დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 181 27 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის, პროკურორ გ. მ-ძის და მსჯავრდებულ მ. ბ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 5 აპრილის განაჩენზე, რომლითაც: მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 7 თვითა და 9 დღით, იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული.
ზ. ქ-შვილი გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. იმავე სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 961-ე მუხლით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 214-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
იმავე სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განჩინებით მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის მიმართ სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით და 205-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში საქმე წარმოებით იქნა შეწყვეტილი.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით მ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
მან ჩაიდინა არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადისთვის თავის არიდება, კერძოდ: იყო რა შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” დირექტორი, 1997 წლის ივნისიდან იმავე წლის ბოლომდე კომერციული საქმიანობის ფარგლებში, განახორციელა სხვადასხვა საფინანსო და სასაქონლო ოპერაციები, რის შედეგად მიიღო სათანადო შემოსავლები და ანგარიშვალდებული გახდა ბიუჯეტის წინაშე. კანონით დადგენილი საგადასახადო გაანგარიშების დროული წარუდგენლობის, დასაბეგრი თანხის დამალვის და ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების გადაუხდელობის გამო, დაერიცხა სანქცია-საურავები და ბიუჯეტში ჩასარიცხმა საერთო თანხამ შეადგინა 663 309 ლარი და 95 თეთრი, აქედან მოგების გადასახადი 86 045 ლარი; მათ შორის, კუთვნილი გადასახადი 59564 ლარი, საურავი 26 481 ლარი, დღგ-ს სახით 577264 ლარი, მათ შორის კუთვნილი თანხა 215578 ლარი, სანქცია-საურავი 261681 ლარი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საბრალდებო დასკვნით მ. ბ-ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან თაღლითური გზით გაიტაცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ: თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანებიდან გაიტაცა 1199005 ლარი; კომპანია “საქენერგოდან” _ 965100 ლარი, სს “თბილსრესიდან” _ 1218400 ლარი, სს “ლილოდან” _ 150000 ლარი, კულტურის სამინისტროდან _ 598000 ლარი, შპს საქართველოს “ტელეკომიდან” _ 300000 ლარი, შპს “რემენერგოდანადგარიდან” _ 109236 ლარი.
არამიზნობრივად გამოიყენა თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანების კუთვნილი თანხებიდან 1366732 ლარი, სახელმწიფო კომპანია “საქენერგოდან” 1895000 ლარი, სს “თბილსრესიდან” 300000 ლარი, ე.ი. სულ 3531732 ლარი.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ზ. ქ-შვილის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1997 წლის 9 სექტემბერს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” დირექტორმა მ. ბ-ძემ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში, სადაც უფროსის მოადგილედ მუშაობდა ზ. ქ-შვილი და ითვლებოდა თანამდებობის პირად, წარადგინა 1997 წლის აგვისტოს თვის ფიქტიური გაანგარიშება, თითქოს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა 314 ათასი ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადზე.
აღნიშნული ყალბი ბარათით შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე დაერიცხა დავალიანება 314 ათასი ლარი, რის შემდეგ, 1997 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ წერილობით აცნობა ფინანსთა სამინისტროს, რომ შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” 1997 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, როგორც მსხვილ გადამხდელს, გააჩნდა ბიუჯეტის დავალიანება 314000 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის 1997 წლის 30 სექტემბრის წერილით კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან მიღებულად ჩაეთვალა 314000 ლარი და შესაბამისად შპს “ჯი-ეფ-ტი-სიზე” გადახდილად ბიუჯეტში დღგ-ის ნაწილში.
1997 წლის 30 ოქტომბერს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” დირექტორმა მ. ბ-ძემ საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში კვლავ წარადგინა სექტემბრის თვის ყალბი დღგ-ს გაანგარიშება, რომლითაც თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტს მართებდა შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ვალი 303607 ლარი. ზ. ქ-შვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობით, თანამდებობა გამოიყენა ბოროტად და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მოტივით, არასწორად გაგებული სახელმწიფო ინტერესით, გარანტიის არმქონე შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ამოღების მიზნით, რაც შეადგენდა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სამსახურებრივად უშუალო მოვალეობას და რისი შესრულებაც რეალურად შეეძლო კერძო სტრუქტურის მონაწილეობის გარეშე, 1997 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს “ტელეკომის” გენერალურ დირექტორს გაუგზავნა დაუსაბუთებელი ¹ 11-01-1 წერილი, რომლითაც იგი “ტელეკომის” დირექტორს სთხოვდა, რომ შპს “ჯი-ეფ-ტი-სისათვის” ჩაერიცხა 300000 ლარი, რითაც მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია გარანტად დაუდგა “ტელეკომს”, რომ აღნიშნულ თანხას მომავალში ჩაუთვლიდა გადახდილად ბიუჯეტში დღგ-ს ნაწილში და დაუსვამდა სააღრიცხვო ბარათზე, როგორც გადახდილ თანხას, რისი უფლებაც მას სამსახურებრივად არ ჰქონდა.
