საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 20-კოლ 10 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. რ-ძის საკასაციო საჩივარი და ირლანდიური ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” სამართალმემკვიდრის, შპს “დიამას” (აშშ, დელავრის შტატი) ადვოკატ ე. ბ-იას კერძო საკასაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ. გ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1602-ე მუხლის მეორე ნაწილით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი სისხლის სამართლის კოდექსი), მოქმედი სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლების შესაბამისად, დ. გ-შვილს შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი. მსჯავრდებულ დ. გ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 13 758 717 ლარის გადახდა.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დეპოზიტის ანგარიშზე რიცხული 604 743 ამერიკული დოლარი და ჩაეთვალა გადასახდელად დაკისრებული თანხის ანგარიშში.
რეალიზაცია გაუკეთდა შპს “ხაშურის” საწყობში ყადაღადადებულ 741 399 ლიტრ ეთილის სპირტს და მიღებული თანხა, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიექცა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
იმავე სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა ადვოკატ ე. ბ-ას შპს “დიამას” სამოქალაქო მოსარჩელედ და საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დ. გ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგში: იგი იყო რა ირლანდიის ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში და შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება “ხაშურის” დირექტორის მოადგილე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ეთილის სპირტის კონტრაბანდული გზით გადატანისა და გადმოტანის, დიდი ოდენობით საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, 1997 წლის ნოემბრის თვეში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” დირექტორ ფ. ბ-ძეს და ამავე ფირმის სავაჭრო წარმომადგენელ ბ. ნ-ძეს, რომელიც ასევე იყო შპს “ხაშურის” დირექტორი.
მოლაპარკების თანახმად, ფ. ბ-ძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან, თითქოსდა ირლანდიასა და ლიტვაში გადასაზიდად, ტრანზიტის რეჟიმით საქართველოში გამოაგზავნიდა ეთილის სპირტს, რომელსაც დ. გ-შვილი და ბ. ნ-ძე შპს “ხაშურის” საბაჟო საწყობში მოთავსების შემდეგ გაუკეთებდნენ რეალიზაციას საქართველოში. თავის მხრივ, დ. გ-შვილი და ბ. ნ-ძე, დანაშულის კვალის დაფარვის მიზნით, საქართველოს ფარგლებს გარეთ არარსებულ, მოგონილ ფირმებზე შეადგენდნენ ყალბ ხელშეკრულებებს, წერილებსა და განცხადებებს, რომელთა საფუძველზე, საბაჟო-სატვირთო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების _ მოგონილი ფირმების დასახელების შეტანით გააფორმებდნენ ტრანზიტის რეჟიმს და ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცემდნენ საშუალებას, ზემოაღნიშნული ფირმების სახელით ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოს ტერიტორიიდან.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ფ. ბ-ძემ, დ. გ-შვილთან და ბ. ნ-ძესთან შეთანხმებით, 1997 წლის 21 ნოემბრიდან 1998 წლის 24 ნოემბრამდე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ტრანზიტული რეჟიმით, თითქოსდა ირლანდიასა და ლიტვის რესპუბლიკაში შემდგომი გადაგზავნის მიზნით, რეალურად კი საქართველოში სარეალიზაციოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადმოიტანეს დიდი ოდენობით _ 11 296 391 ლარის ღირებულების 11 277 638 ლიტრი ეთილის სპირტი, რომელიც შემდგომ, საქართველოში რეალიზაციის გაადვილების მიზნით, შეიტანეს და მოათავსეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ხაშურის” ქარელის რაიონის დაბა აგარაში არსებულ საბაჟო საწყობში.
საწყობში მოთავსებისთანავე, 1997 წლის 25 ნოემბრიდან 1998 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით, დ. გ-შვილმა და ბ. ნ-ძემ, ფ. ბ-ძესთან შეთანხმებით, საქართველოში, მათთვის სასურველ ფიზიკურ პირებზე მოახდინეს 8 579 294 ლიტრი ეთილის სპირტის რეალიზაცია 10 659 470 ლარად და 30 თეთრად.
