განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 08.05.2001
საქმის ნომერი
2კ-14-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 14I 8 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ახალაძე

განიხილა დაზარალებულ დ. კ-შვილის წარმომადგენლის, ადვოკატ დ. მ-შვილის და იმერეთის საოლქო პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე, რომლითაც რ. ბ-იას, ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით (1961 წლის რედაქციით) – დაუბრუნდა საქართევლოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ-იას საბრალდებო დასკვნით ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით; ასევე არასრულწლოვნის გაუპატიურება, ანუ სქესობრივი კავშირის დაჭერა დაზარალებულის მიმართ ძალადობის და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ:

მარტვილის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ რ. ბ-იას მოსწონდა იმავე სოფლის მაცხოვრებელი, .. წლის ... ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი – დ. კ-შვილი. რ. ბ-იამ, საბოლოოდ დარწმუნებულმა, რომ დ. კ-შვილი ნებით ცოლად არ გაჰყვებოდა, განიზრახა მასთან ქორწინების მიზნით მისი ნების საწინააღმდეგოდ მოტაცება. ეს განზრახვა გაანდო ი. წ-იას და ჯ. ს-ავას, რომლებმაც დახმარება აღუთქვეს.

1996 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 09 საათზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯ. ს-ავა, მისი კუთვნილი “ვაზ 2106” მარკის ავტომანქანით, რ. ბ-ია და ი. წ-ია დახვდნენ სკოლაში მეგობრებთან ერთად მიმავალ დ. კ-შვილს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს. იგი მიიყვანეს ხონის რაიონის სოფ. ..., რ. ბ-იას ბიძაშვილის ლ. ბ-ძის ოჯახში. რ. ბ-ია მიხვდა, რომ დ. კ-შვილს ნებით ვერ დაითანხმებდა ცოლობაზე, ამიტომ გადაწყვიტა ფიზიკური ძალადობის და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაეჭირა მასთან; ამ განზრახვით 27 აპრილს, დაახლოებით 01 საათზე, დ. კ-შვილი მოტყუებით – მის მშობლებთან დაბრუნების პირობით – მიიყვანა იქვე მდებარე ნ. ბ-ძის საცხოვრებელ სახლში, რომლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში განმარტოვდა მასთან ერთად, თავში ხელის ჩარტყმით შეგნებულად ჩააყენა იგი უმწეო მდგომარეობაში და გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ გონს მოსული დ. კ-შვილი შესაძლებლობის ფარგლებში წინააღმდეგობას უწევდა რ. ბ-იას, ამ უკანასკნელმა ფიზიკური ძალის გამოყენებით მეორედაც დაიჭირა სქესობრივი კავშირი დაზარალებულთან.

რ. ბ-ია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა, იმავე განაჩენით სსკ-ის 134-ე მუხლით ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულ დ. კ-შვილის ინტერესების წარმომადგენლისა და იმერეთის საოლქო პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2000 წლის 12 სექტემბერს გააუქმა განაჩენი რ. ბ-იას მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გამართლების ეპიზოდში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 14 თებერვლის განჩინებით რ. ბ-იას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით (1961 წლის რედაქციით) დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, იმ საფუძვლით, რომ წინასწარი გამოძიებისას დარღვეულ იქნა სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ, რაც გამოიხატა იმაში, რომ წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა და ბრალდების მოწმეებად წარმოადგინა მხოლოდ რ. ბ-იას ნათესავ-ახლობლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებით და რომელთაგან არაა მოსალოდნელი და არც ევალებათ თავისთავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა. სასამართლო კოლეგიამ იმის სამტკიცებლად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ო. ბ-ძის და ნ. ჩ-ძის ოჯახებში და ჰქონდა თუ არა ადგილი ფსიქო-ფიზიკურ ზემოქმედებას დ. კ-შვილის მიმართ, სავალდებულოდ მიიჩნია დაუინტერესებელ მოწმეთა დადგენა-დაკითხვა, ასევე დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ვინმე “თაზოს” დადგენა, რომელიც თითქოსდა დ. კ-შვილს დანის ტრიალით ემუქრებოდა, იმ პირთა დადგენა, რომლებიც რ. კ-იანისა და ი. ნ-იას ჩვენებების თანახმად, დაზარალებულ დ. კ-შვილს პოლიციაში მიყვანისას ეუბნებოდნენ არ დათანხმებულიყო რ. ბ-იას ცოლობას და აგრეთვე იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვან დ. კ-შვილის მიმართ მშობლებისა და ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრების მხრიდან ფსიქიურ ან სხვა სახის ზემოქმედებას.

