგზის სადგურიდან მიღების სადგურამდე ტვირთის გადატანას რკინიგზის დეპარტამენტი უმეტესად ერთი დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოფდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ტვირთის ჩაბარების პროცედურაში იკარგებოდა დიდი დრო, რის გამოც გამცილებელ პოლიციელებს რამოდენიმე დღის განმავლობაში უხდებოდათ გზაში ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ ოფიციალურად სამივლინებო ხარჯები არ უნაზღაურდებოდათ. გამჭოლი გაცილების გარეშე კი აშკარად იზრდებოდა ტვირთის დაკარგვის რისკი და მცირდებოდა დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის დადგენის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულის გამო სასამართლო პალატა თვლის, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ძვირად ღირებული სიკეთის დაცვისა და გადარჩენის მიზნით ტვირთის გამგზავნმა ფირმებმა მეპატრონესთან შეთანხმებით მინიმალური თანხები თუ ნებაყოფლობით გადაიხადეს და ეს თანხები მხოლოდ ამ მიზნით იქნა კეთილსინდისიერად გამოყენებული, ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ სრულყოფილად სწორედ ის არ არის გამოკვლეული და დადგენილი ტვირთგადამზიდმა ფირმებმა რა რაოდენობის თანხა გადაიხადეს აღნიშნული მიზნით და აქედან რამდენი გაიცა მიზნობრივად გამცილებელ პოლიციელებზე კვებისა და სხვა აუცილებელი საგზაო ხარჯებისათვის.
განაჩენის მიხედვით 1996-99 წლებში შპს “თეროს” გადახდილი აქვს მსჯავრდებულებზე (მ. კ-ძე, ტ. ბ-ძე) 95416 ლარი, შპს “აკვასერვისს” _ 69615 ლარი, ხოლო შპს “ლოჯისტიკს” _ 2437 ლარი, რაც მთლიანად შეადგენს 167159 ლარს. აქედან გამცილებელ პოლიციელებზე გადახდილია 25390 ლარი, ხოლო დანარჩენი 141769 ლარი დარჩათ მსჯავრდებულებს. გაუგებარია რატომ მიუთითებს განაჩენი 1996 წლიდან თანხების გადახდას.
ფირმების მიერ გადახდილი თანხების რაოდენობა განაჩენს დადგენილად მიაჩნია თვით ამ ფირმების მიერ გაცემული ცნობების და ფირმების ხელმძღვანელთა ჩვენებების მიხედვით, მაშინ როდესაც ეს ცნობები და ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია.
ფირმა “აკვასერვისის” გენერალური დირექტორის მიერ 1999 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, ამ ფირმას 1997-98 წლებში ბათუმის რკინიგზის სადგურიდან გაგზავნილი აქვს 254 000 ტონა ტვირთი, ხოლო იმავე პირის მიერ 2000 წლის 24 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით იმავე პერიოდში გაგზავნილია 528 781 ტონა ანუ 274 781 ტონით მეტი ვიდრე პირველ ცნობაშია მითითებული. შესაბამისი სხვაობაა მის მიერ დასახელებული გადახდილი თანხის რაოდენობაშიც.
ფირმა “თეროს” გენერალური დირექტორის მიერ 1999 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით ამ ფირმას 1997-98 წლებში გადატვირთული აქვს 530 770 ტონა, ხოლო 2000 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით კი 430 417 ტონა. სხვაობა 100 000 ტონაზე მეტია.
ანალოგიური სხვაობებია ფირმა “ლოჯისტიკის” მონაცემებშიც.
წინასწარი გამოძიება და სასამართლო არ დაინტერესებულა ობიექტურად გამოეკვლია ეს მონაცემები, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით გადაემოწმებინათ ფირმების მიერ გაცემული ცნობების რეალობა და შედეგიდან გამომდინარე დაედგინათ ტვირთების გაცილებისათვის ფირმების მიერ დამატებით გადახდილი თანხების რაოდენობა.
