დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 51დად 31 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ხ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 26 მარტის განჩინებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ მ. მ-ძის მიმართ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ქ. ჩებოკსარის ლენინის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 171-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით, 30-ე მუხლის მესამე ნაწილის 171 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით ერთობლივად ნაწილობრივად შეკრების პრინციპით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველ ნაწილთან, 1697-ე მუხლთან და 17,1697-ე მუხლთან. ერთობლივად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქალთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 6 აგვისტოდან.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ზ. ხ-შვილი ითხოვს სასამართლო განჩინებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ძეს შეუმცირდეს სასჯელი იმ ზომამდე, რაც მას უკვე მოხდილი აქვს და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ხ-შვილმა მხარი დაეჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა გ. ჯ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 619-ე და 620-ე მუხლების თანახმად, უცხო სახელმწიფოს განაჩენის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისას საქმის განმხილველი სასამართლო არ ამოწმებს უცხო სახელმწიფოს განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობას, არამედ მას მხოლოდ შესაბამიობაში მოჰყავს კვალიფიკიცია და სასჯელი საქართველოს კანონმდებლობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კონტრაბანდა - საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძველი რედაქცია) ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესაძლებლობას, რაც მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით ჰქონდა განსაზღვრული, ამიტომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სავსებით კანონიერად იქნა შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და კონტრაბანდისათვის შეფარდებული სასჯელი კანონიერად იქნა დატოვებული უცვლელად.
პალატა თლის, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ძის მიმართ დადგენილი განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. მ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ხ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 26 მარტის განჩინება მ. მ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.