საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 351 6 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწის მ. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ი. მ-იას ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის II ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ი. მ-იას ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
ი. მ-იამ ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არაა სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებში – ორი დაზარალებული პირის მიმართ, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენებით, ჩადენილი, საცავში შეღწევით;
მანვე ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომლითაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას – ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ძალადობის იარაღად სხეულის დასაზიანებლად მომარჯვებული საგნების გამოყენებით.
კერძოდ, 2000 წლის 18 ივნისს, ღამის 3 საათზე, პირთა ჯგუფთან, ორ სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, მთვრალი, ხულიგნური ქვენაგრძნობით, საცხოვრებელ სახლში მიეჭრა ჭიათურის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ბ. ს-ძეს, ბილწსიტყვაობითა და უხამსი გინებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მისი ოჯახის წევრებს, თანამზრახველებთან ერთად წინასწარ მომარჯვებული თოხებითა და ხელკეტებით სცემა ბ. ს-ძესა და მის მამას რ. ს-ძეს, რითაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიაყენა მათ და, რის შემდეგაც იგი მოძალადე თანამზრახველებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მანვე 2000 წლის 12 ოქტომბერს, ღამის 4 საათზე, პირთა ჯგუფთან, გამოძიებით დაუდგენელ ორ თანამონაწილე პირთან წინასწარი შეთანხმებით, საცავში – ჭიათურის სამაუწყებლო კომპანია “იმერვიზიის” ოფისში შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ 8580 აშშ დოლარის ღირებულების უცხოური წარმოების ვიდეოაპარატურას, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
როგორც საბრალდებო დასკვნით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-იამ, თანამონაწილე პირებთან, გ. და ბ. ა-ძეებთან ერთად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული საგნებით – თოხებითა და ხელკეტით სცემა დაზარალებულებს ბ. და რ. ს-ძეებს, რომელთაც მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვით, რაც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშნებად “ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა” და “საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა” ი. მ-იას, როგორც წინასწარი გამოძიების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შერაცხული აქვს დაუსაბუთებლად, მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოების ვარაუდით. საქმეში არსებულ რ. ს-ძისა და ბ. ს-ძის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ქსეროასლებში არაფერია მითითებული არც ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობისა და არც საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხზე. ეს მაშინ, როცა, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 356-358-ე მუხლებისა, ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და პროცესის მწარმოებელი ორგანო არაა უფლებამოსილი, ექსპერტიზის წესით სავალდებულოდ გადასაწყვეტი საკითხები დაადგინოს თავისი შეხედულებით. ამდენად, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ამ მიმართებით არსებითად არასრულია. ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის დასადგენად საჭირო იყო დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ან საექიმო-შრომითი ან საკომისიო ექსპერტიზის ჩატარება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 361-ე, 362-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულ ი. მ-იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილის ეპიზოდში ბრალი შერაცხული აქვს არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური პრინციპით, რასაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს. სახელდობრ, არც წინასწარი გამოძიების, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დადგენილა, რომ ინციდენტის მონაწილე სამივე პირს, როგორც მსჯავრდებულ ი. მ-იას, ისე გ. და ბ. ა-ძეებს გააჩნდათ წინასწარ შეთანხმებული ერთიანი განზრახვა დაზარალებულებისათვის სხეულის, სახელდობრ, მოცემული ხასიათისა და სიმძიმის ხარისხის დაზიანებების მიყენების შესახებ.
წინასწარი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-იამ, თანამზრახველ პირებთან, გ. და ბ. ა-ძეებთან წინასწარი შეთანხმებით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მომარჯვებული საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა ორ პირს, ბ. და რ. ს-ძეებს, რაც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით. საბრალდებო დასკვნით არაა დასაბუთებული ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ერთობლიობის აუცილებელი საჭიროება. აღნიშნულოი ხარვეზი იმითაა გამოწვეული, რომ გამოძიების მიერ არაა დადგენილი ამ ეპიზოდში ი. მ-იას განზრახვის მიმართულება (სუბიექტური მხარე). კერძოდ, მას ამოძრავებდა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის, თუ დაზარალებულთათვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ ი. მ-იას განზრახვას შეადგენდა ხულიგნობის ჩადენა, დაზარალებულთათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოცული იყო ხულიგნობის დანაშაულის დისპოზიციით და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებდა, ხოლო თუ მისი განზრახვა მიმართული იყო ხულიგნური ქვენაგრძნობით დაზარალებულთათვის სხეულის დაზიანების მისაყენებლად, ასეთ შემთხვევაში მას ხულიგნობის კვალიფიკაციით არ უნდა წაყენებოდა ბრალდება. პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო ი. მ-იას ქმედებისათვის მიეცა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია.
საბრალდებო დასკვნითა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-იამ ჩაიდინა კომპანია “იმერვიზიის” კუთვნილი, 8580 აშშ დოლარის ღირებულების, უცხოური წარმოების ვიდეოაპარატურის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” პუნქტებით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით. ოდენობის მიხედვით 8580 აშშ დოლარი მიჩნეულია, როგორც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ბრალდების აღნიშნული ეპიზოდიც არსებითად გამოუძიებელია. კერძოდ, წინასწარი გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულნი იყვნენ, მატერიალური ზიანის ოდენობა დაედგინათ ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნულ ვალუტაშიც. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება ზიანის მიყენების მომენტისათვის აშშ დოლარის კურსის ეროვნულ ვალუტასთან, ლართან შეფარდების შესახებ. ეს მაშინ, როცა საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური კანონის შესაბამისი ნორმები კვალიფიკაციას განსაზღვრავენ ზიანის მოცულობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ 8580 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში ასცილდებოდა ათი ათას ლარს, ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, არამედ ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. მ-იას მდგომარეობა ვეღარ გაუარესდება, რადგან ამ მოტივით ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია, მაგრამ ზიანის ოდენობის დადგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო სარჩელის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად. საჭირო იყო საქმეზე სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც გატაცებული საგნების ტექნიკური პასპორტების ან გვაროვნული საგნების მიხედვით, ცვეთის ხარისხის გათვალისწინებით ზუსტად განსაზღვრავდა გატაცებული ნივთების ღირებულებას, რის მიხედვითაც ი. მ-იას ქმედებას უნდა მისცემოდა შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია.
