საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.02.2000
საქმის ნომერი
2კ-17აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქმე ¹ 17აპ 25 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: თ. ყრუაშვილი

მოსამართლეები: მ. გოგელია, რ. შველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ოვის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 იანვრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 სექტემბრის განაჩენი.

პირველი განაჩენით ვ. გ-ოვი, დაბადებული 1965 წელს, ეროვნებით რუსი, რვა კლასის განათლებით, წარსულში ხუთჯერ ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში ... ქუჩაზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და 212-ე მუხლით. ერთობლივად მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

სააპელაციო პალატამ თავისი განაჩენით ვ. გ-ოვი გამართლებულად ცნო სსსკ-ის 21-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით.

სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება კი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რითაც განუსაზღვრა ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ვ. გ-ოვს მსჯავრი დაედო შემდეგი ქმედების ჩადენისათვის: 1997 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 14 საათზე, იგი იმყოფებოდა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "სამგორის" ვესტიბიულში, სადაც მოქალაქე დ. ს-იანს ფარულად გასტაცა ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა ნივთები. ქურდობის შემდეგ იგი გაიქცა, დაზარალებულის ყვირილზე ცდილობდა მიმალვას, მაგრამ დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

სააპელაციო პალატამ ვ. გ-ოვი გაამართლა სსკ-ის 212-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, საფუძვლად მოუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისი განზრახვა მიმართული იყო მოქალაქის პირადი ქონების ფარული დაუფლებისაკენ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა ბავშვის დაბადების მოწმობა, რისი გატაცების მიზანიც ვ. გ-ოვს არ ჰქონია.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. აღნიშნულს ასაბუთებს იმით, რომ არ ჩაუდენია დანაშაული და როგორც რამდენჯერმე ნასა-მართლევ პირს, მის მიმართაც საქმის აღძვრას პირადი ინტერესი ედო საფუძვლად.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის დასკვნა, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, განაჩენის კანონიერება და თვლის, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, ვ. გ-ოვი არ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ სასამართლომ მისი ბრალი დადასტურებულად ჩათვალა, რასაც საფუძვლად დაუდო საქმეში არსებული და სათანადოდ გააანალიზებული მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმეების _ გ. ჩ-შვილისა და გ. მ-შვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი, როგორც მეტროპოლიტენის პოლიციის მუშაკები, შემთხვევის დღეს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 14 საათზე, დაინახეს გვირაბში გარბოდა მამაკაცი შავი ჩანთით ხელში, რომელსაც ქალი მისდევდა ყვირილით. ისინიც გაედევნენ გაქცეულს და ექსკალატორთან დააკავეს. პოლიციის ოთახში წარადგინეს როგორც დაზარალებული ქალბატონი, ისე მამაკაცი. ეს უკანასკნელი აღმოჩნდა ვ. გ-ოვი. ჩანთაში აღმოჩნდა დაზარალებულის მიერ დასახელებული ნივთები.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მას არ დაუნახავს, როგორ მოიპარეს მისი ჩანთა. ამის თაობაზე ვიღაცამ უთხრა და ყვირილით გაეკიდა გამტაცებელს. ვერ ხედავდა მის სახეს, შემდეგ ჩანთა ძირს დაგდებული დაინახა.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მიუთითებს იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება მის დასჯას დაზარალებულის ჩვენება დაედოს საფუძვლად, რადგანაც ის წინააღმდეგობრივია და მას, როგორც უნდათ, ისე ალაპარაკებენ.

საკსაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს. განაჩენის დამდგენმა სასამართლომ დეტალური ანალიზი გაუკეთა დაზარალებულის ჩვენებებს. მათ შორის არსებული წინააღმდეგობების ახსნისათვის კი ყურადღება გაამახვილა დაზარალებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, მასთან, ქ. დმანისში, ჩასული იყო ვ. გ-ოვი, სთხოვდა შეეცვალა ჩვენება, რაც მან კიდეც გააკეთა.

ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოტივი დაზარალებულის ჩვენების არგაზიარების შესახებ.

მოწმე გ. პ-შვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ესწრებოდა ვ. გ-ოვის პირად ჩხრეკას, რა დროსაც მას აღმოაჩნდა მოქ. ს-იანისაგან გატაცებული ნივთები. აღნიშნულზე შედგა ოქმი.

ვერსია, თითქოს ვ. გ-ოვს არ ჩაუდენია დანაშული და საქმე აღძრულია პირადი ინტერესების საფუძველზე, მტკიცებას მოკლებულია.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი პირადი ინტერესი ჰქონდა პოლიციის მუშაკს გ. ჩ-შვილს, რომელთანაც ადრე შეკამათება მოუვიდა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ. ჩ-შვილის მხრიდან მისი პიროვნებისად-მი პირადი დაინტერესების ვერსია ვ. გ-ოვმა სასამართლო სხდომაზე განავითარა. ბრალდებულის სახით დაკითხვისას, მიუხედავად იმისა, რომ არ ცნობდა თავს დამნაშავედ, ამის შესახებ არ განუცხადებია. უფრო მეტიც, გ. ჩ-შვილთან დაპი-რისპირებისას თავიდანვე განმარტა, რომ გ. ჩ-შვილს არ იცნობდა და რაიმე ინტერესი არ გააჩნდა (ს. კ. 156-157).

მასთან ნაცნობობა და პირადი ინტერესი უარყო თვით გ. ჩ-შვილმა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი ჩვენება მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ. გ-ოვი მიიმალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. იგი დაკავებულ იქნა 1999 წლის 10 თებერვალს.

სასამართლოს ობიექტურობაზე ისიც მიანიშებს, რომ, ცვლილება შეიტანა რაიონული სასამართლოს განაჩენში და ვ. გ-ოვის ქმედება ქონების აშკარა გატა-ცების ბრალდებიდან სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რაც საკასაციო პალატას სწორად მიაჩნია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი ვ. გ-ოვის მიმართ კანონიერია.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპე-ლაციო პალატის 2000 წლის 29 იანვრის განაჩენი ვ. გ-ოვის მიმართ დარჩეს უცვლელი.

მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე თბილისის საგამოძიებო იზოლატორის უფროსის წარდგინებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის კრწანის-მთაწმინდის რაიონის მოსამართლის 1999 წლის 20 დეკემბრის დადგენილების გაუქმება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი მიღებული იქნა საქართველოს სსკ 54-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის სავალდებულო მოთხოვნათა იგნორირებით