საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.07.2001
საქმის ნომერი
2კ-32აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 32-აპ 19 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. კონჯარ-იას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით კ. ჩ-ას ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

კერძოდ, კ. ჩ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, მანვე ჩაიდინა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში: აფხაზეთიდან დევნილი კ. ჩ-უა 1998 წლის აგვისტოს თვიდან იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკის ქ. უხტაში, საიდანაც 2000 წლის 30 ივნისს მატარებლით ჩავიდა ქ.მოსკოვში, სადაც გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 657 რუსულ რუბლად უკანონოდ შეიძინა 0,05 გრამიანი 45 კაფსულა და 0,3 გრამიანი 3 ცალი აბი ნარკოტიკული საშუალება “ტრამალი”, საერთო წონით 3,15 გრამი. აღნიშნული უკანონოდ შეინახა პლასტმასის თეთრი ფერის კოლოფში წარწერით “უნდევიტი” და იმავე დღეს მოსკოვი-თბილისის ¹935 ავიარეისით, ასევე, უკანონოდ გადმოზიდა და შემოიტანა საქართველოში. ქ. თბილისის აეროპორტში იგი დააკავეს სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენით კ. ჩ-უა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არარსებობის გამო.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განაჩენით გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი კ. ჩ-უას მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ნაწილში და მის ნაცვლად დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. კ. ჩ-უა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საკასაციო საჩივრის ავტორი, ადვოკატი ა. კ-ია ითხოვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ნაწილში და სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას კ. ჩ-უას მიმართ იმ მოტივით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 562-564-ე მუხლებისა და 540-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 28-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის, 452-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 498-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 535-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, ნაცვლად სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 536-ე და 537-ე მუხლებისა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, კ. ჩ-უას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეეწყვიტა და იგი უნდა გაეთავისუფლებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მის ქმედებაში ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის მოტივით.

პროკურორი ე. ქ-ვა არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ჩ-უამ ნარკოტიკული საშუალება “ტრამალი” შეიძინა ქ. მოსკოვში, კომერციულ აფთიაქში, რომელიც შემდგომ ჩამოიტანა საქართველოში. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ “ტრამალი” წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში თავისუფალ გაყიდვაშია. დადგენილია ისიც, რომ კ. ჩ-უა “ტრამალს”, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, ღებულობდა ექიმის დანიშნულებით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კ. ჩ-უა წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ჩ-უას არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა მართლწინააღმდეგობის შეგნება, რადგანაც მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ პრეპარატ “ტრამალის” შეძენით, შენახვითა და საქართველოში შემოტანით დანაშაულს სჩადიოდა, ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი რუსეთის ფედერაციაში თავისუფალ გაყიდვაშია და მისი შეძენა და შენახვა რაიმე სახის სპეციალურ ნებართვასთან ან შეზღუდვასთან არ არის დაკავშირებული. აღნიშნული კი მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე.

კ. ჩ-უას ქმედებაში მართლწინააღმდეგობის შეგნებისა და განზრახვის არარსებობა გამორიცხავს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონოდ შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და, ამდენად, სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი სწორია.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას, სსსკ-ის 503-ე და 536-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, როცა არ არსებობდა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების კანონში მითითებული საფუძველი, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების ნაწილში არ უნდა დაედგინა კ. ჩ-უას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ჩ-უას მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებით, უნდა გაუქმდეს და საქმე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ა. კ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი კ. ჩ-უას მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.