კერძო საკასაციო საჩივრებით დაზარალებულ დ. კ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. მ-შვილი და იმერეთის საოლქო პროკურატურა ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ რ. ბ-იას სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ 2001 წლის 14 თებერვალს გამოტანილი განჩინების გაუქმებას და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად გადაცემას.

სასამართლო სხდომაზე კასატორებმა - დაზარალებულ დ. კ-შვილის წარმომადგენელმა ვ. მ-შვილმა, დაზარალებულმა დ. კ-შვილმა, სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ წინასწარ გამოძიებაში არ დარღვეულა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის პრინციპი, წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა და მოწმის სახით დაკითხა არა მხოლოდ ყველა ის პირი, რომლებიც 1996 წლის 26 და 27 აპრილს იმყოფებოდნენ ო. ბ-ძის და ნ. ჩ-ძის ოჯახებში, არამედ ასევე ო. ბ-ძის და ნ. ჩ-ძის მეზობლებიც: თ. კ-შვილი, ა. ბ-ძე, ჯ. ჩ-ძე, მ. ჩ-იანი.

სასამართლო გამოძიებისას დადგენილი და დამატებითი მოწმის სახით დაკითხული იქნენ დაზარალებულ დ. კ-შვილის ახლობლები და ნათესავები, რომლებიც დაზარალებულის პოლიციაში მიყვანისას იქვე იმყოფებოდნენ: ი. კ-შვილი, ვ. ა-ია, ზ. ბ-ია, მ. მ-ია, როგორც წინასწარ, ასევე სასამართლო გამოძიებისას არაერთგზის იქნენ დაკითხული დ. კ-შვილის მშობლები მ. კ-შვილი, ა. კ-შვილი და ბიძა ნ. კ-შვილი.

ვინმე “თაზოს” დადგენა, რომელიც დაზარალებულის ჩვენებებიდან გამომდინარე, თითქოსდა მას დანით ემუქრებოდა, სასამართლოს, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შეეძლო თვითონ განეხორციელებინა, მით უფრო, რომ ამ პიროვნების დადგენა და მოწმის სახით დაკითხვა სასამართლოს ინიციატივას წარმოადგენს და არა მხარეებისას. ასეთი შუამდგომლობა მხარეებს სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებიათ.

დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ვ. მ-შვილმა მოითხოვა სასამართლო კოლეგიის ზემოთმითითებული განჩინების გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისათვის სხვა საოლქო სასამართლოსათვის გადაცემა, რასაც მხარი დაუჭირა დ. კ-შვილმა.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მოითხოვა რა აღნიშნული განჩინების გაუქმება, მიიჩნია, რომ უსაფუძვლოდ გაჭიანურებულია საქმის სასამართლო განხილვა, ასევე არ შესრულებულა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2000 წლის 12 სექტემბერს გამოტანილი განჩინების მითითებები საქმის ხელახალი სასამართლო კოლეგიის მიერ.

სასამართლო სხდომაზე მ. ბ-იას ინტერესების დამცველმა ლ. ს-ძემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები რ. ბ-იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისათვის, მაინც მხარს უჭერს საქმის დაბრუნებას პროკურატურისათვის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ ერთხელ კიდევ გადამოწმდეს ის გარემოებები, რაც დაზარალებულ მხარეს საეჭვოდ მიაჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, დაზარალებულს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, განსასჯელის ინტერესების დამცველ ადვოკატს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ წინასწარ, პირველ და მეორე სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია საქმეზე ობიექტური გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დასადგენად და სისხლის სამართლის საქმე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიება არსებითად არასწორია და არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს.

