დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.02.2000
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7აპ 16 თებერვალი, 2000 წელი, თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები რ. შველიძე, მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ო-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მ. ო-შვილის მიმართ.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს განაჩენით მ. ო-შვილი, ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლშვი-ლიანი, დროებით უმუშევარი, სამართალში არ ყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 241-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვ-რა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით; მასვე სამი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. საქართველოს სსკ 46-ე მუხლის თანახმად ო-შვილს სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა ხუთი წელი.

განაჩენით ო-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი. კერძოდ,1999 წლის 2 თებერვალს ო-შვილი მართავდა თენგიზ კ-ძის კუთვნილ ა\მანქანა გაზ 24101, სახელმწიფო ნომრით … და მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 17 საათზე მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახთან ო-შვილმა დაარღვია მოძრაობის წესების მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტის და მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები: ა\მანქანას მართავდა გადაჭარბებული, 120 კმ\სთ სიჩქარით; მისი ა\მანქანის უკანა ღერძის თვლები დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა მო-დელისა და ზომის საბურავებით _ პროტექტორის ნახატის სიმაღლე ცვეთის შემდეგ 1,6 მმ-ზე ნაკლები იყო, რაც ეწინააღმდეგება მოძრაობის წესებს ძირითადი დებულების დანართის 51-ე და 53-ე პუნქტის მოთხოვნებს. ამის გამო მ. ო-შვილ-მა ვერ უზრუნველყო ა\მანქანის სწორი მართვა, მოცურებით გადავიდა თავისი გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც ა\მანქანაში მყოფი მგზავრი გ. ყ-შვილი თავის ქალის ფუძის მოტეხილობით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, თვითონ ო-შვილმა კი მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ო-შვილის მიმართ; არ იქნა გამოყენებული სსკ 46-ე მუხლი; სასჯელის ზომად მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვა სატრანპორტო საშუალებათა მართვის უფლება 5 წლის ვადით.

საკასაციო საჩივარში ადვოკატი ხ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებისათვის მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:

ო-შვილის მიმართ საქართველოს სსკ 46-ე მუხლის გამოყენება რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა საქმეში არსებული შემდეგი შემამსუბუქებელი გარემოებებით:

ო-შვილი სამართალში პირველადაა. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირე-წლოვანი შვილი. ა\ავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი მეგობარი გ. ყ-შვილი; გარდაცვლილის ოჯახის მიმართ მსჯავრდებული სათანადო ყურადღებას იჩენს და დაზარალებულიც არ მოითხოვს მის მკაცრად დასჯას. ა\ავარიის შედეგად მძიმედ დაზიანდა თვითონ ო-შვილიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ო-შვილის მიმართ აშკარად მკაცრია.

პალატამ გამოიკვლია საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა ადვოკატებს ხ-ს და გ-ეს, მსჯავრდებულ ო-შვილს, რომლე-ბიც მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ლ. ყ-ს, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას, და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ო-შვილის მიმართ საქართველოს სსკ 46-ე მუხლის გამოყენება სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონილად მიიჩნია საქმეში არსებული იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც, პალატის აზრით, გარკვეულ წილად გავლენას ახდენენ მსჯავრდებულ ო-შვილის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. სახელდობრ, თავის ახსნა-განმარტებაში ო-შვილი აღნიშნავდა, რომ ა\საგზაო შემთხვევის დროს ა\მანქანის საჭესთან იჯდა გ. ყ-შვილი. გამოძიების პროცესში მხოლოდ მი-სი მამხილებული მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ აღიარა ო-შვილმა, რომ ა\მანქანის საჭესთან თვითონ იჯდა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

მკურნალობის შემდეგ ო-შვილი მიიმალა და გამოძიების ორგანოში ბრალის აღიარებით გამოცხადდა მის მიმართ ძებნის გამოცხადებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ო-შვილი შემთხვევის მომენტში მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ტექნიკურად გაუმართავი ა\მანქანით, რასაც შედეგად მოჰყვა ა\ავარია და მძიმე შედეგი _ გ. ყ-შვილის სიკვდილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განუსაზღვრა ო-შვილს სასჯელის მოხდა თავისუფლების აღკვეთის სახით, მით უფრო, რომ ო-შვილის პასუხისმგებლობის ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებსაც უთითებს ადვოკატი საკასაციო საჩივარში, სააპელაციო პალატამ უკვე გაითვალისწინა ო-შვილის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს _ დაუნიშნა მას საქართველოს სსკ 241-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი _ 3 წლით თ\აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის განაჩენი მ. ო-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ადვოკატ ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.