ფირმების _ “თეროს”, “აკვასერვისის” და “ლოჯისტიკის” ხელმძღვანელთა ჩვენებების მიხედვით მათ მ. კ-ძისათვის სულ გადახდილი აქვთ 117 200 ამერიკული დოლარი. განაჩენი რატომღაც მიიჩნევს, რომ მათ მიერ გადახდილია 117 709 დოლარი, ე.ი. 509 დოლარით მეტი. ისევე, როგორც ფირმების მიერ გადახდილი თანხების რაოდენობა, საქმის მასალებით დადგენილი არ არის პოლიციის მუშაკზე გადახადილი თანხის ზუსტი რაოდენობაც. განაჩენის შეხედულებით ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამეთუ მიიჩნევს, რომ პოლიციელებზე გაიცა თუ არა თანხები, დანაშაული მაინც სახეზეა და მსჯავრდებულებმა მ. კ-ძემ და ტ. ბ-ძემ ფირმების მიერ გადახდილი მთლიანი თანხა უნდა შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში, პოლიციელებზე გადახდილი თანხის გამოუკლებლად. განაჩენის ასეთი მოსაზრება არასწორია. “ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ხელუხლებლად ჩასვლით დაინტერესებულ ფირმებთან” (განაჩენიდან) შეთანხმებით თანხების მიზნობრივად გაცემა, თუ ამას შესაბამისი სამუშაოს შესრულება კი მოყვა და მხარეთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობდა, როგორც ამას ზემოთდასახელებული ინსტრუქცია ითვალისწინებს, არც დანაშაულად უნდა ჩაითვალოს და არც ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოსაღებად. პალატის ეს მოსაზრება წინასწარი გამოძიების დროს თითქმის მთლიანად არის დადასტურებული ბათუმის რეგიონალური სატრანსპორტო პროკურორის მიერ. მან შეცვალა რა გამომძიებლის მიერ მ. კ-ძეზე ბრალდებად წარდგენილი ქრთამის გამოძალვის კვალიფიკაცია, დადგენილებაში მიუთითა: “მ. კ-ძის მიზანს არ წარმოადგენდა ქრთამის გამოძალვა. მისი გაგებით ამას იგი აკეთებდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უკეთ შესრულებისათვის”. როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, პროკურორი იზიარებს იმ აზრს, რომ მ. კ-ძე მოქმედებდა სამსახურებრივი მოვალეობის უკეთ შესრულებისათვის და არა ვინმესთვის ვნების მისაყენებლად და პირადი გამორჩენისავთის განაჩენის მიხედვით ფირმების მიერ გადახდილი თანხებიდან ტვირთის ბოლომდე გამცილებელ პოლიციელს ეძლეოდა 1997 წელში 15 ლარი, შემდგომ წლებში კი 20 ლარი. გამომდინარე აქედან, განაჩენი მიიჩნევს, რომ პოლიციელებზე სულ გაცემული იქნა 25 390 ლარი.
ბათუმის რკინიგზის სადგურის უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით 1997-99 წლებში პოლიციის მუშაკთა მიერ გაცილებული იქნა 1567 შემადგენლობა; აქედან 1997 წელში _ 614, ხოლო დანარჩენი შემდგომ წლებში. ასეთ შემთხვევაში იმ გაანგარიშებით რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, პოლიციელებზე გაცემული უნდა იყოს 28 270 ლარი. გამომდინარე აქედან გაუგებარია სასამართლო რა მონაცემზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ პოლიციელებზე გაცემული იქნა 25 390 ლარი.
გარდა ამისა, განაჩენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტვირთის გამცილებელ პოლიციელებზე ხდებოდა მხოლოდ 15 _ 20 ლარის გაცემა, საქმის მასალებით უდავოდ არ დასტურდება. გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დაკითხული არაერთი პოლიციელი აჩვენებს, რომ თითოეული შემადგენლობის გაცილებისათვის ღებულობდა 30-დან 50 ლარამდე, ზოგჯერ მეტსაც.