სისხლის სამართლის საქმე არსებითად წარმოდგენილია ქსეროასლების სახით. ძირითადი დოკუმენტების დედნები, რომლებიც უშუალოდ ი. მ-იას ბრალდებასთანაა ინდივიდუალურ მიმართებაში, საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, კვალიფიკაციის მუხლები, ნაწილები ამოფხეკილია, გადასწორებულია, გადაშლილია. მათი უმეტესობა არ იკითხება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა რა წინასწარი გამოძიების მიერ საქმეზე დაშვებული მრავალრიცხოვანი, უხეში დარღვევები, თავის მხრივაც საქმის სასამართლო განხილვა წარმართა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ი. მ-იას ჩაბარდა საბრალდებო დასკვნის ასლი, სასამართლო სხდომის ოქმში თარიღზე მითითება შეუვსებელია. შესაბამისად სსსსკ-ის 462-ე მუხლისა, საბრალდებო დასკვნის ასლის ჩაბარების საკითხის გარკვევამდე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეგრძო სასამართლო სხდომა.
განაჩენით ი. მ-ია დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” პუნქტებით, რომელთა შესაბამისადაც სასჯელი დანიშნული არა აქვს. ამასთან, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია მუხლის ნაწილისა და პუნქტის ამოფხეკა-გადასწორება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 507-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული წესით დამოწმებული და დადასტურებული არ ყოფილა, რის გამოც არ შეიძლება სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით იმერეთის ოლქის პროკურორის თანაშემწე მ. კ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის გაგზავნას, მიუთითებს, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი გახდეს, რადგან არსებული ხასიათის ხარვეზებისა და შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია საქმის პირველი ინსტანციით განხილვის გზითაც.
წარმოდგენილია, აგრეთვე, ი. მ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჟ. შ-შვილის შესაგებელი და დაზარალებულების – ბ. და რ. ს-ძეების განცხადებები, რომლებსაც კანონიერად მიაჩნიათ სააპელაციო პალატის განჩინება და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ გ. მ-ძის მოსაზრება, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მხარემ. მსჯავრდებული ი. მ-ია როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზეც თავი ცნო დამნაშავედ და ასევე ითხოვა შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამდენად, მას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არც ერთ სტადიაზე სადაოდ არ გაუხდია ჩადენილი დანაშაული. საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რ. ს-ძეს და ბ. ს-ძეს მიღებული აქვთ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც არც ბრალდების მხარეს და არც დაზარალებულებს არ გაუხდიათ სადავოდ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობასა და შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს, ასეთი შეეძლო გაერკვია სასამართლოს, დაეკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ამის მიხედვით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ მოტივით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება არის უსაფუძვლო. რაც შეეხება მ-იას განზრახვის მიმართულების გარკვევას, პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ზემოთ იქნა მითითებული, მას წარდგენილი ბრალდება სადავოდ არ გაუხდია სადაოდ და თუკი სასამართლოს ეს საკითხი აინტერესებდა, შეეძლო, გამოეკვლია და მიეღო გადაწყვეტილება.
ასევე დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძვლად ვერ გახდება ის გარემოება, რომ მ-იას მიერ გატაცებულად მიჩნეული თანხა 8580 აშშ დოლარი არ ყოფილა ეროვნულ ვალუტაში გაანგარიშებული. პალატა აღნიშნავს, რომ ამ თანხის ვიდეოაპარატურის გატაცებას თვით მსჯავრდებული მ-ია აღიარებდა. რაც შეეხება ზემოაღნიშნული თანხის ეროვნულ ვალუტაში გაანგარიშებას, ეს არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და ამის თაობაზე სასამართლოს შეეძლო გამოეთხოვა შესაბამისი ცნობა და მიეღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საქმეში არსებული მასალების ქსეროასლების სახით წარმოდგენას, მხარეების (დაზარალებულები, ბრალდებული, ადვოკატი) ისინი გაცნობილი აქვთ, მაგრამ სადაოდ არ გაუხდიათ. ამასთან, თუკი სასამართლო ვერ ჩასწვდა მათ შინაარსს, შეეძლო გამოეთხოვა დედნები, რომლებიც მოთავსებულია გამოყოფილ საქმეში და გასცნობოდა მათ.
სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში არაა ბრალდებულისათვის საბრალდებო დასკვნის ჩაბარების ხელწერილი. გაურკვეველია, მიიღო თუ არა მან საბრალდებო დასკვნის ასლი, რის გამოც, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითება იმის შესახებაც, რომ სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არის ამოფხეკა-გადასწორება, რაც საეჭვოს ხდის მის რეალობას, რაც ასევე საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოსწორდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის, უნდა შემოწმდეს მ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოტანილ იქნეს არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ივნისის განჩინებაში ი. მ-იას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ნაცვლად ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.
აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა _ დარჩეს უცვლელად.