სასამართლო კოლეგიის ეს მითითება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან წინასწარ და პირველ სასამართლო გამოძიებისას დაკითხული იქნენ მოწმის სახით, არა მხოლოდ რ. ბ-იას ახლო ნათესავები, არამედ ყველა ის პირი, ვინც, 1996 წლის 26 და 27 აპრილს ო. ბ-ძის და ნ. ჩ-ძის ოჯახებში იმყოფებოდნენ და ასევე ამ ოჯახების მეზობლებიც: თ. კ-შვილი, ა. ბ-ძე, ჯ. ჩ-ძე, მ. კ-შვილი, მ. ჩ-იანი, ბ. ჩ-ძე.

პირველი სასამართლო გამოძიებისას, დადგენილი იქნენ და დამატებითი მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებულის ის ნათესავები და ახლობლები, ვინც დ. კ-შვილის პოლიციაში მიყვანისას უკვე იქ იმყოფებოდნენ: ი. კ-შვილი, ფ. ა-ია, ზ. ბ-ია, მ. მ-ია.

როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე არაერთხელ იქნენ მოწმედ დაკითხულები დ. კ-შვილის მშობლები: მ. კ-შვილი, ბ. კ-შვილი და ბიძა ნ. კ-შვილი.

სასამართლო სხდომაზე მხარეებს არ მოუთხოვიათ ვინმე “თაზოს” დადგენა და მისი მოწმედ დაკითხვა, სასამართლო კოლეგიამ კი მიიჩნია, რომ მის ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

სასამართლო კოლეგიას საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს უტყუარად დაადგინოს, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სსსკ-ის 479-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს სასამართლო სხდომაზე მოწმე და დაკითხოს იგი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ვერ დაადგენდა ამ პიროვნებას, მას სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე უფლება ჰქონდა, გამომძიებლის ან პროკურატურისათვის დაევალებინა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.

სასამართლო კოლეგიამ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინების მითითებანი, არ იმსჯელა რა იმ გარემოებების თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ არასრულწლოვანი დ. კ-შვილი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო გონების დაკარგვის გარეშეც, მისი იმჟამინდელი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის და ასევე მის ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით (მისი სისუსტე, დაღლილობა, შიმშილი, მისთვის სრულიად უცხო ოჯახები, უცხო პირთა გარემოცვა), ასევე არ უმსჯელია მისი ემოციური დატვირთვის თაობაზე (მოულოდნელად მისი სამი მამაკაცის მიერ გატაცება, ე.წ. ტყეში გასეირნება, ბ-ძეების ოჯახიდან შეღამებისას ჩ-ძის სახლში გადაყვანა).

სასამრათლო კოლეგიამ არ იმსჯელა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, თუ რით იქნებოდა განპირობებული რ. ბ-იასთან სექსუალურ ურთიერთობაზე დ. კ-შვილის თანხმობა, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ იყო მოტაცებული. მოტაცებამდე კი ძირითადად სკოლასა და ოჯახში იმყოფებოდა და რომელიც მეგობრებთანაც კი ნაკლებად ერთობოდა (სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა) და ამ ურთიერთობის შემდეგ დაუყოვნებლივ რატომ მიატოვებდა რ. ბ-იას.

სასამართლო კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმე დააბრუნა რა უსაფუძვლოდ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გენერალურ პროკურატურაში, არ შეასრულა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინების სავალდებულო მითითებანი, უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 426-ე, 452-ე, 570-ე მუხლების მოთხოვნები და საქმე, რომლის სასამართლო განხილვა 1994 წლის 9 დეკემბერს დაიწყო და ისედაც გაჭიანურდა, დააბრუნა დამატებით გამოძიებაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის დროს სასამართლო კოლეგიამ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის გზით, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს შეფასება უნდა მისცეს მათ ერთობლიობაში და დაადგინოს განაჩენი.

საკასაციო პალატის პოზიციით, წინასწარმა გამოძიებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რის გამოც საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება ხელს ვერ შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 564-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 14 თებერვლის განჩინება, რომლითაც რ. ბ-იას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით, გენერალურ პროკურატურას დაუბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2000, #12, III, gv. 450–454.