პოლიციელმა პ. მ-ავამ გამოძიების დროს აჩვენა: “მიმდინარე წლის 9 ივნისს გავაცილე შაქრის ნედლეულით დატვირთული 10 ვაგონი აგარის კომბინატში. აგარაში ჩავედით მეორე დღესვე, მაგრამ იქ დაგროვილი იყო ვაგონები. მომიხდა 12 სუტკა გაჩერება. 4 სუტკის შემდეგ პოლიციელი გ-ძე გავაგზავნე ბათუმში საჭმლის ფულისათვის. უფროსმა გამომიგზავნა 100 ლარი”.
ტვირთების გამცილებელმა პოლიციელებმა ნ. ა-ძემ, რ. მ-ილმა, ე. თ-შვილმა, ა. ზ-ძემ, ჯ. გ-ძემ, ს. შ-შვილმა, რ. ზ-ძემ და ლ. კ-ძემ 2000 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართეს ბათუმის რეგიონალურ სატრანსპორტო პროკურორს იმის თაობაზე, რომ ისინი თითოეული შემადგენლობის გაცილებისათვის დახარჯული დროის მიხედვით ღებულობდნენ 40, 60, 100 ლარს და ხშირად მეტსაც. განცხადებაში მითითებული ეს გარემოება არავის შეუსწავლია და არ დაუდგენია ის ტყუილია თუ სიმართლეს შეეფერება.
პოლიციელმა ს. ბ-ძემ წინასწარი გამოძიების დროს განმარტა, რომ “თუ ერთ დღეზე მეტი დრო სჭირდებოდა ტვირთის გაცილებას და მეპატრონეზე ჩაბარებას, მისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა იზრდებოდა”.
პოლიციელ ა. თ-ძის ჩვენება: “სამსახურის ხელმძღვანელი პოლიციელებს უხდიდა 30-დან 200 ლარამდე”.
ოცმეთაურმა ა. თა-ძემ გამოძიებას აჩვენა: “მ. კ-ძე პოლიციელებს უხდიდა 15-დან 50 ლარამდე”.
პოლიციელ ზ. ა-ძის ჩვენება: “თხევადი საწვავის გაცილებისათვის თითო რეისში გვიხდიდნენ 50-60 ლარს”.
გამომძიებლის 2000 წლის 11 სექტემბრის დადგენილებაში, რომელიც ძალაშია დღემდე, მითითებულია: “ნავთობპროდუქტებით დატვირთული შემადგენლობის გაცილებაში მ. კ-ძე პოლიციელებს უხდიდა შედარებით მეტ თანხას _ 30-დან 50 ლარამდე”. ეს ფაქტი დადგენილად მიაჩნია განაჩენსაც, რომელშიც აღნიშნულია: “თხევადი ტვირთის გამცილებელ პოლიციელს კი ეძლეოდა დამატებითი თანხა”.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულად ცნობილი სამი ფირმის გარდა მშრალი ტვირთების გდაზიდვას აწარმოებდა სხვა რამოდენიმე ფირმა და პირი, ხოლო თხევადი ტვირთისა კი _ 33 ფირმა. გამოძიებამ მათგან ვერ დაადგინა ვერცერთი ფირმა და პირი და ვერ მიიღო ვერავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ისინიც იხდიდნენ ტვირთის გაცილებისათვის დამატებით თანხას. მიუხედავად ამისა, გამოძიება და სასამართლო ვარაუდებზე აგებენ რა თავიანთ დასკვნებს, დადგენილად მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ძეს სხვა ფირმებიც უხდიდნენ დამატებით თანხებს.
სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის 2000 წლის 11 სექტემბრის დადგენილებაში აღნიშნულია: “ნავთობპროდუქტებით დატვირთული შემადგენლობების გაცილებაში მ. კ-ძე პოლიციელებს უხდიდა 30-დან 50 ლარამდე, რომელსაც იგი ღებულობდა ნავთობპროდუქტების გამგზავნი ფირმებიდან. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 1998-99 წლებში ბათუმის სადგურიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვას აწარმოებდა 33 ფირმა, საიდანაც ქ. ბათუმში რეგიტსრირებულია მხოლოდ ერთი ფირმა და ერთი ფირმის ფილიალი. აქედან გამომდინარე, ვერ იქნა დადგენილი ფირმების ის წარმომადგენლები, რომლებიც მ. კ-ძეს უხდიდნენ ფულს ნავთობპროდუქტებით დატვირთული შემადგენლობების გაცილებისათვის და აქედან გამომდინარე, ვერ იქნა დადგენილი იმ თანხის რაოდენობა, რაც უკანონოდ მიიღო მ. კ-ძემ”. აღნიშნულის გამო, გამომძიებელმა დაადგინა: “უარი ითქვას სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე მ. კ-ძის მიმართ ბათუმის რკინიგზის სადგურიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონების გაცილებისათვის გამგზავნი ფირმებიდან თანხების აღების ნაწილში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო”.
გამომძიებლის ეს დადგენილება ყურადღებას იპყრობს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი _ გამოძიებამ თითქმის არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოეპოვებია მტკიცებულება მ. კ-ძე სხვა ფირმებიდან მართლაც იღებდა თუ არა დამატებით თანხებს; (მსჯავრდებულთა აზრით გამოძიებამ ვერ შეძლო რა იმის დადგენა, რომ სხვა ფირმებიც იხდიდნენ დამატებით თანხებს, საქმეში განზრახ არ მოახდინა ამის ფიქსირება და დატოვა ეჭვის საფუძველი).
მეორე _ სათანადო მტკიცებულების გარეშე გამოძიებამ მაინც მიიჩნია რა, რომ სხვა ფირმებიც უხდიდნენ მ. კ-ძეს რაღაც საზღაურს, ამით დაარღვია ამ უკანასკნელის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მესამე _ დადგენილებიდან აშკარად გამომდინარეობს ის, რომ გამომძიებლის აზრით სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას არ წარმოადგენს და შესაბამისად დასჯადი არ არის ფირმებიდან იმ რაოდენობის თანხების აღება, რაც მოხმარდა მათი ტვირთის დანიშნულების ადგილზე უნაკლო მიტანის ხელშეწყობას, გაიცა გამცილებელ პოლიციის მუშაკებზე და უკანონო გამდიდრებად არ მიუღია მ. კ-ძეს ან სხვა პირს. ასეთ ვითარებაში იბადება კითხვა _ რატომ ასე არ იმსჯელა გამოძიებამ ფირმების _ “თეროს”, “აკვასერვისის” და “ლოჯისტიკის” მიერ თანხების გადახდის ნაწილშიც.
ამ საკითხზე სასამართლო კოლეგია განაჩენში ასე მსჯელობს: “სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს განსასჯელ მ. კ-ძის ჩვენებას იმის შესახებ, რომ მიღებული თანხებიდან ისინი უხდიდნენ პოლიციელებს სხვა ფირმების, აგრეთვე თხევადი ტვირთების გაცილებისათვისაც. ფირმების _ “თეროს”, “აკვასერვისის” და “ლოჯისტიკის” თანხებით სხვა ფირმების თხევადი ტვირთის გადაზიდვის დროს დაცვის სამსახურზე ხსენებული ფირმების ფულის გადახდა არ მოხდებოდა და ასეთი მოქმედება არარეალურია”. რატომ არ მოხდებოდა ასეთი და რატომ არის ის არარეალური, ამას განაჩენი არაფრით არ ასაბუთებს. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე კი გამოძიება და სასამართლო ვალდებული იყვნენ ბრალდებულისა და განსასჯელის ვერსია დასაბუთებულად უარეყოთ ან დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ეჭვი მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ.
სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეები აჩვენებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მატარებლის ერთი შემადგენლობით იგზავნებოდა სხვადასხვა სახის ტვირთი სხვადასხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში შემადგენლობას აცილებდა პოლიციის იმდენი მუშაკი, რამდენი სახის ტვირთიც იგზავნებოდა და ყველა მუშაკი ცალ-ცალკე იღებდა კვებისათვის გათვალისწინებულ დამატებით თანხას. თუ ეს ჩვენებები რეალურია, რაც დამატებითმა გამოძიებამ უნდა შეამოწმოს, მაშინ ამის შესაბამისად იზრდება გამცილებელ პოლიციელებზე არაოფიციალურად გადახდილი თანხის რაოდენობა.
