შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 36კოლ 31 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 მარტის განაჩენზე, რომლითაც:
გ. ბ-ძე, მცხოვრები გალის რაიონი სოფ. ... ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 30 დღიური ანაზღაურებით, 125-ე მუხლით – ჯარიმა 50 დღიური ანაზღაურებით, 120-ე და 122-ე მუხლებით თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლით. 107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) – 3 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტით – 8 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” პუნქტებით – 13 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით, მე-2 ნაწილით – 4 წლით, 19,109-ე მუხლის “ვ” პუნქტით – 12 წლით, 109-ე მუხლის “ო” პუნქტით – 19 წლით.
სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე (1960 წლის რედაქცია) საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენისათვის:
გ. ბ-ძემ 1999 წლის 11 ოქტომბერს, გალის რაიონის სოფ. ..., ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვან შვილის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ჩადენილი ჰქონდა რა ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ. ბ-ძემ, 1999 წლის 9 ნოემბერს, იმავე სოფელში ჩაიდინა ტ. ბ-ძის განზრახ მკვლელობა. მანვე დანით გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა დ. ა-იას, განზრახ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – ვ. მ-იას, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება – კ. ბ-ძეს.
1999 წლის დეკემბერში, გ. ბ-ძემ უკანონოდ შეიძინა “აკმ-74” სისტემის ცეცხსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2000 წლის 12 იანვარს, გ. ბ-ძემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა და ზ. ლ-ავას გასტაცა 960 ლარად ღირებული მოტოციკლეტი “ვოსხოდი” და სხვა პირადი ნივთები.
2000 წლის 12 თებერვალს, გ. ბ-ძემ ზუგდიდის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას, მოკლა ი. მ-ძე.
2000 წლის 15 ივნისს, მან განმეორებით ჩაიდინა ყაჩაღობა და გ. ბ-უას გასტაცა 3000 ლარად ღირებული ავტომანქანა “ვაზ-2109”. იმავე წლის 16 ივნისს, გ. ბ-ძემ სოფ. ... სცემა პ. ბ-იას და მაყენა ფიზიკური ტკივილი.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ბ-ძე უკანონოდ მიიჩნევს მის მიმართ დადგენილ განაჩენს, მიუთითებს რომ ქ. ბ-ძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მას ხუმრობით შემოახვია ზონარი ყელზე და არა მოკვლის მიზნით, ტ. ბ-ძის და ი. მ-ძის მკვლელობები ჩადენილი აქვს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ითხოვს ამ მიმართებით განაჩენის კანონიერების გადასინჯვას.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ მსჯავრდებულ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი მიიჩნია დასაბუთებულად და კანონიერად, ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის განაჩენი გ. ბ-ძის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებების გამო:
საქმის ერთობლივი მასალებით, დაზარალებულების: მ. ჭ-ძის, ხ. ბ-ძის, ვ. მ-იას, ლ. ა-იას, ზ. ლ-ავას, ვ. ბ-უას, მოწმეების ი. მ-ავას, ხ. დ-იას, მ. ა-იას და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთმტკიცებებით, შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმით, გ. ბ-ძის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულობების ჩადენა დადასტურებულია.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, თითქოსდა მას ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჩაუდენია და თითქოს ტ. ბ-ძე და ი. მ-ძე მოკლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რადგან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებები საქმეში არ არის.
საკასაციო პალატა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად დააკვალიფიცირა ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ტ. ბ-ძის განზრახ მკვლელობა სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ვ” და 109-ე მუხლის “ო” პუნქტებით.
მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ქ. ბ-ძის მკვლელობა ჩაიდინა მისი ახლობლების თვალწინ, არ შეიძლება გახდეს ამ ქმედების სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ვ” პუნქტით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის ახლობლებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ დამნაშავის ქმედება, განიცდიდნენ ტანჯვას, დამნაშავე კი მიზნად ისახავდა, ან ურიგდებოდა ამ გარემოების არსებობას, რაც საქმის მასალებით, არ დასტურდება.
პალატა თვლის რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ძის მიერ, ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით და შესაბამისად ამ მუხლით უნდა განესაზღვროს სასჯელიც.
რაც შეეხება ტ. ბ-ძის მკვლელობის ეპიზოდს, იმის გამო, რომ მსჯავრდებულს მანამდე ჩადენილი ჰქონდა ქ. ბ-ძის განზრახ მკვლელობის მცდელობა, იგი უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ო” პუნქტით და 108-ე მუხლით, ამასთან გ. ბ-ძეს სასჯელი უნდა განუსაზღვროს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ო” პუნქტის მიხედვით.
ვინაიდან სსკ-ის 19.109-ე მუხლის “ო” პუნქტის სანქცია ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, პალატა მსჯავრდებულის მიმართ არ იყენებს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას – დანაშაულის მცდელობისათვის კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის სამი მეოთხედის შეფარდების შესახებ.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის განაჩენი გ. ბ-ძის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
გ. ბ-ძის ბრალდებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ვ” პუნქტით, 109-ე მუხლის “ო” პუნქტით, უნდა დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 19-108-ე მუხლით, 108-ე და 19-109-ე მუხლის “ო” პუნქტით.
გ. ბ-ძეს სსკ-ის 19-108-ე მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ო” პუნქტით – 17 წლით. სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 მარტის განაჩენი გ. ბ-ძის მიმართ შეიცვალოს:
გ. ბ-ძის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ვ” პუნქტით, 109-ე მუხლის “ო” პუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 19-108-ე, 108-ე მუხლებზე და 19-109-ე მუხლის “ო” პუნქტზე.
გ. ბ-ძეს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 19-109-ე მუხლის “ო” პუნქტით – 17 წლით. სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.