აღნიშნული წერილის საფუძველზე 1997 წლის 4 ნოემბერს საქართველოს “ტელეკომმა” შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” საფოსტო ბანკში ჩაურიცხა 300 000 ლარი, რის შემდეგ მ. ბ-ძემ ისარგებლა ზ. ქ-შვილის ასეთი ქმედებით და საქართველოს “ტელეკომიდან” გადარიცხული 300 000 ლარი გაიტაცა. აღნიშნული თანხიდან 1997 წლის 5 ნოემბერს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადაირიცხა 100000 ლარი, ხოლო 200000 ლარი გაიტაცა და პირადი მიზნით გამოიყენა.
1997 წლის 5 ნოემბერს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე არსებული (303607+100000) 403607 ლარის ზედმეტობიდან, საიდანაც 303607 ლარი წარმოადგენს ფიქტიურ მეტობას, დაფარულ იქნა 300000 ლარით თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანების დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, 80000 ლარით სს “ლილოს” დავალიანება, ასევე შპს “იჯი-ეფ-ტი-სის” ბარათიდან ჩამოეწერა სხვადასხვა დავალიანება, მათ შორის: ეკოლოგიის გადასახადი 156 ლარი, სამრეწველო გადასახადი 5572 ლარი და საურავის თანხა 2514 ლარი.
1997 წლის 21 ნოემბრისათვის შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე ზედმეტობა დარჩა 15364 ლარი, რის შემდეგ მას საფინანსო სამეურნეო საქმიანობა არ უწარმოებია.
მიუხედავად იმისა, რომ შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე აღნიშნული პერიოდისათვის ფიქტიურად ირიცხებოდა მხოლოდ 15364 ლარი, ზ. ქ-შვილმა კვლავ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებითა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ. ბ-ძის მიერ გატაცებული იყო 300000 ლარი, თავისი უკანონო მოქმედების გამართლებისა და წინასწარი შეპირების გარეშე, დამნაშავის და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, 1998 წლის 10 აპრილს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე არარსებული 300000 ლარი ყალბი ჩანაწერით გადაიტანა საქართველოს “ტელეკომის” ბარათზე და აღნიშნული თანხა ჩაუთვალა გადახდილად ბიუჯეტში, რითაც დაფარა მ. ბ-ძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონების გატაცების ფაქტი, რისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ათი წლის და მეტი ვადით.
ზ. ქ-შვილმა თავისი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, კვლავ ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობით თანამდებობა გამოიყენა ბოროტად და სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებით ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, კერძოდ, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბუღალტრო რევიზიითა და წინასწარი გამოძიებით დადგინდა მის მიერ “ტელეკომისათვის” უსაფუძვლო, არარსებული 300 ათასი ლარის ჩარიცხვის ფაქტი, იგი შეეცადა გაემართლებინა თავისი ქმედებით ბიუჯეტის მიმართ ფიქტიური შესრულება და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ოფიციალური გაანგარიშების დოკუმენტში 1997 წლის აგვისტოს თვეში შეიტანა ყალბი ჩანაწერები, რითაც თსსგ-ს ბარათიდან თვითნებურად მოხსნა 300 ათასი ლარი და ძველი რიცხვით, 1998 წლის 7 აპრილის თარიღით, გადაიტანა შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრითა და დამატებითი საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. მ-ძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის (მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილს მიმართ) და განჩინების (მ. ბ-ძის მიმართ) გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ ზ. ქ-შვილი დაუსაბუთებლად იქნა გამართლებული, რადგან საქმეში არსებობდა საკმაო მასალები მისი სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში მსჯავრდებისათვის.
პროკურორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ძეს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით შეეფარდა აშკარად ლმობიერი სასჯელი, რადგან მან თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 663309 ლარის ბიუჯეტში გადახდას.
პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს, აგრეთვე, სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 961-ე მუხლით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას. საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოს შეეძლო სრულყოფილი სასამართლო გამოძიების ჩატარებით ამ ეპიზოდებშიც მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე აღარ არსებობს დამატებითი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა და სასამართლოს მხოლოდ უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მასალები.
მსჯავრდებულ მ. ბ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატები ო. გ-ძე და გ. ტ-შვილი საკასაციო საჩივრით და დამატებითი საკასაციო საჩივრით ითხოვენ მ. ბ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, ხოლო საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინების _ უცვლელად დატოვებას, უთითებენ შემდეგ მოტივებზე: სასამართლოს არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება მ. ბ-ძის ბრალის დასამტკიცებლად და არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი მ. ბ-ძის სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის.
საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად დააბრუნა საქმე დამატებით გამოძიებაში, რადგან განჩინებაში მითითებული გარემოებები მოითხოვს შემოწმებას, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას; ამასთან, რეალურად უნდა გამოიკვეთონ დანაშაულის ჩამდენი პირები ორგანიზატორისა და შემსრულებლის სახით, განჩინებაში მითითებულ საკითხთა გარკვევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
გამართლებულ ზ. ქ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ბ-შვილი თავისი შესაგებლით ითხოვს, ზ. ქ-შვილის მიმართ სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვებას, აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება, რადგან საქმის განხილვისას უტყუარად დადგინდა, რომ ზ. ქ-შვილს არ ჩაუდენია მასზე შერაცხული დანაშაული.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მიქაძემ ცვლილებით მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა განაჩენის მსჯავრდებულ მ. ბ-ძის მიმართ უცვლელად დატოვების შესახებ, სასამართლო განჩინებისა და ზ. ქ-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ, აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიას საქმეში არსებული მასალების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შეეძლო მ. ბ-ძის მიმართ სსკ-ით 961-ე მუხლითა და სხვა მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებშიც დაედგინა განაჩენი. ასევე, მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა ზ. ქ-შვილის მიმართ არსებულ მასალებს და დაუსაბუთებლად გაამართლა იგი წარდგენილ ბრალდებაში. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად შესაძლებელი იქნება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულმა მ. ბ-ძემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ო. გ-ძემ და გ. ტ-შვილმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და პალატის წინაშე იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების თაობაზე.
გამართლებულმა ზ. ქ-შვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ-შვილმა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის საჩივრის მოთხოვნას, მათ აღნიშნეს, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად გაამართლა ზ. ქ-შვილი, რადგან მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ყველა მასალა და ამის შესაბამისად მიიღო ზ. ქ-შვილის მიმართ გადაწყვეტილება. მათ იშუამდგომლეს განაჩენის ზ. ქ-შვილის მიმართ უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის მიმართ, ასევე, განჩინება მ. ბ-ძის მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ბ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ თითქოს მ. ბ-ძეს არ ჩაუდენია სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. საჩივარში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, რომ მ. ბ-ძეს არ ჩაუდენია მასზე შერაცხული დანაშაული, მაშინ როდესაც მის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადაუხდელობა დადგენილია საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ ბექაურის დაკითხვის ოქმით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე ექსპერტებმა დეტალურად შეამოწმეს მ. ბ-ძის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების რეალობა და მათ მიერ უტყუარად იქნა დადგენილი, რომ მ. ბ-ძემ, როგორც შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” დირექტორმა, არაერთხელ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახდელების გადახდას.
პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში მსჯავრდებულ მ. ბ-ძის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული და სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა ზ. ქ-შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს და თითქოს დაუსაბუთებლად გაამართლა იგი.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად გაამართლა ზ. ქ-შვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმის სასამართლო განხილვისას არ დადასტურდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო კოლეგიამ ზ. ქ-შვილი გაამართლა შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 1997 წლის ოქტომბრის თვის ბიუჯეტის შევსების მიზნით, აღებული სიტყვიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ზ. ქ-შვილმა 1997 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს “ტელეკომს” გაუგზავნა ¹ 11-01-1\84 წერილი შემდეგი შინაარსით: “საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია გაცნობებთ, რომ 1997 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ბიუჯეტში მეტობით გადახდილი თანხა 301081 ლარის ოდენობით დღგ-ს სახით. მათივე თხოვნით, აღნიშნული თანხა გადატანილია თქვენი აღრიცხვის ბარათზე, როგორც თქვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი”.
