შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 59დადგ 2 ნოემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსართლეები: მ. გოგელია. რ. შველიძე
განიხილა მსჯავრდებული დ. ჩ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ქ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მარტის დაგენილებაზე.
საკასაციო პალატას საქმე მოახსენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ რ. შველიძემ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დ. ჩ-შვილი, ნასამართლობის მქონე, _ რუსეთის ფედერაციის ტიუმენის მხარის ხანტი-მანტიისკის ავტონომიური ოლქის სურგუტსკის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ რფ სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 222-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. რფ სსკ-ის 69-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად ნაწილობრივი შეკრების გზით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, ჯარიმის გარეშე, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 21 მარტიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, თანახმად, საქართველოს და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საქართველოს სსსკ 619-620-ე მუხლებისა, მასალები რუსეთის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად გადაუგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2000 წლის 15 მარტის დადგენილებით, კრწანისი-მთაწმინიდს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რფ სსკ-ის ის მუხლები, რომლითაც მსჯავრდებული იყო ჩ-შვილი, შესაბამისობაში მოიყვანა საქართველოს სსკ-თან შემდეგი სახით: რფ-ის სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტი შეუსაბამა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილს და მისი სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე; რფ სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი შეუსაბამა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველ, მეორე, მესამე ნაწილებს და მათი სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე; რფ სსკ-ის 228-ე მუხლის პირველი ნაწილი შეუსაბამა საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლისთვისაც გათავალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. რფ სსკ-ის 69-ე მუხლი შეესაბამება საქართველოს სსკ-ს მე-40-ე მუხლს. (საქართველოს სსკ-ის მუხლები ყველგან მითითებულია კოდექსის ძველი რედაქციით). ამავე დადგენილებით, ჩ-შვილს სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდის 1997 წლის 12 აპრილიდან დაწყებით.
საკასაციო საჩივარში, მსჯავრდებულ ჩ-შვილის კანონიერი წარმომადგენელი ნ. ქ-შვილი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მუხლების შესაბამისობაში მოყვანისას ჩ-შვილის ქმედება საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მეორე ნაწილით, არასწორად გამოიყენა სასჯელთა შეკრების წესი, არასწორად განსაზღვრა სასჯელს მოხდის დაწყების თარიღი. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია ის, რომ მოსამართლემ არასწორად განმარტა სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების წესი _ ნაცვლად საკასაციო წესისა, მიუთითა გასაჩივრების სააპელაციო წესზე.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ე. ღ-შვილი ითხოვს _ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი, რომლის მოთხოვნა სწორი და კანონიერია.
გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა შესწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ რფ სსკ 228-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე. რფ. სსკ 228-ე მუხლის პირველი ნაწილი ამ დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლმადე. ქალაქ სურგუტსკის საქალაქო სასამართლომ ჩ-შვილს ამ მუხლით შეუფარდა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული ისიც, რომ ჩ-შვილს გასაღების მიზანი არ გააჩნდა. მოახდინა რა რფ სსკ-ის და საქართველოს სსკ-ის მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ რფ სსკ-ის 228-ე მუხლის პირველი ნაწილი შეუსაბამა საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მეორე ნაწილს _ რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შენახვას დიდი ოდენობით, გასაღების მიზნით. ამასთანავე არ განუსაზღვრა ჩ-შვილს სასჯელი ამ მუხლით (მუხლის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, მაშინ როცა ჩ-შვილს რფ სსკ-ით განსაზღვრული აქვს ამ მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა).
1. საკასაციო პალატა თვლის, რომ რამდენადაც განაჩენი დადგენილად მიიჩნევდა, რომ ჩ-შვილს არ ჰქონდა გასაღების მიზანი და იგი მსჯავრდებული იყო მხოლოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, გასაღების მიზნის გარეშე, მუხლების შესაბამისობაში მოყვანისას. კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მისი ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებია საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქციით) _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გასაღების მიზნის გარეშე. ამასთანავე, სასჯელიც უნდა განესაზღვრა სწორედ ამ მუხლის სანქციის ფარგლებში _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის და საქართველოს ეს მუხლები ერთნაირად ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორია საკასაციო საჩივრის მოტივი ამ მიმართებით.
2. რფ სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით, ჩ-შვილს შეფარდებული ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, ჯარიმის გარეშე.
კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ, რფ სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტს შეუსაბამა საქართველოს სსკ 154-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე, სასჯელის მაქსიმუმს _ 5 წელს კი დაუმატა 6 თვე. საკასაციო საჩივარი სწორად მიუთითებს, რომ თანახმად საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებისა, სასჯელის მოსახდელად გადმოცემულ პირს, უნდა მიესაჯოს თავისი ქვეყნის (საქართველოს) სსკ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი, (ამ შემთხვევაში 5 წელი), მაგრამ არა უმეტეს უცხო სახელმწიფოს (რუსეთის) სასამრათლოს მიერ განსაზღვრული სასჯელისა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამის გათვალისწინებით, ჩ-შვილს საქართველოს სსკ 154-ე მუხლის მეორე ნაწილით უნდა განსაზღვროდა სასჯელის ზომის მაქსიმუმი _ 5 წელი.
3. კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ რფ სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი შეუსაბამა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს. სურგუტსკის სასამართლოს განაჩენით, დადგენილად არის მიჩნეული, რომ ჩ-შვილი უკანონოდ ინახავდა პისტოლეტ “ტტ”-ს და ამ პისტოლეტის 12 ვაზნას თავის საცხოვრებელ ბინაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს, რფ სსკ 222-ე მუხლის პირველი ნაწილი _ ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ფეთქებადი მოწყობილობის უკანონოდ შეძენა, გადაცემა, გასაღება, შენახვა და გადაგზავნა _ უნდა შეესაბამებინა საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი ნაწილისათვის (მოცემულ შემთხვევაში _ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა) და აქედან გამომდინარე, უნდა განესაზღვრა სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რფ-ის სსკ 69-ე მუხლი შეესაბამება საქართველოს სსკ მე-40 მუხლს, რომლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შთანთქმის პრინციპის თანახმად, ჩ-შვილს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოს, რფ-ის განაჩენში სასჯელის მოხდის დაწყების მითითებული თარიღიდან _ 1997 წლის 21 მარტიდან.
სწორია საკასაციო საჩივრის მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ თავის დადგენილებაში არასწორად განმარტა მოცემული დადგენილების გასაჩივრების წესი _ ნაცვლად საკასაციოსი, მიუთითა სააპელაციო გასაჩივრების წესზე, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ 623-ე მუხლი, შეილახა მსჯავრდებულის უფლება _ იცოდეს თუ რა გზით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი სწორია და იგი გაზიარებული უნდა იქნეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეტანილი იქნეს ცვლილება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2000 წლის 15 მარტის დადგენილებაში დ. ჩ-შვილის მიმართ და რფ ტიუმენის მხარის ხანტი-მანტიისკის ავტონომიური ოლქის სურგუტსკის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს სსკ-თან შემდეგი მიმართებით:
_ რფ სსკ 222-ე მუხლის პირველი ნაწილი შეესაბამოს საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი ნაწილს და დ. ჩ-შვილს სასჯელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
_ რფ სსკ-ის 228-ე მუხლის პირველი ნაწილი შეესაბამოს საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილს და დ. ჩ-შვილს სასჯელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
_ რფ სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტს შეესაბამოს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი და დ. ჩ-შვილს სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
_ რფ სსკ-ის 69-ე მუხლი შეესაბამოს საქართველოს სსკ მე-40 მუხლს და დ. ჩ-შვილს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყოს 1997 წლის 21 მარტიდან.
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.