განაჩენში აღნიშნულია: “1997-99 წლებში ტვირთების გაცილებაში მიღებული 167 159 ლარიდან გამცილებელ პოლიციელებზე გაცემული იქნა 25390 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა _ 141 769 ლარი დარჩა განსასჯელებს მ. კ-ძეს და ტ. ბ-ძეს”. ეს ციფრები რომ დაუზუსტებელია, ამის შესახებ ზემოდ უკვე აღინიშნა. ამჟამად განაჩენის ეს მოსაზრება ყურადღებას იპყრობს იმ კუთხით, განაჩენი რაიმეთი ასაბუთებს თუ არა ტ. ბ-ძის მიერ მატერიალური გამორჩენის მიღებას, თუ ის მხოლოდ ვარაუდზეა დამყარებული. ფულის გადამხდელი ფირმების წარმომადგენლები აჩვენებენ, რომ ისინი ფულს აძლევდნენ მხოლოდ მ. კ-ძეს და არცერთ შემთხვევაში არ გადაუციათ ტ. ბ-ძისათვის. კიდევ მეტი, როგორც ფირმა “აკვასერვისის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ი. კ-კო აჩვენებს ტ. ბ-ძემ მათ შესთავაზა ტვირთების გამცილებელი პოლიციელებისათვის მშრალი საკვების გადაცემა, რაზედაც თვით ფირმების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. მ. კ-ძე არ ამხელს ტ. ბ-ძეს ფულის მიღებაში. თვითონ ტ. ბ-ძე კი ასეთ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სხვა რაიმე მტკიცება გამოძიებას არ მოუპოვებია. ამრიგად, განაჩენის ის მოსაზრება, რომ ტ. ბ-ძე ფირმების მიერ გადახდილი ფულიდან მატერიალურ გამორჩენას ღებულობდა, მხოლოდ გულვებასა და ვარაუდზე არის დამყარებული.
გამოძიებისა და სასამართლოს მიერ ყოველგვარი შემოწმებისა და რეაგირების გარეშე არის დატოვებული ტ. ბ-ძის ჩვენებები იმის თაობაზე, რომ ტვირთების გამცილებელი პოლიციელების კვებით უზრუნველყოფის საკითხი მის მიერ არაერთხელ დაისვა სხვადასხვა თათბირებზე, მათ შორის აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომებზედაც და ეს საკითხი ყოველთვის გადსაწყვეტ პრობლემად მიიჩნეოდა.
ასევე, ყოველგვარ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე მხოლოდ ვარაუდზე არის აგებული განაჩენი ტ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში (ხელისუფლების გადამეტებით სარკინიგზო რონოდების მოცდენის ეპიზოდი). განაჩენში მითითებულია: “განსასჯელებმა (იგულისხმება მ. კ-ძე და ტ. ბ-ძე) გადაამეტეს რა მათ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მ. კ-ძემ დაავალა დაქვემდებარებული სამსახურის პოლიციის მუშაკებს არ მიეღოთ საექსპედიციო საზოგადოება “თეროს” ტვირთები დაცვის ქვეშ გასაცილებლად, რამდენადაც საზოგადოების ხელმძღვანელობა უარს აცხდებდა მათ მიერ დაწესებული გაცილების თანხების გადახდაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული მიზეზით არ იქნა მიღებული დაცვის ქვეშ და არ იქნა გაცილებული ფირმა “თეროს” ტვირთით დატვირთული რონოდები 1999 წლის 14 აგვისტოდან 19 აგვისტომდე _ 15 რონოდა, 18-დან 19 აგვისტომდე _ 20 რონოდა, 21 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე _ 16 რონოდა და 25-დან 29 დეკემბრამდე _ 11 რონოდა. როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, განაჩენს დადგენილად მიაჩნია (რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ამაზე განაჩენში არაფერია მითითებული), რომ დაცვის პოლიციის მუშაკებს მ. კ-ძემ დაავალა არ მიეღოთ ფირმა “თეროს” ტვირთები დაცვის ქვეშ გასაცილებლად. თუ ეს ასეა, მაშინ სრულიად გაუგებარია რაში გამოიხატა ამ ეპიზოდში ტ. ბ-ძის ბრალეულობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მიუხედავად ამისა, განაჩენი შემდგომ კვლავ იმეორებს, რომ “განსასჯელთა განკარგულებით პოლიციის გაცილების სამსახურის მუშაკებმა არ მიიღეს დატვირთული შემადგენლობები გასაცილებლად”.
წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს ტ. ბ-ძემ არაერთხელ განმარტა, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრმა ე. ხალვაშმა უთხრა შექმნილ სიტუაციაში არ გაეცილებიათ რონოდები. მიუხედავად ამისა, მან მაინც დაურეკა მ. კ-ძეს და უთხრა რონოდები შეუფერხებლად გაეცილებინათ. სასამართლომ ყოველგვარი შემოწმების გარეშე უარყო რა ტ. ბ-ძის ეს განმარტება, განაჩენში მიუთითა: “სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს განსასჯელ ტ. ბ-ძის განმარტებას იმის თაობაზე, რომ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს მინისტრმა მას უთხრა არ გაეცილებია რონოდები, მაგრამ მან მაინც დაურეკა განსასჯელ მ. კ-ძეს და უთხრა, რომ რონოდები გაეგზავნათ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა რონოდების გაუცილებლობის სიტუაციის წარმოქმნის მომენტიდანვე აჭარის ა\რ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით ჩატარებული იქნა მოკვლევა ამ ფაქტზე და მასალები დაერთო საქმეს. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შსს არ ეთანხმება რონოდების მოცდენის ფაქტს”.
პალატა თვლის, რომ სრულიად გაუგებარია განაჩენის ზემოაღნიშნული მსჯელობა და ამით ტ. ბ-ძის განმატების უარყოფა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოწმების მასალების მიხედვით არ ეთანხმება რონოდების მოცდენის ფაქტს, მაშინ სასამართლოს რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიაჩნია მ. კ-ძისა და ტ. ბ-ძის ბრალეული ქმედებით რონოდების მოცდენის ფაქტი დადგენილად ან ტ. ბ-ძის განმარტება არადამაჯერებლად. აღნიშნულის გასარკვევად არ დაკითხულა არც ე. ხ-ში და არც მ. კ-ძე. ასევე სრულყოფილად გამოკვლეული არ არის მ. კ-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ რონოდების მოცდენა მოხდა არა გაცილების სამსახურის ბრალით, არამედ იმის გამო, რომ თვით ფირმა “თეროს” ხელმძღვანელობამ გამოუცხადა უნდობლობა დაცვის პოლიციის ბათუმის ასეულის მუშაკებს. დამატებითი გამოძიებით სრულყოფილად უნდა გაირკვეს ზემოთაღნიშნული ყველა საკითხი და მათ მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.
განაჩენით მ. კ-ძეს ტ. ბ-ძისაგან დამოუკიდებლად მსჯავრი დაედო აგრეთვე, 1997 წლის დასაწყისში სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ანგარებით “მწვანე კონცხის” გვირაბის დაცვის ოცეულის 14 პოლიციელისათვის ხელფასიდან 770 ლარის დაკავებასა და მითვისებაში. განაჩენის მიხედვით “მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ძემ გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, ანგარებით მიიღო პოლიციელებისაგან 770 ლარი, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს”.