დანაშაულის კვალის დასაფარავად, დ. გ-შვილმა და ბ. ნ-ძემ, შემდგომი გამოყენების მიზნით, გააკეთეს ყალბი დოკუმენტი _ 1997 წლის 19 ნოემბრის უნომრო ხელშეკრულება ირლანდიის ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკსა” და რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიკავკაზის არარსებულ სს “კრუგს” შორის, თითქოსდა ამ უკანასკნელისათვის ეთილის სპირტის მიწოდების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, 1997 წლის 25 ნოემბრიდან 1998 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ქ. ვლადიკავკაზის არარსებულ სააქციო საზოგადოება “კრუგს”, თითქოსდა ტრანზიტული რეჟიმით, მიეწოდა ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” კუთვნილი, 10 659 470 ლარის ღირებულების 8 579 294 ლიტრი ეთილის სპირტი.
ფაქტობრივად კი ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცეს საშუალება, ტრანზიტის რეჟიმით, მოგონილ ფირმა “კრუგის” სახელით ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოდან შემდგომი გამოყენების მიზნით.
იმავე პერიოდში, ე.ი. 1997 წლის 1 დეკემბრიდან 1998 წლის 5 მაისის ჩათვლით, დ. გ-შვილმა და ბ. ნ-ძემ, ფ. ბ-ძესთან შეთანხმებით, საქართველოში, მათთვის სასურველ ფიზიკურ პირებზე მოახდინეს 92 857,2 ლიტრი ეთილის სპირტის რეალიზაცია 104 548 ლარად და 37 თეთრად.
დანაშაულის კვალის დასაფარავად, დ. გ-შვილმა, ბ. ნ-ძემ და ფ. ბ-ძემ, შემდგომი გამოყენების მიზნით, გააკეთეს ყალბი დოკუმენტები: 1997 წლის 18 ნოემბრის ¹ 3 ხელშეკრულება ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკსა” და ე.წ. უზბეკეთ-აზერბაიჯანის არარსებულ, ერთობლივ საწარმო “შარკ-სტორზს” შორის, თითქოსდა ამ უკანასკნელისათვის 230 852 აშშ დოლარისა და 16 ცენტის ღირებულების 299 808 ლიტრი ეთილის სპირტის მიყიდვაზე; ასევე ამავე ხელშეკრულების შესაბამისი, ფ. ბ-ძის დაუთარიღებელი, უნომრო და მოგონილი ფირმის დირექტორის, ვინმე მ-ოვის 1997 წლის 28 ნოემბრის ¹ 01\195 წერილები, რომლებითაც საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს სთხოვდნენ ზემოთდასახელებული ოდენობის ეთილის სპირტის ფირმა “შარკ-სტორზე” გადამისამართებას და ტრანზიტის რეჟიმით გაფორმებას.
ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, დ. გ-შვილმა, ბ. ნ-ძესთან და ფ. ბ-ძესთან შეთანხმებით, 1997 წლის 1 დეკემბრის ¹ 1396, 1998 წლის 20 იანვრის ¹ 0115, 5 მაისის ¹ 0768 სატვირთო საბაჟო დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ფირმა “შარკ-სტორზს” თითქოსდა ტრანზიტული რეჟიმით მიეწოდა 104 548 ლარისა და 37 თეთრის ღირებულების 92 857,2 ლიტრი ეთილის სპირტი. ფაქტობრივად კი ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცეს საშუალება, ტრანზიტის რეჟიმით, მოგონილ ფირმა “შარკ-სტორზის” სახელით ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოდან თავიანთი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად.
1998 წლის 13 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე დ. გ-შვილმა და ბ. ნ-ძემ, ფ. ბ-ძესთან წინასწარი შეთანხმებით, მათთვის სასურველ ფიზიკურ პირებს საქართველოში მიჰყიდეს 649 026,4 ლიტრი ეთილის სპირტი 949 492 ლარად და 44 თეთრად.
