დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2001
საქმის ნომერი
2კ-77დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
23.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹77დად 23 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),რ. შველიძე,თ. ყრუაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის და მოქ. ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე შკუბულიანი) 2000 წლის 21 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. გ-ძის საჩივარი და გაუქმდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 2000 წლის 29 ივნისის დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1989 წლის 3 ნოემბერს მოქ. ნ. გ-ძე, ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 94-ე მუხლის მესამე და 191-ე მუხლებით და ერთობლივად მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდგომში ყველა მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. 1993 წლის 12 ივლისის დადგენილებით კი მის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა სსსკ-ის მე-5 მუხლის პირველი, მეორე პუნქტებით.

1994 წლის 19 აგვისტოს საქ. გენერალური პროკურატურის მოკვლევისა და გამოძიებაზე ზედამხედველი სამმართველოს უფროსის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ნ. გ-ძეზე მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რაც გამოწვეული იყო მოკვლევისა და გამოძიების ორგანოს მხრიდან ჯეროვანი დაუცველობით ნივთებისა და საგნების დაკარგვით.

1995 წლის 26 აპრილს კი მოქ. ნ. გ-ძის განცხადებებისა და მონაკვლევი მასალების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლით.

1996 წლის 30 ივლისს აღნიშნული საქმე წარმოებით შეწყდა მოკვლევისა და გამოძიების მუშაკთა ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 12 იანვრის დადგენილებით გაუქმდა გამომძიებლისა და საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილის დადგენილებები და საქმეზე გამოძიება განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

1999 წლის 22 ივნისს ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის დადგენილებით გაუქმებულ იქნა საქმის შეწყვეტის დადგენილება და საქმე განახლდა სათანადო მითითებებით.

ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი კერძო სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ კანონი არ ითვალისწინებდა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას.

აღნიშნული დასკვნა სწორად იქნა მიჩნეული ზემდგომი სასამართლო ორგანოების მიერ.

2000 წლის 29 მაისს განახლდა გამოძიება და 29 ივნისის დადგენილებით საქმე კვლავ შეწყდა წარმოებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მოქ. ნ. გ-ძის საჩივრის საფუძველზე კრწანისი-მთაწმინდის მოსამართლე ლ. შკუბულიანის 2000 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული საქმის წარმოებით შეწყვეტა, დადგენილება გაუქმდა და საქმის გამოძიება განახლდა.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ითხოვს მოსამართლის დადგენილების გაუქმებას.

მოქ. ნ. გ-ძე ითხოვს გაუქმდეს დადგენილების ის ნაწილი, რითაც მოსამართლემ მას უარი უთხრა გამომძიებლის მიმართ კერძო განჩინების გამოტანაზე.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მოქ. ნ. გ-ძის, გამომძიებელ გ. ნ-ძის და პროკურორის განმარტებები, შეამოწმა დადგენილების კანონიერება და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა. თვლის, რომ მოსამართლის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სწორია მოსამართლის დადგენილების მითითება იმის თაობაზე, რომ გამოძიებას არ დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები: ვინ, როდის და რა დანაშაული ჩაიდინა, ან იყო თუ არა სამოქალაქო სარჩელის წარდგენის საფუძველი.

გამოძიებას არავითარი შეფასება არ მიუცია იმისათვის, რომ ამ საქმის მიმდინარეობის პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელ პირთა მიერ მიღებულ იქნა დადგენილებები ნ. გ-ძისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სრულყოფილად არ გამოუკვლევია იყო თუ არა ნივთები დალუქული, რითაც დაირღვა სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა, წინასწარ გამოძიებას არ შეუსრულებია ჯერ კიდევ 2000 წლის 27 მარტის დადგენილების მითითებები, რაც სავალდებულოა.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოქ. ნ. გ-ძის საჩივრის მოტივი გამომძიებელ გ. ნ-ძის მიმართ კერძო განჩინების გამოტანის შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განახლებისა და გამოძიების პროცესში სრულყოფილად უნდა შემოწმდეს მოქ. გ-ძის განცხადებებში და საჩივრებში მითითებული მოტივები.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უარი ეთქვას მოქ. ნ. გ-ძეს მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე ლ. შკუბულიანი) 2000 წლის 21 ნოემბრის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე გამომძიებელ გ. ნოზაძის 2000 წლის 29 ივნისის დადგენილების გაუქმების შესახებ, დარჩეს უცვლელი.