მ. კ-ძემ სასასამართლო პროცესზე აჩვენა, რომ მან აღნიშნული თანხა გადასცა გვირაბის დაცვის ოცეულის უფროსს წ-ავას პოლიციელთა მიერ ამოყრილი და შეშად გამოყენებული იატაკის აღდგენის მიზნით. ოცეულის მეთაური წ-ავა არც გამოძიების და არც სასამართლოს მიერ არ დაკითხულა და არ გარკვეულა მ. კ-ძის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული საკითხი. ამის ნაცვლად სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელებზე დაქვითული თანხა რას მოხმარდა, მთავარია ის, რომ მ. კ-ძეს უფლება არ ჰქონდა პოლიციელთა ხელფასიდან დაქვითვა მოეხდინა. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთი ბრალდება წინასწრი გამოძიების მიერ მ. კ-ძეს წარდგენილი არ ჰქონია. მას ბრალი დაედო ანგარებით თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ასეთ ვითარებაში ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა მ. კ-ძე ანგარებით მოქმედებდა თუ არა და ვინ მიითვისა ან რისთვის გაიხარჯა პოლიციელთა ხელფასიდან დაქვითული თანხა.
განაჩენით მ. კ-ძეს მსჯავრი დაედო თანამშრომლებზე პრემიის სახით გამოწერილი 2 400 ლარის მითვისებაში. მ. კ-ძემ ბრალდების ამ ეპიზოდშიც თავი არ სცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ პრემიის გაცემის უწყისები შესაბამის თანხასთან ერთად გასაცემად გადასცა მოადგილეს _ ნ. ბ-ძეს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ უწყისებში მითითებულ რამდენიმე პირს შესაბამისი თანხის მიცემის გარეშე მართლაც ნ. ბ-ძემ მოაწერინა ხელი. სხვა ხელმოწერები ვინ შეასრულა დაუდგენელია. ნ. ბ-ძემ დაადასტურა ეს ფაქტი და აჩვენა, რომ მ. კ-ძემ მას გადასცა პრემიის უწყისები ფულის გარეშე და დაავალა თანამშრომლებისათვის მოეწერინებია ხელი თანხის გაცემის გარეშე. გამოძიებამ, ნაცვლად იმისა, რომ უფრო სრულყოფილად გამოეკვლია ფაქტიური გარემოებანი, სინამდვილეში ვინ მიითვისა აღნიშნული თანხა, ან რაში გაიხარჯა ის და ამ დანაშაულის ხელშემწყობი (თუ არა ამსრულებელი) ხომ არ იყო ნ. ბ-ძე, ეს უკანასკნელი სცნო დაზარალებულად და 2400 ლარის ანაზღაურებაში სამოქალაქო მოსარჩელედ. სასამართლომ კი 2400 ლარის ანაზღაურება მ. კ-ძეს დააკისრა საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ ისე, რომ ამ ორგანიზაციას სამოქალაქო სარჩელი არ განუცხადებია და მისი წარმომადგენელი ამ საკითხზე დაკითხულიც არ ყოფილა. გამოდის რომ გამოძიებასა და სასამართლოს ამ ეპიზოდში უტყუარად არა მარტო დანაშაულის ჩამდენი პირი არ დაუდგენია, არამედ ისიც არ გაურკვევია ვინ არის დაზარალებული და ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ანაზღაურება. ყოველივე ეს დამატებითი გამოძიებით უნდა დაზუსტდეს.
პალატას მიაჩნია, რომ ტ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც შეეხება გამომძიებელ თ. დ-იას სამუშაოზე დაუშვებლობას, წინასწარი გამოძიება ამოწურულია და მას სჭირდება სამართლებრივი შეფასება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამომძიებელი თ. დ-ია სატრანსპორტო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა. ამდენად, მისი სამუშაოზე დაშვებისა თუ არდაშვების საკითხი ტ. ბ-ძის კომპეტენციაში არ შედიოდა და აქედან გამომდინარე, განაჩენის მოსაზრება რომ თ. დ-ია სამუშაოზე ტ. ბ-ძემ არ დაუშვა და ამით სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადააჭარბა, არასწორია. თვით თ. დ-იას ჩვენებით დადგენილია, რომ ტ. ბ-ძე წინააღმდეგი არ იყო მას ხელფასი მიეღო. კაბინეტით უზრუნველყოფა და სამუშაო დატვირთვა გამომძიებელ დ-იას უშუალოდ მისი უფროსის _ დ. ც-ძისაგან უნდა მიეღო, რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა. რაც შეეხება იმას, რომ ტ. ბ-ძე საერთოდ უკმაყოფილო იყო თ. დ-იას მუშაობით და ამის შესახებ საგამოძიებო დეპარატმენტის ხელმძღვანელობას წერილობით ატყობინებდა, სისხლის სამართლის დანაშაულად არ შეიძლება შეფასდეს.