დანაშაულის კვალის დასაფარავად დ. გ-შვილმა და ბ. ნ-ძემ, შემდგომი გამოყენების მიზნით, გააკეთეს ყალბი დოკუმენტები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე საწარმო “ვუგარის” დირექტორ მ. ა-ოვის 1998 წლის 3 ივნისის ¹ 11 წერილი საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სახელზე; 1998 წლის 29 ივლისის ¹ 153 წერილი ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” ნდობით აღჭურვილი პირის _ ბ. ნ-ძის სახელზე; მ. ა-ოვის 1998 წლის 16 ოქტომბრის ¹ 184 განცხადება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტზე; ბ. ნ-ძის 1998 წლის 29 ივლისის განცხადება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტზე; დ. გ-შვილის 1998 წლის 8 ივნისის წერილი საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სახელზე იმის შესახებ, რომ თითქოს ეთილის სპირტი ტრანზიტული რეჟიმით იგზავნებოდა აზერბაიჯანის მცირე საწარმო “ვუგარის” სახელზე.
ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე დ. გ-შვილმა, ბ. ნ-ძესთან შეთანხმებით, 13 თებერვლიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატვირთო დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 949 492,44 ლარის ღირებულების 659 026,4 ლიტრი ეთილის სპირტი “სამთაწყაროს” და “წითელი ხიდის” საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, თითქოსდა ტრანზიტული რეჟიმით, მიეწოდა აზერბაიჯანში არარსებულ ფირმა “ვუგარს”. ფაქტობრივად კი ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცეს საშუალება, ტრანზიტის რეჟიმით, მოგონილი ფირმა “ვუგარის” სახელით, ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოდან თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგვის მიზნით.
რაც შეეხება საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადმოტანილ 1 821 537,4 ლიტრ ეთილის სპირტს, რომელიც მოთავსებულ იქნა შპს “ხაშურის” საბაჟო საწყობში, დ. გ-შვილმა, ფ. ბ-ძემ და ბ. ნ-ძემ მისი რეალიზაცია ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული რაოდენობის ეთილის სპირტი 1999 წლის 21 აპრილს დააყადაღა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
ამდენად, 1997-98 წლებში დ. გ-შვილმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით, გადმოიტანეს და გადაიტანეს დიდი ოდენობით - 11 277 637 ლიტრი ეთილის სპირტი, რა დროსაც თავი აარიდეს 13 758 717 ლარის, დიდი ოდენობით საბაჟო გადასახადების (იმპორტის გადასახადების) გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. გ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. რ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას; მიუთითებს, რომ დ. გ-შვილის ქმედებაში არაა დანაშაულის შემადგენლობა, რადგან მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასამართლო კოლეგიას რომ სწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებული მასალებისათვის, უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ, უბრალოდ, აიღო და საბრალდებო დასკვნა გადაწერა განაჩენში. დადგენილია, რომ გ-შვილი მოქმედებდა მისთვის მინდობილობით მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში და არც ერთხელ არ გასცდენია ამ ფარგლებს. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ტვირთი (ეთილის სპირტი) არც ერთხელ არ გადასულა გ-შვილის მფლობელობაში და, ამდენად, იგი თავისი შეხედულებისამებრ ვერ განკარგავდა მას.
დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთი ექცეოდა საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ და მათ კონტროლზე იმყოფებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვებამდე.
სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა არც ალტერნატიული და არც კომისიური ექსპერტიზის დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ არც ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკს” და არც მისი ნდობით აღჭურვილ პირს _ დ. გ-შვილს საქართველოს მოქმედი სამეურნეო და საფინანსო კანონმდებლობა არ დაურღვევიათ.
