საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.06.2000
საქმის ნომერი
2კ-20დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 20დად 28 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი

მოსამართლეები: მ. გოგელია, რ. შველიძე

განიხილა დაზარალებულ გ. ტ-ძის ინტერესების დამცველის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის სასამართლოს 2000 წლის 6 ივნისის და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის პროკურორის თანაშემწის 2000 წლის 24 აპრილის დადგენილებების გაუქმების თაობაზე.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2000 წლის 17 იანვარს ქ. რუსთავის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. რუსთავის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 1999 წლის 8 აგვისტოს ბ. ტ-ძე, რომელიც მუშაობდა ქ. რუსთავის შს სამმართველოს საპატრულო საგუშაგო ასეულის პოლიციელად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ე. წ. ქარხნის საგუშაგოზე. დაახლოებით 23 საათზე საგუშაგოსთან დიდი სისწრაფით გაიარა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა შპს „ორიონის“ საწყობის გამგე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ. ტ-ძე, რომელიც პოლიციელთა მოთხოვნაზე არ შეჩერდა. იმის გამო, რომ მან შემდგომი გადაადგილებით საფრთხე შეუქმნა მოძრაობას, მას დაედევნენ საგზაო პოლიციის თანამშრომლები - ბ. ტ-ძე და ავტოინსპექტორი გ. ნ-ძე, ამ უკანასკნელის კუთვნილი „მერსედესით“, ხოლო ოპერატიული მანქანით - გ. მ-შვილი და ო. გ- შვილი. გ. ტ-ძემ, რომელმაც შეატყო, რომ პოლიციელებს ვერ გაექცეოდა, მანქანა შემოაბრუნა და გზა საპირისპირო მიმართულებით გააგრძე-ლა, რა დროსაც დაეჯახა ოპერატიულ მანქანას. გაქცეულს დაედევნენ ბ. ტ-ძე და გ. ნ-ძე, დანარჩენი ორი კი დაზიანებულ მანქანასთან დარჩა. შპს-ს ტერიტორიაზე გ. ტ-ძეს წამოეწივნენ და შეეცადნენ მის დაკავებას. გ. ნ-ძემ ამოიღო მანქანიდან გასაღები, ბ. ტ-ძე კი შეეცადა მის გადმოყვანას. ამ ჭიდილში ბ. ტ-ძეს შემოეხია ჯიბე, აეგლიჯა სამხრეები, რის შემდეგაც მან ორჯერ ჩაარტყა მუშტი გ. ტ-ძეს გულ-მკერდის არეში, ძალით გადმოიყვანა მანქანიდან და თანნაქონი კვერთხი ჩაარტყა თავში, რითაც მას ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.

2000 წლის 24 აპრილს გამოტანილი იქნა ო. გ-შვილისა და გ. ნ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და 2000 წლის 25 აპრილს ბ. ტ-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებები.

ქ. რუსთავის სასამართლომ 2000 წლის 3 მაისს დაზარალებულ გ. ტ-ძის საჩივარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მან დაარღვია სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა პროკურორისათვის მიმართვის გარეშე სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვის შესახებ.

აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა საჩივრით მიმართა ქ. რუსთავის პროკურორს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენისა და მისი განხილვის მოთხოვნით, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე საბრალდებო დასკვნით უკვე ქ. რუსთავის სასამართლოში იყო წარმართული, საჩივარიც სასამართლოს გადაეცა.

მოსამართლემ 2000 წლის 6 ივნისს განიხილა დაზარალებულის საჩივარი, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა შემდეგი:

1.საპატიოდ ჩაითვალოს გაშვებული საპროცესო ვადა და იგი აღდგენილ იქნეს;

2.ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწის 2000 წლის 19 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ცნობილ იქნეს იურიდიული ძალის არმქონედ;

3.სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის არსებითად განხილვის დროს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველი მოითხოვენ მოსამართლის დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2000 წლის 24 აპრილის (და არა 19 აპრილის) დადგენილების გაუქმებას.

პალატამ მოისმინა კასატორის (დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველი), ბრალდებულ ბ. ტ-ძის განმარტება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც საჩივარს მხარი დაუჭირა, შეამოწმა აღნიშნულ დოკუმენტთა კანონიერება და თვლის, რომ ისინი გაუქმებულ უნდა იქნენ შემდეგ გარემოებათა გამო:

თანახმად სსსკ-ის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა, სასამართლოში

შეიძლება გასაჩივრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (269-ე მუხლი).

ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში სსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, რა დროსაც მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: გასაჩივრებული დადგენილების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

ქ. რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ, რომელმაც დაზარალებულს აღუდგინა გაშვებული საპროცესო ვადა, დაარღვია სსსკ-ის 242-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ე. ი. - არავითარი შუალედური გადაწყვეტილება. მან იურიდიული ძალის არ მქონედ ცნო არაღძვრის დადგენილება და ამასთან, მისი გაუქმების საკითხი საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე გადაიტანა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დადგენილება, უკანონოა, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, მოსამართლემ თან იურიდიული ძალის არმქონედ ცნო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება (თანაც არა ის, რაზეც დაობს დაზარალებული), ე. ი. იგი ფაქტობრივად გააუქმა და თან მისი შემდგომი ბედის გადაწყვეტა შემდეგ სტადიაზე გადაიტანა. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის 24 აპრილის დადგენილება დაუსაბუთებელია: მასში სრულყოფილად არაა გადმოცემული და შეფასებული დაზარალებულის ჩვენების დეტალები და მისი უარყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული გარემოება საჭიროებს ამ ნაწილში წინასწარი გამოძიების განახლებას იმის გამოც, რომ როგორც ბ. ტ-ძე სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, ყველგან, სადაც კი მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა დაზარალებულ ტ- ძესთან, მასთან ერთად იყვნენ ნ-ძე და გ-შვილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 242-ე, 243-ე, 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ გ. ტ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. რუსთავის სასამართლოს (მოსამართლე ბახტაძე) 2000 წლის 6 ივნისის დადგენილება მის საჩივართან დაკავშირებით.

გაუქმდეს ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწის 2000 წლის 24 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ (ნ. ნ-ძისა და ო. გ-შვილის მიმართ) და ამ ნაწილში საქმეზე წინასწარი გამოძიება განახლდეს.