საქართველოს “ტელეკომის” ხელმძღვანელობისათვის აღნიშნული წერილი წარმოადგენდა ინფორმაციას, რომ შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” პირადი აღრიცხვის ბარათზე გააჩნდა გარკვეული თანხა და რომ გადამხდელებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ეს თანხა გადატანილი იქნებოდა ბარათიდან ბარათზე. საგადასახდო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, გადამხდელის ბარათზე ზედმეტად რიცხული თანხების სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში ჩათვლა დასაშვებია.
აღნიშნული წერილი საგადასახადო ინსპექტორმა ბ. ო-იამ მიიტანა საფოსტო ბანკში, სადაც ელოდებოდა მ. ბ-ძე. რამდენიმე საათში ბ. ო-ია კვლავ მობრუნდა და გადასცა მ. ბ-ძის თხოვნა, რომ შეეცვალა წერილის შინაარსი მიმართვის მეორე გვერდზე ხელით მიწერილი ტექსტით. ზ. ქ-შვილმა შეცვალა მიმართვის ტექსტი და იგივე რიცხვითა და ნომრით “ტელეკომს” გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: “გთხოვთ, ჩაურიცხოთ შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” 300000 ლარი, აღნიშნულ თანხას ჩაგითვლით გადახდილად ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადახდაში და დაგიჯდებათ სააღრიცხვო ბარათზე, როგორც გადახდილი თანხა”.
1997 წლის 4 ნოემბერს საქართველოს “ტელეკომმა” შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” საქართველოს საფოსტო ბანკში ჩაურიცხა 300000 ლარი, საიდანაც მ. ბ-ძემ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა მხოლოდ 100000 ლარი, დანარჩენი 200000 ლარი კი განკარგა თავისი შეხედულებისამებრ.
სპეციალისტ ნ. ქ-ძის განმარტებით, აღნიშნულ წერილს არავითარი სავალდებულო ძალა არ ჰქონდა შპს საქართველოს “ტელეკომისათვის” და მის ხელმძღვანელობას შეეძლო, თავისი შეხედულებისამებრ გადაეწყვიტა ეს საკითხი. მსგავსი პრაქტიკა მიღებულია ბიუჯეტის შესავსებად, დამატებითი თანხების მიზიდვის მიზნით.
წინასწარი გამოძიების მიერ ბრალდების ამ ეპიზოდებში მხოლოდ ის დადგინდა უტყუარად, რომ წერილი გაიგზავნა ზ. ქ-შვილის მიერ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემადგენლობისათვის საკმარისი არ არის, რადგან არ არსებობს ამ დანაშაულთა შემადგენლობისათვის აუცილებელი არსებითი ზიანის დადგომა და განზრახვა (დანაშაულის შემადგენლობის ცოდნა და სურვილი).
ზ. ქ-შვილმა განმარტა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისათვის 1998 წლის 7 აპრილს ცნობილი გახდა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ თსსგ-ზე ბიუჯეტისადმი რიცხული დავალიანების გაუქმების თაობაზე, რის შედეგადაც თსსგ-ს ბიუჯეტთან მიმართებაში წარმოეშვა ზედმეტობა 900 ათასი ლარით, ვინაიდან შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე არსებული ზედმეტობიდან უპირველესად თანხის გადატანა უნდა მომხდარიყო შპს საქართველოს “ტელეკომის” ბარათზე იმ ანგარიშებით, რომ შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათზე აღდგენილ იქნებოდა თსსგ-ს ბარათზე 1997 წლის 5 ნოემბერს უსაფუძვლოდ გადატანილი 300000 ლარი, 1998 წლის 10 აპრილს შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” ბარათიდან შპს საქართველოს “ტელეკომის” ბარათზე გადატანილ იქნა 300000 ლარი, რითაც გასწორდა შპს “ჯი-ეფ-ტი-სის” დავალიანება საქართველოს “ტელეკომის” მიმართ.