საჩივარში მითითებულია, რომ განაჩენი ემყარება ვარაუდებს, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს და ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დიამას” ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაცემას; მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ ყოვლად უსაფუძვლოდ უთხრა უარი შპს “დიამას” სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე, მაშინ, როდესაც უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უკანონო ქმედებათა შედეგად შპს “დიამას” მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. გ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. რ-ძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას; აღნიშნა, რომ დ. გ-შვილს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იგი მოქმედებდა საქართველოს მოქმედი კანონებით, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით. აღნიშნა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი, რაიმე ობიექტური მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატ თ. რ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა დ. გ-შვილმა და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა ე. ბ-ამ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას; აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ, ყოვლად უსაფუძვლოდ, არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი მოთხოვნა შპს “დიამას” სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის თაობაზე.
პროკურორმა გ. ფ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადგენილი დ. გ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული; ასევე, მიუთითა, რომ არსებობდა საფუძველი შპს “დიამას” სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობისათვის; იშუამდგომლა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენისა და 2001 წლის 7 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ დ. გ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი დამამტკიცებელი საბუთებით: რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამმართველოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ ქ. ვლადიკავკაზში, მე-40 არმიის გამარჯვების ქუჩის ¹ 27-ში სააქციო საზოგადოება “კრუგი” და მისი დირექტორი, ვინმე ა-ოვი არ არსებობს. ამდენად, დ. გ-შვილსა და არარსებულ სააქციო საზოგადოება “კრუგის” დირექტორ, ვინმე ა-ოვს შორის დადებული ხელშეკრულება არის ყალბი დოკუმენტი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟო საზღვრის გავლით დასახელებულ სააქციო საზოგადოებას ეთილის სპირტი არ მიუღია. უფრო მეტიც: დადგენილია, რომ ირლანდიის ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” სახელით რუსეთის ფედერაციაში ეთილის სპირტს საბაჟო საზღვარი არ გადაუკვეთია. საკასაციო საჩივრის მითითება, რომ ქ. ვლადიკავკაზში არსებობს სამი ფირმა “კრუგის” სახელით, არ ცვლის საქმის გარემოებებს, რადგან ის ფირმა, რომელთანაც თითქოს დ. გ-შვილმა გააფორმა ხელშეკრულება ტრანზიტის რეჟიმით ეთილის სპირტის მოწოდების შესახებ, არ არსებობს.
ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზის რაიონის მცირე საწარმო “ვუგარის” დირექტორ ვ. ა-ოვთან დაკავშირებითაც. კერძოდ, დადგენილია, რომ ტაუზის რაიონში მცირე საწარმო “ვუგარი” და მის დირექტორად ნაჩვენები ვინმე მ. ა-ოვი არ არსებობს და ამ უკანასკნელის სახელზე აზერბაიჯანის საბაჟო საზღვრის გავლით ეთილის სპირტი არ გადატვირთულა. აღნიშნული ფაქტიც მიუთითებს, რომ ტრანზიტის რეჟიმით დ. გ-შვილს მცირე საწარმო “ვუგარის” სახელზე ეთილის სპირტი რეალურად არ გაუგზავნია.
ანოლოგიური მდგომარეობაა ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” დირექტორ ფ. ბ-ძესა და უზბეკეთ-აზერბაიჯანის ერთობლივ საწარმო “შარკ-სტორზის” დირექტორ, ვინმე მ-ოვს შორის ეთილის სპირტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ სამარყანდის ოლქის ტაილაკსკის რაიონის მაგისტრალნაიას ქუჩის პირველ ნომერში ერთობლივი საწარმო “შარკ-სტორზი” არ არსებობს. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ერთობლივ საწარმო “შარკ-სტორზს” საქართველოს გავლით, ტრანზიტის წესით, ეთილის სპირტი არ მიუღია.
აღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ დ. გ-შვილმა, სხვა პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ტრანზიტის რეჟიმის საფარქვეშ, ფაქტობრივად კი საქართველოში სარეალიზაციოდ, ნამდვილად შემოიტანეს 11 296 391 ლარის ღირებულების 11 277 638 ლიტრი ეთილის სპირტი და იგი მოათავსეს შპს “ხაშურის” საბაჟო საწყობში, საიდანაც 9 456 101 ლიტრ ეთილის სპირტს გაუკეთეს რეალიზაცია საქართველოში, უშუალოდ შპს “ხაშურის” დაბა აგარაში არსებული საბაჟო საწყობიდან. მითუმეტეს, ყალბად შედგენილ დოკუმენტებში ზემოაღნიშნულ, მოგონილ ფირმებს ეთილის სპირტი არ მიუღიათ.
