საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 107აპ
24 ოქტომბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები: მ. ისაევი, თ. ყრუაშვილი
განიხილა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების უფროსი პროკურორის, დაზარალებულ ე. ქ-შვილის წარმომადგენლის და მსჯავრდებულ გ. ა-ძის საკასაციო საჩივრები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ. ყრუაშვილის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საბრალდებო დასკვნით გ. ა-ძემ დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
გ. ა-ძე და ი. ქ-შვილი მუშაობდნენ ქ. თბილისის რეგიონულ ტრანსპორტის პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.
ი. ქ-შვილმა, რომელსაც ზედამხედველი პროკურორის განკარგულებით გადაეწერა გ. ა-ძის წარმოებაში არსებული შეჩერებული სისხლის სამართლის საქმე, რამდენჯერმე მოსთხოვა გ. ა-ძეს ორი დოკუმენტის მოძებნა, რომელიც უნდა ყოფილიყო შეჩერებულ საქმეში, მაგრამ არ აღმოჩნდა. იმის გამო, რომ გ. ა-ძემ ეს დოკუმენტები ვერ მოიძია, 1998 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, იგი დაუკავშირდა ტრანსპორტის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსს გ. დ-იას, რომელიც ზემოხსენებული საქმის გამოძიების დროს რეგიონულ პროკურატურაში მუშაობდა.
ი. ქ-შვილმა, რომელიც შეესწრო სატელეფონო საუბარს, გ. ა-ძის მოქმედება მიიჩნია ხელმძღვანელობასთან დაბეზღებად, განაწყენებულმა, უფროსი გამომძიებლის თ. ბ-ავას კაბინეტში საყვედური უთხრა გ. ა-ძეს, რის გამოც მათ შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
პროკურატურის იქ მყოფმა თანამშრომლებმა მათ კამათი შეაწყვეტინეს. გ. ა-ძე შევიდა სამუშაო ოთახში. რამდენიმე წუთში მის ოთახთან მივიდა ი. ქ-შვილიც და მათ შორის კვლავ გაგრძელდა ურთიერთკამათი, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის დროს გ. ა-ძემ კუსტარული წესით დამზადებული დანის დარტყმით ი. ქ-შვილი, განზრახ მოკვლის მიზნით, დაჭრა გულ-მკერდის არეში - მიაყენა რა მას სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ი. ქ-შვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 სექტემბრის განაჩენით გ. ა-ძე სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა.
იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 107-ე მუხლით და მიესაჯა ორი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
საქმეში მონაწილე პროკურორის, დაზარალებულ ი. ქ-შვილის და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე მოცემული საქმე განიხილა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომლის მიმდინარე წლის 31 აგვისტოს განაჩენით წინა განაჩენი გ. ა-ძის მიმართ უცვლელად დარჩა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები მოითხოვენ:
პროკურორი და დაზარალებული - განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას. ამასთან, პროკურორი თვლის, რომ საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას, ხოლო დაზარალებული მოითხოვს საქმის სხვა სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.
მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით.
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მისი მოსაზრება, მოუსმინა დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს და ადვოკატ გ. კ-ძეს, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. გ-ას, შეამოწმა განაჩენის კანონიერება და თვლის, რომ ის უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
თანახმად სსსკ-ის 562-ე მუხლისა, საკასაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა. სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “ო” პუნქტის შესაბამისად, კანონის არსებით დარღვევად ითვლება ის, თუ განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (ვისაც განსხვავებული აზრი აქვს).
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განაჩენი გ. ა-ძის საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლის მიერ ხელმოუწერილია.
გარდა ზემოთქმულისა, სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ, არ გამოიკვლია ისეთი არსებითი ხასიათის გარემოებები, რომელთა გარეშეც საქმეზე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულმა კი შედეგად ის გამოიწვია, რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები წინააღმდეგობაშია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
სააპელაციო პალატამ წინასწარ გამოძიებაში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სსსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიებას დაავალა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაგრამ განაჩენში თვითონვე მიუთითა, რომ აღნიშნული დავალება ნაწილობრივ იქნა შესრულებული, რომ პასუხი არ გაეცა ბევრ საკვანძო კითხვებს - საპატიო მიზეზის გამო.
