საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ 151 17 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა განსასჯელ ნ. ჭ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება: დადგენილებიდან, როგორც სავალდებულო მითითება, ამოირიცხა განსასჯელ ნ. ჭ-ძისათვის საქართველოს სსკ-ის 105-ე და 17,104-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების წაყენების შესახებ და გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება ი. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეჩერების შესახებ.
ნ. ჭ-ძის, ე. კ-იას, გ. მ-ავას და ი. ა-ძის ბრალდების საქმე, სრული მოცულობით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა აბაშის რაიონის პროკურატურას.
განსასჯელების: ნ. ჭ-ძისა და ი. ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება, ხოლო გ. მ-ავასა და ე. კ-იას მიმართ – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
განსასჯელ ნ. ჭ-ძეს საბრალდებო დასკვნით ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია მისი ახლობლის მიმართ დაზარალებულის უკანონო ძალადობამ. მასვე ბრალად შეერაცხა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული გამოიხატა მასში, რომ 1998 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. აბაშის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ფრანგიშვლის ქუჩაზე, მისი ძმის – განსასჯელ ე. კ-იას მიმართ უკანონო ძალადობითა და დაჭრით გამოწვეული უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულ ი. ა-ძეს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით გულ-მკერდის არეში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო ორ ადგილზე - სხეულის მსუბუქი დაზიანება, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა ჭ-ძის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რამდენადაც დაზარალებულ ა-ძეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა დროული სამედიცინო ჩარევით.
მანვე, ა-ძისათვის ჭრილობების მიყენების შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე მისი მამიდაშვილის – განსასჯელ გ. მ-ავას მიმართ უკანონო ძალადობითა და თავის არეში ჯოხის ცემით გამოწვეული უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულ მ. კ-იას დანის ჩარტყმით მიაყენა გულ-მკერდის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც მ. კ-ია მეორე დილით, 1998 წლის 5 თებერვალს, ქ. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
განსასჯელებს ე. კ-იას და გ. მ-ავას, საბრალდებო დასკვნით, ბრალად შეერაცხათ ბოროტი ხულიგნობის ჩადენა, რაც გამოიხატა მასში, რომ მათ, 1998 წლის 1 თებერვალს, მთვრალებმა, ქ. აბაშაში, ... ქუჩაზე, მეზობლის ქელეხის დროს ჩაიდინეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი მოქმედებები, უცენზურო სიტყვებით აგინეს მეზობელს, მ. კ-იას, სცემეს მას. ინციდენტი გრძელდებოდა 15-20 წუთის განმავლობაში, იწვევდა ქელეხის დამსწრე საზოგადოების გულისწყრომას და დაკავშირებული იყო მ. კ-იას მიმართ ძალადობასთან.
განსასჯელ ი. ა-ძეს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა ცივი იარაღის, სანადირო ტიპის დანის, უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე ტარება და ბოროტი ხულიგნობა, დასაზიანებლად მომარჯვებული ცივი იარაღის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული გამოიხატა მასში, რომ 1998 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.აბაშის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ... ქუჩაზე, მთვრალმა, უცენზურო სიტყვებით აგინა და სცემა ე. კ-იას, განსაკუთრებული თავხედობის ვითარებაში გამოიყენა მის წინააღმდეგ სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული ცივი იარაღი - სანადირო ტიპის დანა, რა დროსაც გვერდის მიდამოში დანის ჩარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით განსასჯელ ნ. ჭ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯღამაძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინებაში ცვლილებების შეტანას იმ მიმართებით, რომ განსასჯელ ნ. ჭ-ძეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალოს სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
განსასჯელი ნ. ჭ-ძე პატიმრობაშია 1998 წლის 8 თებერვლიდან (სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) და ამ ხნის მანძილზე მის მიმართ ვერ იქნა დადგენილი განაჩენი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ის პირველადაა სამართალში, ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებაში და თავს არ არიდებს გამოძიების ორგანოსა და სასამართლოში გამოცხადებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ჯ-ძემ და განსასჯელმა ნ. ჭ-ძემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა გ. ჯ-იამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა სასამართლო განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განსასჯელი ნ. ჭ-ძე პატიმრობაშია 1998 წლის 8 თებერვლიდან, ესე იგი 3 წლისა და 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, საქმის სასამართლოში განსახილველად გადაცემის შემდეგ გასულია 2 წელზე მეტი დრო, საპატიმრო ვადა კი არ ყოფილა გაგრძელებული, ამიტომ განსასჯელ ნ. ჭ-ძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უნდა შეეცვალოს სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, კერძოდ კი, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე, 162-ე, 164-ე, 167-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ი. ჯ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – ნ. ჭ-ძეს შეეცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ნ. ჭ-ძეს, რომელიც იცხოვრებს ქ. თბილისში ... (გ. ჯ-შვილის საცხოვრებელ ბინაში), ევალება, არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და მოსამართლის გამოძახებით.
სააპელაციო პალატის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.