დ. გ-შვილის და სხვა პირების მიერ ტრანზიტის რეჟიმის საფარქვეშ, ფაქტობრივად კი იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ეთილის სპირტის საქართველოში რეალიზაციისა და სხვადასხვა ავტომანქანით მოგონილი ფირმების სახელზე გაგზავნის ფაქტი დადგენილია საქმეზე დაკითხული არა ერთი მოწმის (ავტომანქანის მძღოლების) ჩვენებებით; ამოღებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციებით, სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა ეთანხმება განაჩენის მითითებას იმის შესახებ, რომ ირლანდიასა და ლიტვის რესპუბლიკაში ეთილის სპირტის გადაზიდვისათვის არსებობდა სხვა, უმოკლესი გზა, მაგრამ ამით ფირმა “პანელ ინდუსტრიალ ინკის” წარმომადგენლებს არ უსარგებლიათ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეთილის სპირტი საქართველოში შემოტანის შემდეგ არც ერთხელ არ გაგზავნილა დასახელებულ ქვეყნებში და შემოტანის შემდეგ ხდებოდა მისი გადამისამართება. აღნიშნულიც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ტრანზიტის რეჟიმი გამოყენებული იყო, ფაქტობრივად, იმპორტის რეჟიმის დასაფარავად და იმპორტის რეჟიმის გადასახადისაგან თავის ასარიდებლად, რადგან იგი ბევრად უფრო დიდი ოდენობის გადასახადია, ვიდრე ტვირთის ტრანზიტის რეჟიმის დროს უნდა იქნეს გადახდილი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით სამართლიანად არ გაიზიარა ალტერნატიული და კომისიური ექსპერტიზის დასკვნები, რადგან გამოძიებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ დ. გ-შვილსა და სხვა პირებს ეთილის სპირტი საქართველოში შემოქონდათ იმპორტის რეჟიმით, მაგრამ აფორმებდნენ ტრანზიტის რეჟიმს და ასეთ ვითარებაში ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნებს არ შეიძლებოდა მისცემოდა მტკიცებულებათა მნიშვნელობა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატა თვლის, რომ ეთილის სპირტის საქართველოში შემოტანის დროს საბაჟო გადასახადი გადახდილია ტრანზიტის რეჟიმისათვის, ფაქტობრივად კი უნდა გადახდილიყო იმპორტის რეჟიმისათვის დადგენილი საბაჟო გადასახადი. ამიტომ დ. გ-შვილისათვის გადასახდელად დაკისრებულ თანხას _ 13 758 717 ლარს უნდა გამოაკლდეს ტრანზიტის რეჟიმისათვის გადახდილი თანხა _ 1 211 088 ლარი (13 758 717 _ 1 211 088 = 12 547 629) და უნდა დაეკისროს 12 547 629 ლარის გადახდა.
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ ე. ბ-ას საჩივრის მოთხოვნას სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიამ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ბრალდებულის, განსასჯელის ან იმ პირის მიმართ, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში. იმის გამო, რომ ადვოკატ ე. ბ-იას სამოქალაქო სარჩელი წარდგენილი ჰქონდა არა განსასჯელთა, არამედ უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ, ამიტომ, საპროცესო კანონზე დაყრდნობით, უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ კანონიერად უთხრა უარი ადვოკატ ე. ბ-ას შპს “დიამას” სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე და არ მოიპოვება ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენში დ. გ-შვილის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ დ. გ-შვილისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას _ 13 758 717 ლარს გამოაკლდეს 1 211 088 ლარი, რაც გადახდილია ეთილის სპირტის ტრანზიტის რეჟიმის გადასახადის სახით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 12 547 629 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
უცვლელად დარჩეს, ასევე, სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.