გამოძიების ტენდენციურობა ამ ნაწილში იმაშიც გამოიხატა, რომ თ. დ-ია იცნო რა სამოქალაქო მოსარჩელედ, დადგენილებაში მიუთითა: “ტ. ბ-ძის დანაშაულებრივი ქმედებით თ. დ-იაზე მიყენებულია 50 000 ლარის ქონებრივი ზიანი.” სავსებით გაუგებარი და აუხსნელია რას გულისხმობს გამოძიება 50 000 ლარის ქონებრივ ზიანში და რა გზით მიადგა იგი თ. დ-იას. მართალია, ეს უკანასკნელი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სამუშაოთი არ იყო დატვირთული, რაც როგორც ზემოთ არის აღნიშნული მის უშუალო უფროსს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ხელფასს ჩვეულებრივად ღებულობდა.
გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არც ის არის ახსნილი ამ ნაწილში ტ. ბ-ძის ქმედება რა ნიშნით იქნა შეფასებული როგორც სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამრიგად, ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, ხოლო ყველა სხვა ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დამატებითმა გამოძიებამ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ. განაჩენთან ერთად უნდა გაუქმდეს სასამართლოს კერძო განჩინებები.
პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება. წინასწარი გამოძიების პერიოდში ბრალდებულთა მხრიდან არაერთხელ დაისვა პროკურატურის ცალკეულ მუშაკთა გამოძიებზე ჩამოცილების საკითხი, რაც ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. საჩივარი პროკურორის მიერ იმავე მუშაკს ეწერებოდა რეაგირებისათვის, ვის აცილებასაც მოითხოვდნენ, რაც შემდგომ უპასუხოდ რჩებოდა. ყოველივე ამან განაპირობა გამოძიების მნიშვნელოვნად გაჭიანურება და საბოლოოდ არაობიექტური და არასრულყოფილი გამოძიება. სახელმწიფო ბრალმდებლის (რეგიონალური პროკურორის თანაშემწე) მხრიდან ტენდენციურობა გამოვლინდა, როგორც საქმის სასამართლო განხილვის დროს, ასევე საკასაციო პალატაში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც. ყოველივე ეს იძლევა საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ დამატებითი გამოძიება ჩამოცილდეს ბათუმის რეგიონალურ ტრანსპორტის პროკურატურას.
პალატას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკასაციო ინსტანცია ვერ გადაწყვეტს მ. კ-ძისა და ტ. ბ-ძის მიერ პალატის სხდომაზე დაყენებულ საკითხს მათი სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ეს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს დამატებითი გამოძიების დროს მათი სამუშაოდან გადაყენების საჭიროების აუცილებლობის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 563-ე, 568-ე, 570 და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მ. კ-ძის და ტ. ბ-ძის მიმართ გაუქმდეს; მასთან ერთად გაუქმდეს კერძო განჩინებები;
2. ტ. ბ-ძის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (გამომძიებელ თ. დ-იას სამუშაოზე დაუშვებლობის ფაქტზე) გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის არ არსებობის გამო;
3. ბრალდების ყველა სხვა ეპიზოდში საქმე დაბრუნებული იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;
4. მ. კ-ძისა და ტ. ბ-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიებანი დარჩეს უცვლელად.
5. დამატებითი გამოძიების ჩატარება ჩამოცილდეს ბათუმის რეგიოგნალურ ტრანსპორტის პროკურატურას განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამო. საქმე გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაქვემდებარების საკითხის გადასაწყვეტად.