შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹28აპ-12 ქ. თბილისი
14 მარტი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს განაჩენით რ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 დეკემბრიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
რ. ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,7464 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; რ. ი-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,8782 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; რ. ი-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ რ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
რ. ი-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა მოწითალო-მოთეთრო, პოლიეთილენის პატარა ნაჭერში ორ წონაკად დაფასოებული და შავი იზოლირებული ლენტით შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, თავისი საწოლის ლეიბის ქვეშ, ხოლო ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული ნივითერება ,,ჰეროინი” შეინახა თავისი შავი სპორტული შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში.
2010 წლის 25 ნოემბერს რ. ი-მ ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 250 ლარად გაასაღა ქ. ..., ... ქ. ¹18-ში მცხოვრებ ა. მ-ე.
2010 წლის 29 დეკემბერს, 18.30 საათზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რ. ი-ი ბრალდებულად იქნა დაკავებული თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. მას დაკავებისთანავე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც რ. ი-საგან ამოღებულ იქნა ერთ წონაკად დაფასოებული და შავი იზოლირებული ლენტით შეფუთული ნივთიერება _ ფხვნილისა და გრანულების სახით. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ქ. ..., ... ქ. ¹...-ში მდებარე რ. ი-ს საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც რ. ი-ს საწოლის ლეიბის ქვეშ სამართალდამცავებმა ნახეს და ამოიღეს ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება _ ფხვნილისა და გრანულების სახით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის დადგენილებით რ. ი-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის მიუხედავად, რ. ი-მ 2010 წლის დეკემბერში, ძიებით დაუდგენელ რიცხვში, ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით მოიხმარა ,,ოპიუმის” ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების _ ი. ქ-ს, ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, ა. ჭ-ს, ი. ხ-ს, გ. მ-ს, ე. ფ-ს, თ. მ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2010 წლის 30 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის ¹1626 დასკვნით, 2010 წლის 29 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით, სატელეფონო საუბრების დეტალური ინფორმაციებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა რ. ი-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა (2010 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება ამ ნაწილში განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ი-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს ა. მ-ზე 2010 წლის 25 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, კერძოდ: საქმეში ა. მ-ს ჩვენების გარდა, არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს რ. ი-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. კანონის მითითებულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, ა. მ-ს ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად მსჯავრდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ი-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს 2010 წლის 25 ნოემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ეპიზოდი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2010 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. ი-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხოს 2010 წლის 25 ნოემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ეპიზოდი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნული სასჯელი _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (2010 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 29 დეკემბრიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
რ. ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,7464 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; რ. ი-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,8782 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; რ. ი-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.