ზ. ქ-შვილის აღნიშნული მოქმედებით რომელიმე იურიდიული პირის უფლებებს ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს რაიმე ზიანი არ მისდგომია და, ამდენად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არა ჰქონია.
საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსი იურისკონსულტის კ. ბურდულის 1998 წლის 31 ივლისის დასკვნიდან ირკვევა, რომ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თსსგ-ს სასარჩელო მოთხოვნა და საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა სადავო თანხის თსსგ-ს მომავალ გადასახადში ჩათვლა, რაც ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეში არის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 15 ივლისის ¹ 177 ბრძანებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისას, რომელიც იწვევს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცვლილებას, საგადასახადო ინსპექციის უფროსის ან მისი მოადგილის მითითებით, ინსპექციის შესაბამისი განყოფილება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელის ბარათზე ახდენს ჩანაწერებს და გამოჰყავს საბოლოო გაანგარიშება. როდესაც ბარათების წარმოება ხდება კომპიუტერის მეშვეობით და ყოველდღიურად ფიქსირდება ანგარშისწორების მდგომარეობა და ხდება საურავების დარიცხვა, მაშინ ბარათზე ჩანაწერი უნდა მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების წარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე, დარიცხვის ოპერაციის გატარების შემდეგ. ერთი გადამხდელის ბარათიდან რიცხული ზედმეტობის გადატანა მეორე ბარათზე იწვევს ბიუჯეტის დანაკარგებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნებას ადგილი არა აქვს. ბიუჯეტის დანაკარგს შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადამხდელისათვის თანხების დაბრუნების შემთხვევაში. ერთი გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობით სხვა გადამხდელების საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა თანხების ბარათიდან ბარათზე გადატანის გზით, არასოდეს იწვევს ბიუჯეტის დანაკარგს.
ფინანსთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილის მ. მ-ის, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დირექტორ ა. ს-ძის, ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის და სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორ ო. მ-ძის და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის დირექტორ შ. კ-შვილის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. ქ-შვილის მოქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი არ მისდგომია და საერთოდ გამორიცხული იყო რაიმე ზიანის დადგომა.
აღნიშნული დასტურდება წინასწარი გამოძიების დავალებით ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ. ბ-ის ჩვენებით, რომ ზ. ქ-შვილის ქმედებით საბოლოოდ ბიუჯეტს თანხები არ დაჰკლებია.
ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიას რომელმაც დაასკვნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზ. ქ-შვილის მოქმედებაში არ არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის არც ობიექტური და არც სუბიექტური შემადგენლობა, კერძოდ: არ არის ზიანი, რაც აუცილებელია ქმედების საზოგადობრივი საშიშროებისათვის და არ არის განზრახვა, რაც აუცილებელია ამ დანაშაულთა სუბიექტური შემადგენლობისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით სამართლიანად გაამართლა ზ. ქ-შვილი და არ არსებობს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმების საფუძველი, რადგან განაჩენი ემყარება საქმეში არსებულ მასალებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმების შესახებ. აღნიშნული განჩინებით მ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 961-ე მუხლითა და სხვა მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში საქმე დამატებით გამოძიებაში იქნა დაბრუნებული.
პალატა აღნიშნავს, რომ განჩინებაში მითითებულ საკითხებს, შემოწმებისათვის აუცილებელია ჩატარდეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შესრულება სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს. ამიტომ უნდა შემოწმდეს დამატებითი გამოძიების დროს და მიეცეს შეფასება. მითუმეტეს, ამ საქმეზე ორჯერ იქნა ჩატარებული სასამართლო გამოძიება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების ეპიზოდებში სასამართლომ მაინც ვერ მიიღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.
პალატა თვლის, რომ გარემოებები დამატებით გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, დეტალურად უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, მიღებული უნდა იქნეს ზომები მითითებულ გარემოებათა სრული, ყოველი მხრივი და ობიექტური გამოკვლევისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მ. ბ-ძისა და სხვათა ბრალეულობის საკითხი.
სარზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორისა და მსჯავრდებულ მ. ბ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განაჩენი მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ამავე სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის განჩინება მ. ბ-ძის მიმართ სსკ-ის 961-ე მუხლით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 214-ე მუხლით გათვალისწინებულ ეპიზოდებში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.