გაურკვეველია, რა კონკრეტული საკითხები არ შემოწმდა, რას არ გაეცა პასუხი და რა მტკიცებულებათა საფუძველზე მისცა მათ შემდგომში შეფასება სააპელაციო სასამართლომ. ამ მითითებით სააპელაციო პალატა თვითონვე აღმოჩნდა წინააღმდეგობრივ ვითარებაში.
სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები, თვით გ. ა-ძის ჩვენების ცალკეული დეტალები, არ აღმოიფხვრა მის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.
განსასჯელის და მოწმეთა ჩვენებების შინაარსის გადმოცემის შემდეგ სააპელაციო პალატამ გააკეთა შემდეგი დასკვნები: “ი. ქ-შვილი გ. ა-ძეს მეორედ თავის სამუშაო ოთახში შეუვარდა ბოროტი განზრახვით, დაუწყო მას დედის გინება, რაც მძიმე შეურაცხყოფად ითვლება, მოინდომა მისი გარეთ გათრევა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ. ა-ძემ ი. ქ-შვილის მხრიდან ხელყოფისაგან თავის დაცვის მიზნით, უეცრად, საპასუხო რეაქციის საფუძველზე, გულ-მკერდის არეში მიაყენა დანით ჭრილობა.
დადგენილია, რომ ი. ქ-შვილი ფიზიკურად იყო გ. ა-ძეზე ძლიერი, ქედმაღალი, კონფლიქტური ხასიათის, არავის არაფერს აპატიებდა, მისი მხრივ გ. ა-ძეზე თავდასხმა რეალური იყო, რომელიც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქადდა. ამიტომ გ. ა-ძე იძულებული იყო თავისი ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაეცვა. ურტყამდა რა დანას, ის უშვებდა სასიკვდილო შედეგის დადგომას, რა დროსაც მან დაუშვა იმაზე მეტი ზიანის მიყენების შესაძლებლობა, რაც საჭირო იყო თავდასხმის მოსაგერიებლად, ის ი. ქ-შვილის სიცოცხლის მოსპობას უშვებდა, როგორც თანამდევ შედეგს, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა მისი მიზნის განხორციელებას”.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ ი. ქ-შვილი კარებიდან მიიწევდა ოთახში გ. ა-ძისაკენ, მაგრამ მას არავითარი იარაღი - დანა ან სხვა საგანი ხელში არ ეჭირა. ასევე თვლის, რომ მათ არ დაადასტურეს ფაქტი იმისა, თითქოს გ. ა-ძე წაქცეული იყო იატაკზე და თავზე ადგა ი. ქ-შვილი. ამ ჩვენებათა საფუძველზე სააპელაციო პალატამ “დასაშვებად” მიიჩნია ის, რომ ი. ქ-შვილის პერანგზე გულ-მკერდის არეში სამი ჩანაჭერი წარმოშობილია გ. ა-ძის დანიანი ხელის ქნევის შედეგად, როდესაც ის ი. ქ-შვილის თავდასხმას იგერიებდა.
საკასაციო პალატა თვლის: გარდა იმისა, რომ განაჩენში მოყვანილი დასკვნები საქმის მასალებს ეწინააღმდეგება, ისინი ერთმანეთსაც ეწინააღმდეგებიან, რაც შეიძლება აღმოიფხვრას, გაირკვეს და შეფასდეს მხოლოდ სრულყოფილი სასამართლო გამოძიების დროს. ხელახალი განხილვისას სასამართლომ სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად უნდა შეამოწმოს ყველა წამოჭრილი ვერსია, მტკიცებულებები შეაჯეროს ერთობლიობაში და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას. განაჩენთან ერთად უნდა გაუქმდეს კერძო განჩინება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის და დაზარალებულის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მთლიანად, მსჯავრდებულის - ნაწილობრივ.
გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განაჩენი და კერძო განჩინება გ. ა-ძის საქმეზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.